მთავარი,სიახლეები

400-ლარიანი გადასახადი უკანონო მშენებლობისთვის

28.06.2017 • 2645
400-ლარიანი გადასახადი უკანონო მშენებლობისთვის

მერიის არქიტექტურის სამსახურმა დღეს, 28 ივნისს, ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარუდგინა. ამ დადგენილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც სანებართვო პირობების დარღვევით ააშენეს და დაჯარიმდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1-ელ ივნისამდე, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან. მოსაკრებელი 1 კვ/მეტრზე 400 ლარია. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა მხოლოდ 2018 წლის 1-ელ იანვრამდეა ძალაში.

საკრებულოს წევრის, კობა ჩხეიძის განცხადებით, მერია ამ დადგენილებით უკანონოდ დაშენებულის ლეგალიზებას ახდენს და ურთიერთგამომრიცხავ მიდგომებს ამჟღავნებს ბათუმში მშენებლობის მიმართ, „რის გამოც დიდ აბსურდს და უსამართლობას ვიღებთ“, – ამბობს ის.

მისი თქმით, მშენებელმა, რომელმაც უკანონოდ დააშენა შენობა-ნაგებობას სართული, შეუძლია ჯარიმის და მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, ამ დადგენილებით მერიისგან სახლის ჩაბარების უფლება მიიღოს.

„იმ პირებს, რომლებმაც თვითნებურად გაზარდეს  k2 კოეფიციენტი და უკანონოდ დააშენეს სახლს სართულები, მერია  სთავაზობს გამოსავალს, რომ მოიტანონ მთავრობიდან ახალი შუამდგომლობა და ამის შემდეგ დაიწყება პროცედურები – მშენებელი უკანონოდ აშენებულ ყოველ კვ/მეტრზე გადაიხდის 400 ლარს და ჯარიმას, მერია კი ჩაიბარებს სახლს. ეს არის ექვსთვიანი პროცედურა და ეხება მხოლოდ პირველ ივლისამდე დაჯარიმებულ პირებს. მაგრამ თუ მე არ ვარ დაჯარიმებული, თუმცა ანალოგიურად უკანონოდ მაქვს მშენებლობა წარმოებული, ვრჩები განსხვავებულ მდგომარეობაში“, – ამბობს ის.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, საკრებულო ისეთ სიტუაციაში არ უნდა ჩადგეს, რომ  ბიზნესმენების უკანონო ქმედებები კანონის ჩარჩოში მოაქციოს.

„არსებობს კანონმდებლობა და ყველა ბიზნესმენი ამ კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს, მაგრამ პრობლემა თვითონ კანონმდებლობაშია, რომელიც ძალიან დაბალ საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს. კანონი, რომელიც უკანონო მშენებლობაზე მშენებლის დაჯარიმებას, შემდეგ კი აშენებულის დემონტაჟს ითვალისწინებს, უმოქმედოა, რადგან აღმასრულებელი ამას ვერ აკეთებს. კანონი არ მუშაობს და ამაზე პარლამენტმა უნდა იმუშაოს“, – ამბობს ის.

ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, საკრებულომ ერთი წლის წინ მიიღო დადგენილება, რომ  k2 კოეფიციენტის საკითხი არის მუნიციპალიტეტის მოსაგვარებელი და მთავრობის თავმჯდომარეს თუ ეკონომიკის მინისტრს აღარ უნდა ჰქონდეს უფლება, თვითმმართველობის საკითხებში ჩაერიოს.

„ჩვენ უნდა მივიღოთ მერიიდან ამაზე პასუხი, რის საფუძველზე არ განიხილა ერთი წლის განმავლობაში ეს საკითხი. თუ უარს გვეუბნება, დასაბუთებულად უნდა გვითხრას უარი და თუ გვეთანხმება, ოფიციალურად უნდა დაგვეთანხმოს. ერთ წელზე მეტი გავიდა და საკრებულოს მიერ ერთხმად მიღებული დადგენილება ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდა“.

თუ რამდენი პირია 2017 წლის 1-ელ  ივნისამდე ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმებული და რამდენ პირს შეეხება აღნიშნული დადგენილება, საკრებულოს სხდომაზე არ უთქვამთ. „როგორც გვითხრეს, არსებობს კონკრეტული ნუსხა, რომელიც კიდევ უფრო გაზრდილა მარტის თვის შემდეგ“, – ამბობს კობა ჩხეიძე.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ 2017 წლის იანვრიდან 1-ელ ივნისამდე უკანონო მშენებლობისთვის 29 პირია დაჯარიმებული, 25 პირზე კი საქმის წარმოება მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: