მთავარი,სიახლეები

სახლი ბორბლებზე

02.07.2017 • 3768
სახლი ბორბლებზე

ავტორი: ნათია ზოიძე 
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

17 მარტის დილას უჩვეულო თავყრილობა იყო ბათუმის პორტში. დილის 7 საათზე გემს ბათუმის სანაპირო უნდა დაეტოვებინა. ტვიდის გაცრეცილ პალტოებში გამოწყობილი კაცები ყავისფრად გაქექილი, მძიმე ჩემოდნებით ხან იდგნენ, ხან კიდევ ნერვიულად მიდი-მოდიოდნენ. შალმოხვეული ქალები მათივე ნაქსოვ გავროშის ტიპის ქუდებიანი ბავშვებით ხელში, თითქოს ერთ ადგილას გაქვავებულიყვნენ. რამდენიმე მათგანი მარტის სისხამ დილას სხეულიდან მომდინარე თბილი ორთქლით შვილებს ხელებს უთბობდა. ბავშვთაგან უფრო მოზრდილები გემზე ასატან ჩემოდნებზე იყვნენ ჩამომსხდარნი და უფროსების საუბრებს გულდასმით ისმენდნენ. ვერ გაეგოთ, სად მიდიოდნენ და რატომ? ვერ გაერკვიათ, მშობლები სიცივისგან იყვნენ მობუზულები, თუ დარდისგან. ეს ის დრო იყო, როცა ბოლშევიკები უკვე თბილისში იყვნენ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობა კი ემიგრაციაში გამგზავრებას ბათუმიდან გეგმავდა.

ალბათ გიკვირთ, რა კავშირშია ეს ისტორია ინტერიერთან?

უნდა გამომყვეთ, რომ აგიხსნათ, რატომ დავიწყე ასე შორიდან.

დაახლოებით 100 წლის წინ ბათუმის პორტში შეკრებილებს შორის იყო ახალგაზრდა წყვილი, ვასილი და მარგარეტი. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ხაზინის უფროსს ვერ გადაეწყვიტა, ჩანთა გაეხსნა და ხელით გადაწერილი დამოუკიდებლობის აქტი იქ ჩაედო, თუ ნაცრისფერი პალტოს ჯიბეში დაეტოვებინა, გულის მხარეს. დამოუკიდებლობის აქტს მისი ხელმოწერაც ჰქონდა. ვასილის და მარგარეტის 4 წლის სერგიმ მამის ფიქრებზე არაფერი იცოდა და ცნობისმოყვარედ გაჰყურებდა ზღვის ჰორიზონტს. ბავშვის გულუბრყვილო და ცნობისმოყვარე მზერა აწყდებოდა გემს, რომელიც სანაპიროზე მოხეთქებული ტალღების გამო ირწეოდა.

მალე პორტი დაცარიელდა და საყვირის ფონზე გემი სანაპიროს მოშორდა. ზღვის სიღრმიდან უფრო და უფრო პატარავდებოდა რამდენიმე დღის წინ თავისუფლებადაკარგული ქვეყნის პატარა ქალაქი. ერთსართულიანი ბათუმი და ფრანგი მებაღის მიერ გაშენებული ზღვისპირა ბულვარი შუა ზღვიდან უკვე წერტილივით მოჩანდა.

ვასილი და მარგარეტი პარიზში გარდაიცვალნენ ისე, რომ საქართველოში აღარ დაბრუნებულან. სერგიმ ცოლად ფრანგი მადლენ ვერდო შეირთო. ფრანგი მეუღლე, მოგვიანებით, მას თბილისში გამოჰყვა. ისინი პარიზიდან საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულად თარგმნის იდეით დაბრუნდნენ. შვილებს ახსოვთ, ხუთი წლის განმავლობაში ყოველ საღამოს მშობლები როგორ ითვლიდნენ „ხმოვნების რაოდენობას“ „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულ ვერსიაში. სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის და ცნობილი მთარგმნელის, სერგი წულაძის გარდაცვალების შემდეგ, მადლენი შვილებთან ერთად საცხოვრებლად ისევ პარიზს დაუბრუნდა. ქალბატონი ვერდო ახლა 94 წლისაა და ალბათ აღარ აკვირვებს, რატომ აიკვიატეს მისმა შვილებმა ხელოვნების დედაქალაქიდან სამშობლოში დაბრუნება და ცხოვრება.

არტისტი გელა წულაძე პარიზს 30-წლიანი ცხოვრების შემდეგ დაემშვიდობა და ბათუმში თავისუფლების ქანდაკების დადგმის იდეით დაბრუნდა. მისი პროექტის მიხედვით, უჟანგავი მეტალისგან დამზადებული ქანდაკება ზღვაში უნდა განთავსდეს. მაკეტის მიხედვით, ორი ლითონის ფიგურა სიყვარულს განასახიერებს. თავისუფლების დეკლარაციის ნაცვლად ლითონის ერთ-ერთ ფიგურაზე სწორედ გულებია გამოსახული, ხოლო ქანდაკება მშვიდობის მტრედის გამოსახულებით სრულდება. ამ პროექტს, განხორციელების შემდეგ, თამამად შეიძლება ეწოდოს მშვიდობიანი და თავისუფალი კავკასიის სიმბოლო.

გამოგიტყდებით, რომ „ბათუმელების“ ამ ნომრისთვის სამზარეულოს თემაზე უნდა მემსჯელა. როცა გავიგე, რომ არტისტი გელა წულაძე ბათუმში იყო, ვიფიქრე, ფრაგი და ქართველი ხელოვანის სამზარეულო თქვენც დაგაინტერესებდათ. ისედაც დაბნეული ვარ და ტელეფონზე არტისტის პასუხმა კიდევ უფრო დამაბნია. მითხრა, რომ სახლში მიგვიწვევდა, მაგრამ მის ბათუმურ სახლში სამზარეულოს ადგილი მხოლოდ მონიშნულია. წარმოგიდგენიათ სახლი სამზარეულოს გარეშე?

სანამ ზღვის სანაპიროზე ცამდე აზიდული სახლის მეათე სართულის ერთ-ერთი ბინის კარს შევაღებდით, მე და მანანა („ბათუმელების“ რეპორტიორ-ფოტოგრაფი) ვმსჯელობდით, როგორი შეიძლება ყოფილიყო გელას სახლი. მე ვთქვი, რომ გამჭირვალე – ბულვარში დადგმული მისი ქანდაკებების („ყირამალა“) მსგავსი, მსუბუქი კონსტრუქციებით, დგას, მაგრამ სივრცეს არ ზღუდავს. წარმომედგინა, სახლი იქნებოდა დიდი ფორმატის, ერთგვარად მიამიტი და სადა. მოკლედ, მე მართალი ვიყავი, მაგრამ ვაღიარე, რომ მანანას ინტუიცია- სახლი ამავდროულად ფერადი იქნებოდა, უფრო ზუსტი აღმოჩნდა.

IMG_0015

3

IMG_0072

 

40 კვადრატული მეტრი სივრცე სახელოსნოსა და ცხოვრებისთვის. უფარდო ფანჯრები ზღვის ხედით. იატაკი და ჭერი ბეტონის – შეგრძნება გაქვს, რომ მიწაზე დგახარ. ოთახის შუაგულში მართკუთხა ფორმის ხის მაგიდა სწორხაზოვანი რკინის ფეხებით, ორი ზედაპირით. საშუალო ზომის ასობით საღებავის ბოთლი იატაკთან ახლოს პირველ ზედაპირს ქმნის. ოდნავ გადმოღვრილი მოწითალო, მომწვანო და მოყვითალო საღებავის წვეთები გველივით მიკლაკნილან თეთრ ბოთლებს და მიმხმარან კიდეც. კედლები – თეთრი, ჭერი – ინდუსტრიული განათებით. ხასხასა, წითელი ნივთები, ოთახი – მზით სავსე, სააბაზანო, კერამიკული ლურჯი და თეთრი ფილებით, იატაკიდან ჭერამდე ტრანსფორმირებადი კარების წყალობით სივრცის ერთიანი ნაწილია. ფერად ბალიშებზე ქართული ანბანი გადანაწილებულა. შესაძლებელია, სიტყვებს ქმნის ან უფრო მეტიც – ფრაზებს.

ხის სკამის საზურგე პროპორციიდან ამოვარდნილი, ზომიერი სიდიდის რომ ყოფილიყო, არ ვიცი, დაიტევდა თუ არა სოფელს… სკამის საზურგეზე გელას მიერ გამოკვეთილი ადამიანის ხის ფიგურები ერთგვარ მოძრაობის ასამბლეას ქმნიან. სკამის საყრდენი ნაწილის დაბოლოებებზე ისევ გულებია გამოკვეთილი, ალბათ სიმბოლოდ იმისა, რომ მოძრაობის საყრდენი სიყვარულია.

2

IMG_0061

თეთრი, მძიმე, ხის დივანი და სავარძლები – ოღონდ ბორბლებზე. გრჩება განცდა, რომ ცასთან ახლოს ნივთები წონადობას კარგავენ და კოსმიური ველი იქმნება. აქ კარადაც კი მაგიდის სიმაღლეა. ინახავს არტისტის პირად ნივთებს, საიდუმლოს, იდეებს, ესკიზებს, უკვე დასრულებული და მისი ინიციატივით შექმნილი მაკეტების მცირე ანალოგებს. კაშკაშა წითელი გული ამ წვრილი ფოლადით შეკრული ადამიანის გამოსახულებებს არა მხოლოდ ათბობს, არამედ – ალღობს.

ხის თაროები, ორი ფინჯანი, ელექტროჩაიდანი, ერთი დიდი, მრგვალი თეფში, ჩაი, ყავა, რამდენიმე ცალი კოვზი, თაროს ქვემოთ ორი დაძველებული ხის სკივრი _ ექსპერიმენტული სამზარეულოს ელფერს ატარებს. არსად მინახავს ასეთი მინიმალისტური, მაგრამ სრულყოფილი სახლი.

გელა საუბრობს საერთაშორისო გამოფენებზე მისი მონაწილეობით. ჩვენი თხოვნით, გვიყვება ინტერიერის შესახებ წიგნზე, რომელშიც ცნობილი დიზაინერის სახლში მისტიურ, ფრანგულ ატმოსფეროს, სწორედ გელას ფერწერული ტილოები ქმნის. შეუძლებელია არ ახსენოს ფიროსმანი და გრძნობ, მასთან საუბარში როგორ ქრება საბჭოთა სკოლაში ნასწავლი მითი ფიროსმანის სიღარიბის შესახებ. გელა ფიქრობს, რომ ნიკალა შეძლებული იყო, ყიდულობდა კარგი ხარისხის საღებავებს, ეცვა გემოვნებით, მიირთმევდა იმ ხანად ცნობილ სასაუზმეებსა და სასტუმროებში. სახლი კი იმიტომ არ ჰქონდა, რომ არ სჭირდებოდა – ეძებდა ახალ გარემოს ახალი ემოციისთვის.

4

IMG_0018

არტისტის სახლ-სახელოსნოზე ვერ შეგექმნება მხოლოდ ერთი აზრი, ისე როგორც გელას თანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებაზე, რომელიც გასცდა სახელოსნოს ტილოს მასშტაბებს და ქუჩაში გაცილებით დიდ ფორმატებში გარდაისახა.

რადგანაც ამ სახლში ყველაფერი მოძრაობს, გიჩნდება კითხვა: იქნება ბათუმი ბოლო ქალაქი, სადაც არტისტი გაჩერდება? ქალაქი, რომლის კოორდინატებია 41 გრადუსი ჩრდილოეთით, 41 _ აღმოსავლეთით.
არტისტმა არ იცის, დარჩება თუ გააგრძელებს ძიებას 41 გრადუსზე, ქალაქებში: სტამბოლი, ჩიკაგო, პიცბურგი….

ნებისმიერ შემთხვევაში, „მშობელი ეტლით“, „ყირამალა ბიჭუნა“, „სიყვარულის ახსნა“ და „ნერგები“ მის ბათუმურ სახლში აუცილებლად დარჩება, არა _ კორპუსის მეათე სართულზე, არამედ _ ღია ცის ქვეშ, დიდ მასშტაბზე, ზღვის სანაპიროზე, ბათუმის ბულვარში.

5

მაგრამ მთავარი შავი ზღვის თავისუფლების ქანადაკების იდეაა, რისთვისაც პარიზიდან დაბრუნდა. მის სამუშაო მაგიდაზე სწორედ თავისუფლების ქანდაკების მაკეტია. ფრანგი ინჟინრის მიერ განხორციელებული გელას იდეა სახლიდან ზღვის სივრცეს სამხრეთით მშვიდად გაჰყურებს, ხელმეორედ დაბადებისა და მარადიული სიცოცხლის უფლების მოპოვების იმედით.

თითქმის 100 წლის წინ ბათუმიდან პარიზში არტისტის წინაპრის გულის ჯიბით წაღებული თავისუფლების იდეა სულ სხვა ხელწერით, ისევ საპორტო ქალაქში დაბრუნდა. დაუშვებელია, ბედისწერამ ეს იდეა მხოლოდ სახლის ინტერიერის განუყოფელ ნაწილად დატოვოს.

თავისუფლების ქანდაკების მაკეტი

თავისუფლების ქანდაკების მაკეტი

_____________________________________

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ #2 ნომერში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: