მთავარი,სიახლეები

საქმე, სადაც მტკიცებულებაზე ფიქსირდება არა ბრალდებულის, არამედ პოლიციის აგენტის ანაბეჭდები 

28.06.2017 • 2740
საქმე, სადაც მტკიცებულებაზე ფიქსირდება არა ბრალდებულის, არამედ პოლიციის აგენტის ანაბეჭდები 

იაგო ცივაძის საქმეს 2015 წლიდან განიხილავს სასამართლო. მას გამოძიება იარაღის უკანონო ტარებას ედავება. დღეს, 28 ივნისს, იაგო ცივაძე განაჩენს ელოდა მოსამართლე ირაკლი შავაძისგან, თუმცა სასამართლო დარბაზში მყოფმა პროკურორ ლევან მურვანიძისგან მოისმინა, რომ ის დასკვნითი სიტყვისთვის მზად არ არის და არც მომდევნო თვემდე ეცლება. მომდევნო თვეში, ანუ პირველი ივლისიდან, მოსამართლე ირაკლი შავაძე სისხლის სამართლის საქმეებს აღარ განიხილავს. თუკი საქმე სხვა მოსამართლემ გადაიბარა, გამოძიების დაწყებიდან მესამე წლის ბოლოს საქმის განხილვა სასამართლოში ხელახლა დაიწყება.

იაგო ცივაძე ტაქსის მძღოლად მუშაობდა, როცა მისი ავტომანქანის სავარძლის ქვეშ პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. იარაღზე ამოსული დნმ-ის კვალი იაგოს თითის ანაბეჭს არ დაემთხვა. სამაგიეროდ, იარაღის შეფუთვაზე დაფიქსირებული თითის ანაბეჭდი პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის ანაბეჭდს დაემთხვა, ვინც ამ საქმეში გაიშიფრა. გაშიფრულმა თანამშრომელმა სასამართლოს უთხრა, რომ ის შემთხვევით აღმოჩნდა იაგოს ავტომანქანში და იარაღი თავად ბრალდებულმა აჩვენა. კონფიდენტის მტკიცებით, იარაღის შეფუთვასაც სწორედ ამ მომენტში შეეხო.

იაგო ცივაძის საქმეს თავდაპირველად მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა. საქმე დასკვნით ეტაპზე იყო, როცა კიკილაშვილი ხელვაჩაურის სასამართლოში გადაიყვანეს და საქმის განხილვა ხელახლა მოსამართლე ირაკლი შავაძემ დაიწყო გასული წლის ბოლოს. დღეს მოსამართლეს მხარეების დასკვნითი სიტყვები უნდა მოესმინა, ასევე უშუალოდ ბრალდებულის ჩვენება. იაგო ცივაძის გამოკითხვას რამდენიმე წუთი დასჭირდა, რომლის შემდეგაც პროკურორმა ლევან მურვანიძემ მოსამართლეს უთხრა:

„მე ახლახან მოვისმინე ბრალდებულის ჩვენება. უნდა მოვემზადო დასკვნითი სიტყვისთვის“.

„მაშინ ხვალ დავასრულოთ,“ – თქვა მოსამართლემ.

„არც ხვალ და არც ამ დღეებში არ მცალია,“ – დააზუსტა პროკურორმა, რასაც ჯერ ადვოკატების პროტესტი მოჰყვა, შემდეგ – მოსამართლისაც:

„რას ნიშნავს არ გეცლებათ? არ შეიძლება იმის თქმა, რომ პროკურატურა დასკვნითი სიტყვისთვის მზად არ არის“, – აღნიშნა მოსამართლე ირაკლი შავაძემ.

„რამდენიმე დღის წინ შემხვდა პროკურორი ლევან მურვანიძე და მითხრა, ამ საქმეზე გადაწყვეტილებას ირაკლი შავაძე ვერ მიიღებსო,“ – განაცხადა სასამართლო დარბაზში ადვოკატმა პაატა შავაძემ. ადვოკატის ნათქვამი პროკურორმა უარყო.

„30 ივნისს დავასრულებთ ამ საქმეს. პროკურატურამ უნდა მოახერხოს დასკვნითი სიტყვის წარმოდგენა. შესაძლებელია, სხვა პროკურორი მოვიდეს“, – თქვა მოსამართლემ და დარბაზიდან გავიდა.

„ეს არის იურიდიული ჩიხი. თუკი პროკურატურა დასკვნით სიტყვას არ წარმოადგენს, საქმის განხილვა ვერ დასრულდება. ეს სპეციალურად გააკეთეს, რადგან არსებობდა საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იაგო ცივაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, პაატა ბოლქვაძემ.

ადვოკატებს არ აქვთ მოლოდინი, რომ 30 ივნისს დასკვნით სიტყვას წარმოადგენს პროკურატურა. 30 ივნისის შემდეგ კი, საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე ვეღარ განიხილავს.

IMG_20170628_182657

ბრალდებული იაგო ცივაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: