შსს: ჯარიმის ოდენობა 20%-ით შემცირდება, თუ სმს შეტყობინებიდან 10 დღეში გადაიხდით

დღეს მთავრობამ შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოჯარიმების აღსრულებასა და ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ​მოიწონა. ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში შეიმუშავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით:

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება. ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, ჯარიმის ოდენობა 20% შეუმცირდება. საჯარიმო ქვითარი დაჯარიმებულ პირს ფოსტით მხოლოდ საშეღავათო პერიოდის არგამოყენების შემთხვევაში გაეგზავნება. შსს-ს განმარტებით, ამ მიდგომით გაიზრდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსი. მათივე ცნობით, მსგავსი მოდელი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალ წესს. შსს-ს განმარტებით, ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, სამართალდამრღვევს აღარ რჩება შესაძლებლობა, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. ვიდეოჯარიმების ამოღების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება ჯარიმის აღსრულების ვადა. ფოსტა, ორჯერ ჩაბარების ნაცვლად, ვალდებულია, საჯარიმო ქვითარი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს და თუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ფოსტა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას ვერ უზრუნველყოფს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ჯარიმას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვლება.

აღნიშნული სისტემა გავრცელდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწერილ ჯარიმებზე საგზაო მოძრაობის სფეროში.

შსს-ს ინფორმაციით, პროექტის თანახმად, ვიდეო/ფოტო ჯარიმები აღარ დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ლიზინგით გამცემ კომპანიებს; გამარტივდება რეგისტრაციის წესები და მომსახურება ავტოსალიზინგო სფეროში ოპერირებადი ბიზნესსექტორისთვის.

ასევე, დაწესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული თრობის პირობებში მოპედის მართვისათვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან