ბათუმის ესტაკადის პროექტის კორექტირებაზე სამხარაულის ბიურო იმუშავებს

სამხარაულის ბიურო მის მიერ დაწუნებულ ბათუმის ესტაკადის პროექტს თავად დააკორექტირებს. რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება. სამინისტროს ინფორმაციით ამ თანხაში შედის პროეტის ექსპერტიზის დაფინანსებაც.

საავტომობილო ესტაკადის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა. უშუალო შემსრულებელი კი შპს „საქ გზა მეცნიერებაა“.

პროექტი სამინისტრომ გადამოწმების მიზნით სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადააგზავნა, ექსპერტიზის გავლის შემდეგ ბიურომ ის დაიწუნა: „არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს“

ესტაკადის მშენებლობისთვის 2017 წლის ბიუჯეტში შვიდი მილიონი ლარი გაითვალისწინეს, მთლიანობაში კი პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია.

პროექტი ბათუმის პორტთან არსებულ გზაზე, სადაც მატარებლის გადაადგილება და ხშირად ავტომობილების მოძრაობას აფერხებს, გადასასვლელი ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს, რის შედეგადაც მოძრაობა უნდა განიტვირთოს.

რაც შეეხება სატრანსპორტო ესტაკადის პროექტის ფარგლებში ბათუმის პორტთან დაგეგმილი ხიდის გვერდით თავისუფალი ადგილის ათვისების საკითხს, რაზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საუბრობდა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ პროექტში ძირითად და დამხმარე გზას შორის არის თავისუფალი სივრცე, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი