სიახლეები

ბათუმის ვიცე-მერის ქონება და კავშირები

13.09.2014 • 4325
ბათუმის ვიცე-მერის ქონება და კავშირები
ბაგრატ მანველიძე, ბათუმის ვიცე-მერი

ბაგრატ მანველიძე, ბათუმის ვიცე-მერი

იმ ქონების შესაბამისად თუ ვიმსჯელებთ, რაც 1960 წელს დაბადებულ ბაგრატ მანველიძის სახელზე 2014 წლის მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრში არის დარეგისტრირებული, ბათუმის ვიცე-მერი არც თუ ის ღარიბი კაცია, უფრო პირიქით – მისი ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის მილიონერია.

საჯარო რეესტრში წერია, რომ 2014 წლის დასაწყისისთვის ბათუმში, ზღვისპირა ზოლში, კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირე მხარეს აშენებულ კორპუსში, 710 კვადრატული მეტრი ფართობის მომავალი მფლობელი სწორედ ბათუმის ამჟამინდელი ვიცე-მერია (კორპუსი ჯერჯერობით დამისამართებული არ არის). უფრო კონკრეტულად კი, ბაგრატ მანველიძის, როგორც მომავალი მესაკუთრის სახელზე, „ბათუსის“ მოპირდაპირე კომპლექსში დარეგისტრირებულია ოთხი ბინა, მათ შორის ყველაზე დიდი არის 490 კვადრატული მეტრი ფართობის. აქვე მას, როგორც მომავალ მფლობელს, აქვს 111 კვადრატული მეტრი, 69 კვადრატული მეტრი და 39,7 კვადრატული მეტრი ფართობის ბინები (თუ რატომ ვწერ ამ ბინების ზუსტ მონაცემებს, ამაზე ქვემოთ).

მითითებულ ზონაში და კონკრეტულად აღნიშნულ სახლში ერთი კვადრატული მეტრი ბინის საწყისი ფასი 800-900 დოლარია. კორპუსი ხიმშიაშვილის ქუჩაზე, `ბათუსის~ მოპირდაპირედ ააშენა კომპანია „გუმბათმა“. შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპანიასა და ბაგრატ მანველიძის ურთიერთობას შეესაბამება ტერმინი – „არაერთგზის“ (თავად ვიცე-მერის შეხედულებაზე სამშენებლო კომპანია „გუმბათის“ შესახებ ცოტა ქვემოთ – ავტ)

გარდა ამისა, უშუალოდ ბაგრატ მანველიძე ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ფლობს ორ ბინას, რომელთა საერთო ფართობი არის 148 კვადრატული მეტრი და 21 კვადრატულ მეტრ სარდაფს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბათუმის ვიცე-მერს 2500 კვადრატული მეტრი მიწა აქვს ანგისის დასახლებაში, 2141 კვადრატული მეტრი – მცხეთაში, სოფელ საგურამოში, 4000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სალიბაურში, 143 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს ფლობს კურორტ ბეშუმშიც, ხოლო 5 717 კვადრატულ მეტრ მიწას საკუთარ სოფელში – ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში.

ბაგრატ მანველიძე კიდევ ერთი ქონების მფლობელი გახდა – ბათუმის ცენტრალურ უბანში, კონკრეტულად კი ჯინჭარაძის ქუჩაზე მან მიწის ნაკვეთი იყიდა. როგორც თვითონ ამბობს, მას და მის ოთხ მეზობელს ოთხსართულიანი კორპუსის პროექტიც მზად აქვთ და მშენებლობის დაწყებასაც აპირებდნენ კომპანია „გუმბათთან“ ერთად, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ იდეის განხორციელება ვერ მოახერხეს.

ვიცე-მერის ბიზნესთან ურთიერთობის შესახებ

ბაგრატ მანველიძე ამბობს, რომ ის ბიზნესმენი არც ყოფილა და ახლა – თავისთავად არ არის. რა ურთიერთობა გაქვთ კომპანია „გუმბათთან“? – როცა მას ამას ეკითხები, ვიცე-მერი ამბობს, რომ არანაირი, გარდა ერთის – „მამისეული მიწის ნაკვეთი გავყიდე ანგისაზე და ეს თანხა, ოფიციალური ხელშეკრულებით სესხად მქონდა მიცემული. ცხადია, გარკვეულ სარგებელს ვიღებდი. ეს არის დეკლარირებული თანხა საგადასახადოში. ორი წლის წინ `გუმბათთან~ ეს ურთიერთობა შევწყვიტე“.

ბათუმის ვიცე-მერმა გაიხსენა სამშენებლო კომპანიასთან თავისი ბოლოდროინდელი ურთიერთობის შესახებ, როცა ჯინჭარაძის ქუჩაზე წამოსაწყებ მშენებლობაზე ჩამოვარდა კითხვა. მან თქვა, რომ „გუმბათს“ სთხოვა ჯინჭარაძის ქუჩაზე მისთვის და მისი მეზობლებისთვის კორპუსის აშენება, ოღონდ ნისიად, „რადგან ფული არ ჰქონდა“. თავდაპირველად გუმბათი დასთანხმდა მშენებლობის წამოწყებაზე, მაგრამ „ახლა უკვე უარი თქვა“.

ბათუმის ცენტრალურ უბანში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, მიწის ნაკვეთი ბათუმის ვიცე-მერს, ბაგრატ მანველიძეს ეკუთვნის

„გუმბათი“ რომ აპირებდა ზემოთ აღნიშნულ მისამართზე მშენებლობას, „ბათუმელებმა“ სხვა წყაროსგან შეიტყო. სწორედ ეს წყარო ყვებოდა, რომ ბაგრატ მანველიძემ იყიდა მის ირგვლივ ყველაფერი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები, ისე ბაგრატ მანველიძე და მისი შვილი, გიორგი მანველიძეც მიდიოდნენ და სთავაზობდნენ ჯინჭარაძეზე მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული პირობის სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობას. ამას ვიცე-მერიც ადასტურებს. „იქ ოჯახია ერთი, მე მათ შევთავაზე ორი ბინა „ბათუსის“ მოპირდაპირე სახლში – ერთი ბინის ფართობი იყო 111 კვადრატული მეტრი, მეორის – 69. გარდა ამისა, 8 ათას დოლარსაც ვაძლევდი. ამ სიკეთეებს ვთავაზობდი 74 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ, მაგრამ უარი თქვა“, – ბაგრატ მანველიძე ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულებით, რომელსაც ის თავის ერთ-ერთ მეზობელს სთავაზობდა ჯინჭარაძის ქუჩიდან.

მორიგი კითხვა ბათუმის ვიცე-მერისადმი იყო ის, თუ რა ფართობს ფლობდა „ბათუსის“ მოპირდაპირე შენობაში. როგორც უკვე ზომოთ აღვნიშნე, რეესტრის მონაცემებით, წლის დასაწყისში ის ამ სახლში 710 კვადრატის მომავალ მფლობელად იწოდებოდა. ვიცე-მერმა „ბათუსის“ მოპირდაპირე მხარეს არსებულ კორპუსში უძრავი ქონების ფლობის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. სწორედ აქედან გამომდინარე ვკითხე ვიცე-მერს, მაშინ მეზობლებს ჯინჭარაძის ქუჩიდან რანაირად შესთავაზა იმ სახლში გადასვლა, რაც მას არ ეკუთვნოდა. თქვა, რომ ეს მისი და „გუმბათის“ ძველი ურთიერთობის ამბავი იყო და ის აიღებდა „გუმბათის“ წინაშე ვალდებულებას.

ამ საკითხის შეჯამებისას ბაგრატ მანველიძემ თქვა, რომ „გუმბათი“ აღარ ააშენებს კორპუსს, ამიტომ ახალ მშენებელს მოძებნის: „ფაქტობრივად, ერთი-ორი ვარიანტი მოძებნილი გვყავს კიდეც, მაგრამ შეიძლება საერთოდაც უარი ვთქვა უკვე მაგ მშენებლობაზე. აღარ მაქვს უფლება. შეიძლება გავყიდო საერთოდაც, მაქაურობა აღარ მინდა“.

აჭარის ცენტრალური ბანკი – ბაგრატ მანველიძის კარიერის დასაწყისი

2005 წელს, 24 მარტს, აჭარის არ კონტროლის პალატამ დაწერა აქტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ცენტრალური ბანკის შემოწმების მასალებზე დაყრდნობით მომზადდა. 71-გვერდიანი აქტის თითქმის ყველა გვერდზე წერია, რომ ბანკში, რომელსაც ბაგრატ მანველიძე ხელმძღვანელობს, ძირითადად ყველაფერი წესრიგშია. თუმცა, დაახლოებით ორ გვერდზე წერია, რომ ბანკში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გარკვეული კომპონენტები საჭიროებს შემდგომ შემოწმებას. აი ეს ჩანაწერებიც: კედლის ორ კონდიციონერში – AMNHWG-24Q=968 – გადახდილია 22 266 ლარი, ჭერის ერთ კონდიციონერში – FAM-48Q=2716 –  14 273 ლარი, კანალური ტიპის ერთ კონდიციონერში კი _ DCAM-Q3350 – 18 658 ლარი. ჯამში ოთხ კონდიციონერში 55 197 ლარია დახარჯული… ბანკს ნაყიდი აქვს თითბრის ჭაღი, რომელშიც 37 557 ლარი გადაუხდია.

2005 წლის აუდიტის აქტის მიხედვით, შემოწმების პერიოდისთვის ბანკში მიმდინარეობს რემონტი, რაშიც 6 მილიონზე მეტი ლარია დახარჯული. ძვირადღირებულ ნივთებს ბანკისთვის, ისე როგორც სამშენებლო სამუშაოებს ძირითადად შპს „გუმბათი“ ყიდულობს. აუდიტორი წერს, რომ საჭიროა „დამატებითი“ და „შემხვედრი“ შემოწმება სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

„შემხვედრი“ შემოწმება აღარ ტარდება, რადგან იმ პერიოდში ბანკი უქმდება.

რა სახის კონდიციონერები ღირს ასე ძვირი? – სამი სხვადასხვა სპეციალისტი ბათუმში ამბობს, რომ მსგავსი ფასის კონდიციონერის არსებობის შესახებ არ გაუგია, მათ შორის არც არქეოლოგიური მუზეუმის საცავში, რომელშიც კლიმატკონტროლისთვის საჭირო აღჭურვილობა ცოტა ხნის წინ დაამონტაჟეს.

აუდიტის 2005 წლის აქტი შენახული აქვს ბაგრატ მანველიძესაც. ის ამბობს, რომ გამოასწორა მითითებები, რომლებიც მიიღო მაშინ აუდიტორისგან. რაც შეეხება კონდიციონერებში გადახდილ ფასს, ყოფილი ბანკირი ამბობს, რომ კარგი საცავი გააკეთა კლიმატკონტროლით და იმიტომაც ღირდა ასე ძვირი ეს ყველაფერი.

„მილები გადიოდა საცავში, ჰაერის გამოწოვა ხდებოდა. ერთი კონდიციონერი იყო კიდევ დიდი, 5 ათასი ლარი ღირდა და დიდ დარბაზს ათბობდა. ზოგადად კი, არავინ ამბობს იმას, რომ ეროვნული ბანკი ინგრეოდა, მეორე სართული მთლიანად ჩამოვარდა და მე გავაკეთე, ულამაზეს შენობად გადავარჩინე. ფულის მუზეუმი გავაკეთე შიგნით – დაწყებული კოლხური თეთრიდან ყველა ფულის ნიშნის ასლები გავაკეთე. მუზეუმი იყო, ეროვნული ბანკის მუზეუმის მსგავსი.

ბანკთან დაკავშირებით აჭარაში ყველაფერი მე გავაკეთე. მე ვიყავი აჭარაში პირველი თავმჯდომარე და ვიყავი 15 წლის განმავლობაში. ბანკის შენობის გაყიდვაზე სულ იყო საუბარი. ყოველთვის ვიღაცას უნდოდა, რომ ჩაეგდო ხელში. ამას არავინ ფიქრობს, როგორ გადავიტანეთ ფულის რეფორმა, საფინანსო საბიუჯეტო სისტემა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა, როგორ დავალაგეთ“.

ბაგრატ მანველიძეს ახსოვს ძვირადღირებული თითბრის ჭაღიც. ამბობს, რომ ეს ჭაღი თბილისში დაამზადებინა კერძო პირს. „როცა ბანკი გაუქმდა, ჭაღსაც ეროვნული ბანკი წაიღებდა, ალბათ“, – ის იმედოვნებს, რომ ჭაღი არ არის დაკარგული.

ეროვნულ ბანკში ძვირადღირებულ ჭაღთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ბანკის შენობასთან ერთად ჭაღიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. სამინისტროში კი თავის მხრივ დასძენენ, რომ ამ კვირაშიც გააგრძელებენ ჭაღთან დაკავშირებული დოკუმენტების ძებნას, რადგან 2005 წლის შემდეგ დიდი დროა გასული და არქივში დოკუმენტების მოძიება არ არის ადვილი საქმე.

2005 წლის აქტში კიდევ ერთ საკითხზეა საუბარი – არაფინანსურ ენაზე თუ ვიტყვით, ბაგრატ მანველიძეს მაშინ აუდიტორმა ბიუჯეტის შესახებ კანონის დარღვევაზე მიუთითა. საქმე ეხება ცნობილ მოვლენებს აჭარაში, როცა აჭარის მაშინდელი ხელისუფალის, ასლან აბაშიძის ახირებით რეგიონი ცენტრალურ ბიუჯეტს კუთვნილ თანხას არ ურიცხავდა. ბაგრატ მანველიძეს კარგად ახსოვს აქტში ჩაწერილი ეს მონაკვეთი და ამბობს, რომ ის ვერაფერს შეცვლიდა. `მაშინ აჭარის ბიუჯეტის შესახებ კანონში ჩაწერეს ასეთი ტერმინი – „ჭარბი შემოსავალი“. ამ ტერმინის საფუძველზე არ იხდიდა ბიუჯეტში ფულს რეგიონი“.

იმავე მდგომარეობაში რომ აღმოჩნდეთ ახლაც, ანუ უკანონო დავალება რომ მიიღოთ, გადადგებით, თუ შეასრულებთ ამ დავალებას? – ამ კითხვის პასუხად ვიცე-მერი ამბობს, რომ მას უკანონო დავალება არც აბაშიძის დროს შეუსრულებია. „მაშინ დავა იყო საბაჟოს თანხაზე. მაგრამ ბანკი არაფერ შუაში იყო, თუ საბაჟო არ მომცემდა საგადახდო დავალებას, როგორ გადავრიცხავდი ფულს. ეს ხომ მისი ფული იყო?! ამიტომ მე კანონს არ ვარღვევდი“.

ახლა რა გეგმები აქვს ვიცე-მერს

ბაგრატ მანველიძე და კიდევ მისი ორი კოლეგა ვიცე-მერის თანამდებობაზე ბათუმში გიორგი ერმაკოვმა (მერი) 5 აგვისტოს წარადგინა. ის მერიაში ინფრასტრუქტურას კურირებს:

„ყველაზე დიდი გამოწვევა, რის დაძლევასაც ვაპირებ, ის პროექტებია, რომლებიც ბატონმა გიორგიმ [ერმაკოვი] შეიმუშავა, დასახა. ყველაზე უფრო საინტერესო პროექტი, ჩემი აზრით, არის ჟილინის არხის პროექტი. უკვე გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია. საინტერესოა იაფი სახლების პროექტი _ ესკიზები გვაქვს შერჩეული. წლის ბოლომდე დავიწყებთ მშენებლობას. შემდეგ იქნება საჭირო კრიტერიუმების შემუშავება – ვის მივცეთ, როგორ მივცეთ. 2,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული ერთი სახლისთვის.

ბევრი ცვლილება შევიტანეთ ბიუჯეტში, ბევრი ახალი პროექტი დაგვემატა, ახალი 19 პროექტი გვაქვს მზად. ჯამში რამდენიმე მილიონზეა საუბარი. მაგალითად, ვიდეოკონტროლი ქალაქის ქუჩებში. ბეთლემისა და სხალთის ქუჩების ასფალტირება, შერვაშიძის ქუჩის კეთილმოწყობა, ბაგრატიონისა და მუსხელიშვილის ქუჩების კეთილმოწყობა. შერიფ ხიმშიაშვილზე დეკორატიული ღობე კეთდება – 301 ათასი ლარია პროექტის ღირებულება. გარეგანათებას ვაგრძელებთ გონიოს მხარეს. სპორტულ მოედნებს გავაკეთებთ კახაბრის უბანში. ანგისაზე ხიდი კეთდება. რუსთაველიდან ნინოშვილის ქუჩამდე ავტომანქანების სადგომები… მაგარი პროექტია ერისთავის ქუჩაზე – უბნის რეაბილიტაცია. ჭაობისკენ ვაკეთებთ პროექტებს – გზები გავა. მაგრამ ჟილინის არხი საუკუნის პროექტია.“

საჯარო პირი ბაგრატ მანველიძე

„ბათუმელები“ ბაგრატ მანველიძის პერსონით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა შეიტყო იმ მოლაპარაკების შესახებ, რასაც ის და მშენებელი კომპანია ერთად აწარმოებდნენ ჯინჭარაძის ქუჩის მცხოვრებლებთან. ინფორმაციის აქტიურად გადამოწმება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაგრატ მანველიძე ვიცე-მერი გახდა.

ვიდრე საჯარო სამსახურში მუშაობთ, მუდმივად მედიის კონტროლის ქვეშ იქნებით, მზად ხარ ამისთვის? – ეს იყო ბოლო კითხვა, რომელზეც ბაგრატ მანველიძემ თქვა: „მე არასოდეს არაფერი დამიშავებია. დედას გეფიცებით, ძალიანაც მსიამოვნებს, რომ ამას მეკითხებით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: