სიახლეები

ფსიქოპათი

13.09.2014 • 4288
ფსიქოპათი

 

იცით, რომ ლეგენდარული ჰიჩკოკის კიდევ უფრო ლეგენდარული „ფსიქო“ რობერტ ბლოხის „ფსიქოპათის“ მიხედვითაა გადაღებული? და ეს ის შემთხვევაა, როცა გადაჭრით ვერ იტყვი, რომელია უკეთესი, წიგნი თუ ფილმი. ორივე ძალიან კარგია.

 

 

ნორმან ბეითსი შუახნის ბერბიჭაა, რომელიც საკუთარ მოტელს ფლობს და იქვე ცხოვრობს მოხუც დედასთან ერთად. თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ ნელ-ნელა, დედის დამამცირებელი რეპლიკების მიღმა მკითხველი ხვდება, რომ ნორმანი არც მთლად ჩვეულებრივი, ზომიერად ფერხორციანი, შუახნის მამაკაცია. არც დედამისია მთლად ჩვეულებრივი მოხუცი ქალი. დედამისი დესპოტია, რომელსაც საოცარი გავლენის ქვეშ ჰყავს თავისი ვაჟი მოქცეული. თავად ნორმანს კი გაორებული და გასამებული გრძნობები აწუხებს დედის მიმართ: თან სძულს, თან ეთაყვანება, თან სიგიჟემდე უყვარს… მოკლედ, ნამდვილად ისეთი სიტუაციაა, ფროიდის პატივცემული დივანისთვის ზედგამოჭრილი.

 

 

ატმოსფერო წიგნში ძალიან არაჯანსაღია, პირველივე გვერდებიდან. ნორმანის ფიქრები დეტალურადაა გადმოცემული, რაც არც თუ ისე მსუბუქი საკითხავია, იმიტომ, რომ  ნორმანი ფსიქიკური აშლილობის მქონე მამაკაცია. სწორედ ეს დეტალურობაა ის, რაც განუმეორებლობას ანიჭებს ამ წიგნს – შეშლილი მამაკაცის განცდები, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

 

 

ნორმანისა და დედამისის დაძაბული დიალოგის პარალელურად, მოტელისკენ ახალგაზრდა გოგონა, მერი მოემართება. ის ღამეს მოტელში ათევს და სწორედ იქ გადამაშთება საქვეყნოდ ცნობილი შხაპის სცენა. მოკლედ, მერი – მამაცი, გაბედული მერი, – მკვდარია. მკვლელი არ ჩანს, მაგრამ ნორმანის ფიქრების თანახმად, სწორედ მოხუცმა დედამისმა მოკლა გოგონა. ნორმანი ყველანაირად ცდილობს, მისი სათაყვანო დედიკო დაიცვას და დანაშაულის კვალს შლის.

 

 

მალე შემდეგი მკვლელობაც მოხდება და აქედან იწყება ყველაზე საინტერესო: მკვლელი თავად ნორმანი ხომ არაა? მართლა ხდება ეს ყველაფერი, თუ წარმოსახვის ნაყოფია?

 

 

„ფსიქოპათის“ დასასრული ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოს გამორჩეულ დასასრულებს შორის. ფინალი მთლიანად ცვლის ყველაფერს, მთელ ვითარებას თავდაყირა აყენებს. ფინალთან ერთად ამ წიგნის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი ძალიან ცოცხლად შექმნილი გარემოა: დამთრგუნველი და თავზარდამცემი. დაახლოებით ედგარ პოს ეშერის ციხესიმაგრის მსგავსი: მუდმივი მოლოდინი, რომ ამ სახლში რაღაც მოხდა ან რაღაც მოხდება. რაღაც გარდაუვალი. რაღაც ძალიან, ძალიან ცუდი და სამარცხვინო.

 

მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: