მთიანი აჭარა,სიახლეები

ვინ მიიღებს სახურავს უფასოდ ქედაში

23.06.2017 • 1822
ვინ მიიღებს სახურავს უფასოდ ქედაში

ქედის გამგეობა დაზიანებული სახურავების შესაცვლელად მოსახლეობას თუნუქის ფურცლებით დაეხმარება.  სოციალური პროგრამის განსახორციელებლად გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოყო და სულ 1900 ცალი თუნუქის ფურცელი შეიძინა.

ვინ მიიღებს სახურავს სახელმწიფოსგან უფასოდ ქედაში? – ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამგეობის ცხრა წევრისგან შემდგარი კომისია მიიღებს. კომისიის თავმჯდომარე ქედის გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძეა, კომისიის შემადგენლობაში კი ადმინისტრაციული თემების რწმუნებულები, სამსახურის უფროსები და საკრებულოს წევრები არიან.

გურამ ბერიძის თქმით, თუნუქის ფურცლებს ისეთ ოჯახებს გადასცემენ, რომელთა სოციალური, მატერიალური თუ ეკონომიკურ მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა კომისიას კონკრეტულად გაწერილი კრიტერიუმები არ აქვს.

„სახურავს ყველაზე შეჭირვებული ოჯახები მიიღებენ, ისეთები, სადაც შშმ პირები ცხოვრობენ, ან პენსიონერები არიან… სახურავის დახმარების მოთხოვნით  წელს 178 განაცხადი შემოვიდა, გასული წლის მონაცემებით, მთლიანობაში სახურავს 228 ოჯახი ითხოვს, 200 ოჯახის მდგომარეობა შევისწავლეთ,  28 ოჯახი დაგვრჩა შესასწავლი, როდესაც ოჯახების მდგომარეობის შესწავლას დავასრულებთ, დავიწყებთ სახურავების გაცემას, თუმცა რა ოდენობით გავცემთ, ამაზე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.“

თუნუქის სახურავები ქედის გამგეობამ პროგრამულად გასულ წელსაც გადასცა მოსახლეობას, თუმცა მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლებიც საარსებო შემწეობის მიმღებთა ერთიან ბაზაში იყვნენ რეგისტრირებულნი და მათი საცხოვრებელი სახლები სახურავების შეცვლას საჭიროებდა.

„როდესაც საკრებულომ მხარი დაუჭირა სახურავების შესაძენად 20 000 ლარის გამოყოფას, მაშინ ეს კრიტერიუმი იმ მოტივით ამოიღო, რომ გასულ წელს დახმარების გარეშე ისეთი ოჯახები დაგვრჩა, რომელთა მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა სარეიტინგო ქულა არ გააჩნდათ,“ – ამბობს გურამ ბერიძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: