მთავარი,სიახლეები

მცირე დაშორებები სახლებს შორის და სხვა საკითხები – რეკომენდაციები ბათუმში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე

29.06.2017 • 2519
მცირე დაშორებები სახლებს შორის და სხვა საკითხები – რეკომენდაციები ბათუმში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე

დღეს, 29 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რეკომენდაციები USAID-ის სპეციალისტმა, არქიტექტორმა მანუჩარ მახათაძემ წარადგინა.

ბათუმს ქალაქმშენებლობის განვითარების გენერალური გეგმა ჯერ კიდევ არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებია ქალაქის განაშენიანება წინასწარ განსაზღვრულ რეგულაციებს ნაწილობრივ ან სულ არ ექვემდებარება.

  • მიწათსარგებლობის გეგმა განსაზღვრავს ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი ზონირების სახეობებს და ადგენს ამ ზონების საზღვრებს ფუნქციური დანიშნულების, ტერიტორიულ-სტრუქტურული მახასიათებლების, გეგმარებითი შეზღუდვების და ქალაქმშენებლობითი ღირებულებების მიხედვით.

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური უფროსის, ირაკლი ახალაძის განმარტებით, განიხილება წინასაპროექტო კვლევა, რომლის საფუძველზეც შემუშავდება ტექნიკური დავალება ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსის გამოსაცხადებლად:

„სპეციალიზებულმა ჯგუფმა, არქიტექტორ მანუჩარ მახათაძის ხელმძღვანელობით, დაიწყო ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის წინასაპროექტო კვლევასა და გეგმარების დამუშავებაზე მუშაობა. მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და მოსაზრები უკვე განხილვის სტადიაშია. შესაბამისად მერიაში შემოსულია არაერთი წინადადება და რეკომენდაცია ტექნიკური დავალების სხვადასხვა ასპექტებთან და პარამეტრებთან დაკავშირებით. დღეს არის განხილვის საჯარო შემაჯამებელი დღე. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება საბოლოო ოქმის მომზადება, რომელიც, თუ ბათუმის მერი მოიწონებს, გადაიგზავნება საკრებულოში დასამტკიცებლად. ეს იქნება დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება კონკურსი უკვე სრულ მიწათსარგებლობის გენერალურ  გეგმაზე,” – ამბობს ირაკლი ახალაძე.

შეხვედრაზე მანუჩარ მახათაძემ თქვა, რომ ქალაქს გააჩნია დიდი რესურსი ასათვისებლად, რაც, ცხადია, წინასწარი დაგეგმარებთ უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ბათუმში მშენებლობის ხარისხი დაბალია, გარდა უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისა, მშენებლობებზე არ არის დაცული სხვა ნორმებიც, რის გამოც ახალაშენებული სახლების კედლები 2-3 წელიწადში ნესტის გამო „იწყებენ ტირილს“ ანუ სხველდებიან.

მანუჩარ მახათაძეს შენიშვნები ჰქონდა ბათუმში მშენებარე შენობებს შორის მინიმალურ დაშორებებთან დაკავშირებითაც: „ჯგუფმა, რომელიც გაიმარჯვებს, დაცილებებთან დაკავშირებით, რეგლამენტში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა შეიტანოს,” – თქვა მან.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს მახათაძემ ისაუბრა, ბარაკის ტიპის სახლების აღებისას სამშენებლო კომპანებისთვის მინიჭებული პრივილეგიების ვალიდურობაა. „პრივილეგიები ენიჭებათ იმის მხრივ, რომ თავისუფლდებიან K2 გადასახადიდან, ამ ადგილზე მშენებარე კორპუსის სართულიანობას კი აღარავინ უყურებს. არავის დაუთვლია რა მივიღეთ ამის შედეგად, რამდენად მოიტანა სიკეთე ამან ქალაქისთვის. ამიტომ ეს საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში, რამდენად უნდა გაგრძელდეს ეს პროგრამა,” – ამბობს ის.

 

 

რაც შეეხება პარკირების ადგილებს ქალაქში, მანუჩარ მახათაძის რეკომენდაციით, საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში, სადაც სამშენებლო კომპანია მოითხოვს მშენებლობის ნებართვას, ჯამური K2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობიდან, სავალდებულო უნდა იყოს ერთი ავტოსადგომისთვის 120 კვ/მ ფართობის განსაზღვრა. „მიწის ქვეშ იქნება ავტოსადგომი თუ სართულებზე განთავსებული, სულერთია. თუმცა ამავდროულად აუცილებელია დაცული იყოს ჯანსაღი K3 კოეფიციენტი,” – თქვა მან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებას დაახლოებით 8-12 თვე დასჭირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: