მთავარი,სიახლეები

შსს-ს პასუხი სასამართლოს „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებაზე

22.06.2017 • 2021
შსს-ს პასუხი სასამართლოს „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებაზე

„სხვაგვარად სამართალდარღვევაზე რეაგირება პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – უთხრა მოსამართლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. ამ უწყების და კიდევ პარლამენტის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველმა შეიტანა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირება“ კონსტიტუციას არღვევს.

„ჩვენ მთლიანად პროცედურას ვასაჩივრებთ. მართალია, 2015 წელს გარკვეული პროცედურები გაიწერა, მაგრამ ეს რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია და იგი თვითნებობის საშუალებას იძლევა, – თქვა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, მიხეილ შარაშიძემ, – მაგალითად, როგორ გავიგოთ, რა არის „გონივრული ეჭვი“, რომლის ფარგლებშიც პოლიციელს ეძლევა შესაძლებლობა, ნებისმიერი პირი წაიყვანოს ნარკოტესტირებაზე და შეუზღუდოს თავისუფლება 12 საათის განმავლობაში“.

„შეწითლებული თვალები, მეტყველების გაძნელება… არაა აქ ბუნდოვანება. პოლიციელს აქვს პროფესიული გამოცდილება,“ – უპასუხა მოსარჩელეს მარიამ კერესელიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მოქედი კანონმდებლობით, პოლიციელს ნებისმიერი პირის დაკავება შეუძლია „გონივრული ეჭვის“ და „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე. ნარკოტესტირებისთვის ბიოლოგიური მასალის იძულებით მიცემა დაუშვებელია, თუმცა სამართალდამცველს აქვს უფლება, დაკავებული 12 საათის განმავლობაში გააჩეროს პოლიციის განყოფილებაში. პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა 12 საათის გასვლის შემდეგ პოლიციის განყოფილებიდან გამოსული პირი პოლიციელს ხელახლა დაუკავებია და ისევ მოუთხოვია ბიოლოგიური მასალის ჩაბარება.

„ეს არის დამამცირებელი მოპყრობა, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის უფლებებს… კანონში ისიც კი არაა დაკონკრეტებული,  რა სამართალდარღვევის დროს შეუძლია პოლიციელს პირის ნარკოტესტირებისთვის განყოფილებაში გადაყვანა. სამართალდარღვევას ადგენს სასამართლო. ამ პროცესში კი, სასამართლო საერთოდ არაა ჩართული“, – აღნიშნა მიხეილ შარაშიძემ, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

„ვერ დავეთანხმები მოსარჩელეს ვერც ამ ნაწილში. პოლიციელის ნებისმიერი მოქმედება შეიძლება გაასაჩივროს მოქალაქემ, ასე რომ, მისი უფლება დაცულია. ასევე გენერალური ინსპექცია მუშაობს და სწავლობს მსგავს გადაცდომებს. რაც შეეხება დამამცირებელ მოპყრობას, ცალსახად ამ პროცედურის მიზანი ეს არ არის,“ – დაამატა მარიამ კერესელიძემ.

„პოლიციას იმიტომ აქვს ეს უფლებამოსილება, რომ ლეგიტიმური მიზანი შესრულდეს,“ – ეს პოზიცია პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე კუპრავამ გააჟღერა. მან აქცენტი თავისუფლების შეზღუდვაზე გააკეთა და თქვა, რომ „ამ შემთხვევაში თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი არის განჭვრეტადი.“ მოსარჩელეს მანაც შეახსენა, რომ მოქალაქეს ნარკოტესტირების პროცესში ნებისმიერი მოქმედების გასაჩივრების უფლება აქვს.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. მორიგ სხდომაზე მხარეები მოსამართლეების შეკითხვებს უპასუხებენ.

ამავე თემაზე:

ნარკოტესტირებაზე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

 

police

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: