მთავარი,სიახლეები

აჭარის პოლიციიდან ბესიკ ამირანაშვილის კადრების დათხოვნა დაიწყო

23.06.2017 • 4694
აჭარის პოლიციიდან ბესიკ ამირანაშვილის კადრების დათხოვნა დაიწყო

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი თბილისში დაიბარეს. ბათუმში ამბობენ, რომ მას თანამდებობას ატოვებინებენ. ლაშა გოგნიაშვილი შს მინისტრის აწ უკვე ყოფილი პირველი მოადგილის – ბესიკ ამირანაშვილის კადრია. ისინი 2015 წელს ერთად ჩამოვიდნენ ბათუმში სამუშაოდ. 2016 წელს ბესიკ ამირანაშვილი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ლაშა გოგნიაშვილს კი აჭარის პოლიცია ჩააბარეს.

მინისტრის პირველი მოადგილე ამირანაშვილი ორი კვირის წინ [9 ივნისს] კადრების განკარგულებაში ისე გადაიყვანეს, რომ ამის შესახებ  შს სამინისტროს განმარტება არ გაუკეთებია. დადასტურებით იმის თქმა შეიძლება, რომ  ბესიკ ამირანაშვილს ბოლო პერიოდში ორი სკანდალი უკავშირდება: ის შს სამინისტროს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იყო, ვინც ბათუმში იმყოფებოდა 11-12 მარტის აქციის ღამეს. იმ ღამეს ქალაქში დაიწვა 6 ავტომანქანა და სხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაულიც მოხდა, მაგრამ პოლიცია, მათ შორის ამირანაშვილი ამ ყველაფერს რამდენიმე საათის განმავლობაში თვალყურს უმოქმედოდ ადევნებდა.

კიდევ ერთი სკანდალი, ოღონდ ამჯერად საერთაშორისო, რაც ამირანაშვილის კადრების განკარგულებაში გადაყვანას წინ უძღოდა, იყო ის, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა.

მუხთარლი ეჭვობს, რომ ის ქართული ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა გაიტაცეს.

ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ჩამოვიდა ბათუმში სამუშაოდ რუსლან იოსელიანიც – თავდაპირველად ის ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშნეს, ბოლო დროს კი ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე იყო გამწესებული. „ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ  დაკავებული თანამდებობიდან რუსლან იოსელიანი ახლახან გაათავისუფლეს.

უსლან იოსელიანის ხელვაჩაურში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ითქვა, რომ 11-12 მარტის აქციის შემდეგ ერთ-ერთ თანამშრომელთან იჩხუბა. „კონფლიქტი არ ყოფილა და არც გენერალურ ინსპექციას დაუწყია მოკვლევა ამ მიმართულებით,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, როცა ვკითხეთ, რამდენად რეალური იყო ინფორმაცია რუსლან იოსელიანსა და მის თანამშრომელს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით აჭარის პოლიციაში კიდევ ერთი თანამდებობის პირი ჩამოაქვეითეს – დირექტორის მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძე ხელვაჩაურის განყოფილების უფროსად გადაიყვანეს. მის ჩამოქვეითებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ქართველი მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში, მიმდინარე წლის 18 მაისს ჩატარებულ ჩხრეკა უკავშირდება. ჩხრეკიდან ორ დღეში, 20 მაისს,  პროკურატურამ განაცხადა, რომ ნონა წოწორიას ძმის სახლში იარაღისა და საბრძოლო მასალის აღმოჩენის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

შს სამინისტროს პრესცენტრში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ამ ინფორმაციებს. აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით წერილობით უნდა გამოვითხოვოთ ინფორმაცია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: