მთავარი,სიახლეები

მოსამართლემ ტრანსგენდერი ქალი პოლიციაზე წინააღმდეგობისთვის დააჯარიმა

28.06.2017 • 3048
მოსამართლემ ტრანსგენდერი ქალი პოლიციაზე წინააღმდეგობისთვის დააჯარიმა

“როგორც თქვენ არ მოგეწონათ, როცა შეურაცხყოფა მოგაყენეს, ისე მე არ მომეწონა, როცა პოლიციელებს გვაგინე,” – მიმართა ტრანსგენდერ ქალს, გაბრიელას (პასპორტის მიხედვით ზურაბ ბუზარიაშვილს) პოლიციელმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს მოაწერა ხელი და ტრანსგენდერი ქალი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შემთხვევა 23 ივნისის ღამეს დაფიქსირდა. პოლიციას გაბრიელამ შეატყობინა, რომ მას ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სკვერში 5 მამაკაცი სიტყვიერად შეურაცხყოფდა და ერთ-ერთი მათგანი დანით აჩეხვით ემუქრებოდა. პოლიციელებმა გაბრიელა მე-3 განყოფილებაში გამოსაკითხად წაიყვანეს – ის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააკავეს.

“პოლიცია მოვიდა, მაგრამ არაფერი არ გააკეთა, – დაიწყო ამბის მოყოლა ტრანსგენდერმა ქალმა, – მითხრეს, რომ განყოფილებაში უნდა წავყოლოდი და საჩივარი დამეწერა… წავედით. განყოფილებაში სხვა პოლიციელებს ეძინათ. მერე გააღვიძეს გამომძიებელი. მოვიდა და მითხრა, უნდა დაგაკავოო. გავაპროტესტე, კიდე მე მაკავებთ-მეთქი? მერე მითხრა, გაგეკაიფეო. დაცინვა დამიწყო, მერე სხვებიც აყვნენ. მობილურის ვიდეოს გადაღება დავიწყე… როცა მიხვდნენ, რომ ვიღებდი, გინება დამიწყეს. ერთ-ერთი პოლიციელი ხელითაც შემეხო… მობილურში ყველაფერი წამიშალეს. დამაკავეს”.

“თქვენ არ გვაძლევთ საშუალებას, დავიცვათ თქვენი უფლება. იმ 5 კაცისგან შეურაცხყოფის მიყენების საკითხი ცალკე ამბავია და ამაზე ცალკე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, ბატონო მოსამართლევ,” – მიმართა მოსამართლეს ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომელმა, გია ბერიძემ.

პოლიციელის განმარტებით, შეტყობინება გაბრიელასგან ნამდვილად დაფიქსირდა პოლიციაში, მაგრამ საჩივრის დასაწერად მისულმა ქალმა პოლიციელები სიტყვიერად შეურაცხყო.

იგივე უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა კიდევ ერთმა პოლიციელმა, ზაურ კეკელიძემ.

“ასე გამოდის, თვითონ დარეკა, დახმარება ითხოვა, მოვიდა და გაგინათ?” – დააზუსტა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ.

“ისეთი ნასვამი იყო, არც იცოდა რა უნდოდა. გვაგინა ისე, რომ დაგვახურა ყველაფერი. ირგვლივ კორპუსია, შეწუხდა ხალხი,” – დასძინა პოლიციელმა ზაურ კეკელიძემ.

მოსამართლეს გაბრიელას ინტერესების დამცველმა, ციალა რატიანმა მიანიშნა, რომ საქმეში ალკოტესტის შედეგი წარმოდგენილი არ არის.

“ალკოტესტი კი არა, 2 წლის ბავშვიც მიხვდებოდა, რომ ნასვამი იყავი… ამ ადამიანმა, არ ვიცი როგორ მოვიხსენიო, მოგვაყენა შეურაცხყოფა ყველას,” – თქვა ზაურ კეკელიძემ.

“მე მინდა, რომ პოლიციელს მოგვეპყრონ ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიან…”- მიმართა ტრანსგენდერ ქალს პოლიციელმა გია ბერიძემ.

“აღმზრდელობით გაკვეთილზე არ ვიმყოფებით, მგონი,” – შეაწყვეტინა პოლიციელს მოსამართლემ.

მოწმე გაბრიელამაც წარმოადგინა. ვალენტინამ ამბის მოყოლა ასე დაიწყო:

“დამირეკეს, გაბრიელა დაუკავებიათი და გამოვედი სახლიდან…”

“გაბრიელა ვინ არის?” – იკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ. მანამდე იგი ტრანსგენდერ ქალს მუდმივად ასე მიმართავდა: “ბატონო ზურაბ”.

ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მან ტრანსგენდერი ქალი 250 ლარით დააჯარიმა.

IMG_20170628_162628

 

 

IMG_20170628_163234

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: