მთავარი,სიახლეები

„უკანონო მოსმენებზე“ სასამართლომ სუს-ის მოსმენა ვერ მოასწრო

22.06.2017 • 2067
„უკანონო მოსმენებზე“ სასამართლომ სუს-ის მოსმენა ვერ მოასწრო

„უკანონო მოსმენებზე“ განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადადო. მეორე დღეა მოსამართლის და მოსარჩელეების შეკითხვებს სუს-ის წარმომადგენელი ელოდა, თუმცა, სასამართლოს მის მოსასმენად დრო არ ეყო.

სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე უნდა გადაწყვიტოს, 326 მოსარჩელის მიერ ხელმოწერილ სარჩელს არსებითად განიხილავს, თუ პირდაპირ გააუქმებს პარლამენტის მიერ გასული წლის აპრილში შეცვლილ კანონმდებლობას „ფარულ მოსმენებზე“. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ახალი სააგენტო, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, სუსი აკონტროლებს და იგი რეალურად დამოუკიდებელი ვერ იქნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სამი დღის განმავლობაში მოსარჩელეების პოზიციებს ისმენდა. ბოლო ორი დღე კი სასამართლო კითხვებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელს უსვამდა. ეს სააგენტოა დღეს ფარულ მოსმენებზე უფლებამოსილი ორგანო.

სასამართლო პროცესებს ესწრებოდა სუს-ის წარმომადგენელიც, თუმცა საბოლოოდ პლენუმმა გადაწყვიტა, რომ მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ერთად მოუსმენს.

სასამართლოს პლენუმს არ დაუკონკრეტებია, როდის განახლდება „უკანონო მოსმენებზე“ განმწესრიგებელი სხდომა.

დღეს, 22 ივნისს, სხდომა 5 საათზე შეწყდა, როცა სასამართლოს დარბაზში სხვა საქმის განხილვის დრო დადგა.

ხვალ, 23 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზი ასევე დაკავებულია და საქმეთა ჩამონათვალში „ფარულ მოსმენები“ არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: