მთავარი,სიახლეები

რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა – მსოფლიოს 44 ქვეყანა კვლევის შედეგებში

22.06.2017 • 5146
რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა – მსოფლიოს 44 ქვეყანა კვლევის შედეგებში

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების, სწავლა-სწავლები (TIMSS)კვლევისშედეგებისმიხედვით, საქართვლოშიმოსწავლეების დამოკიდებულება სკოლის მიმართ საკმად ნეგატიურია. კვლევაში მონაწილე 5 ათასამდე მოსწავლიდან, კითხვაზე – „მიყვარს სკოლაში ყოფნა“უფრო მეტად არ ეთანხმება 11,2 პროცენტი, 5,7 კი საერთოდ არ ეთანხმება. „განცდა მაქვს, რომ ეს ნამდვლად ჩემი სკოლაა“, – არ ეთანხმება 12,2 პროცენტი, საერთოდ არ ეთანხმება 6,1 პროცენტი. გამოკითხვაში მერვე და მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კვლევაში მსოფლიოს 44 ქვეყანა იყო ჩართული, მათ შორის საქართველო. კვლევაში არ არის მოსწავლეების მოსაზრებები, თუ რატომ არ უყვართ სკოლაში ყოფნა.

 მოსწავლეები სკოლის სიძულვილის მიზეზებზე

ზალინა მე-11 კლასელია. ათოსანი, აქტიური. სამი სკოლა გამოიცვალა, სწავლობდა კერძოშიც და საჯაროშიც. ის იმ მიზეზებზე გვესაუბრება, რის გამოც ბავშვებსა და მოზარდებს სკოლა არ უყვართ. უფრო მეტი, – სძულთ კიდეც. სკოლის სიძულვილის ათი მიზეზი ჩამოთვლილია რბილ, მწვანეყდიან დღიურშიც, რომელიც მის მეშვიდეკლასელ ძმას ეკუთვნის. „ჩვენ საერთო პოზიცია გვაქვს ამ თემაზე, ამიტომ, ზუზუც მაძლევს უფლებას, რომ ამ ფურცლებზე ჩამოწერილი  სიძულვილის ათი მიზეზი, ამ მწვანე ყდის იქეთ გამოვიტანო“, -გვეუბნება ზალინა.

მოსწავლის დღიური, სადაც სკოლის სიძულვილის მიზეზები წერია

მოსწავლის დღიური, სადაც სკოლის სიძულვილის მიზეზები წერია

სკოლის სიძულვილის ერთ-ერთ მიზეზად მოსწავლეები მასწავლებლის მიმართ შიშს და ცუდ ნიშანს ასახელებენ. სულ მახსოვს მასწავლებლის შიში. ერთის განსაკუთრებით. როცა გაკვეთილზე შემოვიდოდა, ყველა იყო დაძაბული. ჩემი ნებისმიერი სიტყვა აღიზიანებდა.თუ დაფასთან გაგიძახებდა და რაიმეს ვერ გააკეთებდი, საყვედურებით აგავსებდა: „რატომ არ იცი?“, „რატომ ვერ გააკეთე?“… მასწავლებლების გარკვეული ნაწილი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელია და ეს დიდიპრობლემაა“, -გვიზიარებს თავის გამოცდილებას ზალინა.

სკოლის სიძულვილის შემდეგ მიზეზად მოსწავლეები „ტროლინგს“ და ბულინგს ასახელებენ. „დაცინვა, ქილიკი – „ეს ოროსანია“, „ვერ სწავლობს“, „შტერია“… ძალიან მოქმედებს ბავშვებზე. გააჩნია დაცინვასაც, იყო შემთხვევა, როცა ინგლისურის მასწავლებელმა ისე ცუდად დასცინა ბავშვს,რომ კომპლექსი ჩამოუყალიბა“, -გვეუბნებიან მოზარდები.

იმ ბავშვების აზრით, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, სკოლასთან გაუცხოებას სხვა ბავშვებისა და პედაგოგების დამოკიდებულებაც იწვევს. ზუკას დღიურში ჩაწერილ ფრაზას – „კარგად არ მიცნობენ“ შემდეგნაირად გვიხსნიან: „ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს არ ეძლევა შესაძლებლობა წარმოაჩინოს საკუთარი ინდივიდუალიზმი, რეალიზება მოახდინოს საკუთარი თავის. გიზღუდავენ უფლებასგამოხატო საკუთარი აზრი, სულ იმას იმიზეზებენ, კლასში ბევრნი ხართ და ყველას აზრს ვერ მოვისმენთო“.

მოზარდების აზრით, ეს მასწავლებლის პროფესიონალიზმის ამბავია, რადგან მათი თქმით, თუ ერთი პედაგოგი ახერხებს ყველას აზრის გაგებას, რატომ ვერ ახერხებს ამას სხვა?

მოზარდები ამბობენ, რომ სკოლაში საკმაოდ ხშირად სძალავენ ფულსაც, რაც ზოგიერთ ბავშვს ფსიქოლოგიურად თრგუნავს. „ყველა ბიჭი ფულს გთხოვს და ეს ხდება ყოველ დღე. თუ ერთხელ მისცემ და შემდეგ უარს ეტყვი, უკვე პრობლემაა, მათ „სასტავში“ აღარ ხარ და გრიყავენ“, -გვეუბნება ზალინა. მისი აზრით, ეს ყველაფერი არამეგობრულ გარემოს ქმნის და ბავშვებს სკოლაში მისვლას აძულებს. ურთიერთობების მოგვარებაში სკოლა ვერ ეხმარება მოზარდებს, ინერტულია მანდატურიც: „ცემაში მოკლავენ ბავშვები ერთმანეთს, მოდის პოლიცია და შემდეგ ისმის კითხვები – „მანდატური სად იყო, რა გააკეთა?“ – არც არაფერი გააკეთა“.

თედომე-10 კლასელია.მასაც აქვს სკოლის აუტანლობის თავისი მიზეზები. ერთ-ერთ მიზეზად არაჰიგიენურობას ასახელებს. ის ამბობს, რომ კლასში მერხები მტვრიანია და სუნი დგას, რადგან მასწავლებელი ფანჯრების გაღების უფლებას არ აძლევთ. „კიბეებს ქლორით წმენდენ, რაც ჩემს ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ვეღარ ვსუნთქავ“, -გვეუბნება ის.

თედო გრძელ თმებს ატარებს, რისთვისაც ზოგიერთი მასწავლებელი დასცინის – „კაცი გრძელი თმებით არ უნდა დადიოდესო“. მისი თქმით, მასწავლებლების დიდ ნაწილს კომუნიკაციის პრობლემა აქვთ. „სულ გიყვირიან და წყნარად საუბარი არ შეუძლიათ.მასწავლებელს, რომელსაც მოსმენა არ შეუძლია, მის გაკვეთილზე ვერ დავჯდები“, -გვეუბნება თედო.–„სკოლაში მხოლოდ ორი საგნის გამო დავდივარ, სხვა ყველა ერთნაირად უინტერესოა. რუსულის მასწავლებელი კი მხოლოდ რელიგიაზე მელაპარაკება და კარგ ნიშანს იმ შემთხვევაში მპირდება, თუ ეკლესიაში ვივლი“.

თედოს მასწავლებლების ორმაგ სტანდარტებიც აღიზიანებს. „ჩვენ სიგარეტის მოწევას გვიკრძალავენ, თვითონ კი ბიბლიოთეკაში ეწევიან“, -გვეუბნება ის.

 სისტემა განათლების წინააღმდეგ

რატომ ვერ გრძნობენ მოსწავლეები თავს კომფორტულად სკოლაში? – გამოკითხული მოსწავლეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ სკოლაში მოსწავლის აზრი ნაკლებად აინტერესებთ, გაკვეთილები დაცლილია შინაარსისგან და ყოველდღიურ რუტინად არის ქცეული. ანა მე-11 კლასელია. მისი აზრით, სასკოლო გაკვეთილებს მრავალფეროვნება, შემოქმედებითობა აკლია და „სურვილიც რომ გქონდეს ვერ იაქტიურებ“. მისი აზრით, გაკვეთილზე ცოდნის შეძენა სახალისო პროცესი უნდა იყოს.

„ფუჭად ვატარებთ წლებს, სკოლა იმაშიც კი ვერ გვეხმარება, რომ პროფესია სწორად ავირჩიოთ და 12 წლის შემდეგ ნათლად გვქონდეს გააზრებული რა პროფესიის დაუფლება გვინდა. ამიტომ დადის თითქმის ყველა ბავშვი რეპეტიტორთან და სკოლაში მხოლოდ იმიტომ, რომ  „არა“ არ დაგვეწეროს“, -გვეუბნება ანა.

რატომ არ არის სკოლაში მრავალფეროვნება და რატომ არის ყოველდღიური რუტინა? რა როლი მიუძღვის ამ პრობლემაში ქართულ საგანმანათლებლო სისტემას და რა განსაზღვრავს  წარმატებას?

გაკვეთილზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გაკვეთილზე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბათუმის მე-16 სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია მიიჩნევს, რომ სკოლაში შემოქმედებითი პროცესის დაკარგვამ განაპირობა ის, რომ ბავშვები სიხარულით არ დადიან სკოლაში. „რუტინული, ლექციური გაკვეთილები საბჭოთა სისტემისთვის იყო დამახასიათებელი და ის, რაც დღეს ხდება, ამ გამოცდილების ბრალიცაა.

ჩვენ ვართ საბჭოთა სკოლის მოსწავლეები, შემდეგ საბჭოთა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც მოვხვდით აბსოლუტურად სხვა მოთხოვნების მქონე სისტემაში“.

თამთას აზრით, საბჭოთა სისტემის პრობლემა  სწორედ ის იყო, რომ მოსწავლეს არ ჰქონდა შესაძლებლობა გაკვეთილზე დაესვა კითხვები. „ჩვენ მოსწავლის როლი აღქმული გვქონდა როგორც პასიური დაეს შემოგვრჩა დღემდე“.

პედაგოგის აზრით, სისტემის პრობლემაა ის, რომ დღეს მოსწავლე სკოლის ცენტრში არ დგას, „ისევე როგორც უნივერსიტეტის ცენტრში არ დგას სტუდენტი და, სამწუხაროა, რომ არც ახლა იცვლება სკოლაში, უნივერსიტეტში არაფერი. მე ვხედავ სხვა საფრთხესაც, თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ექნებათ კი ამ ბავშვებს სურვილი გახდნენ პედაგოგები, იქნებიან კი ისინი ჩვენზე უკეთესები?“-გვეუბნება თამთა.

 ირინა სარუხანიანი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის რუსულის მასწავლებელია. სკოლაში თითქმის 35 წელია ასწავლის. მისი აზრით, „საგანმანათლებლო სისტემა არ აძლევს ბავშვს შესაძლებლობას უკეთ რეალიზებული იყოს გაკვეთილზე. თუ მოსწავლეს პროტესტის გამოხატვა შეუძლია, მაშინ ის ამას დაუმორჩილებლობაში ავლენს“.

ირინას აზრით, ესეც პრობლემაა, რადგან არ არის კარგი, როცა მოსწავლეს მასწავლებლის ეშინია, რადგან ყვირილსძალიან ცუდი შედეგი მოაქვს.

„ამიტომვცდილობტონს მოვუარო და ბავშვში დავინახო პიროვნება თავისი პრობლემებით“, -გვეუბნება ის.

პედაგოგი ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის აბრაამ მასლოუს თეორიებს იშველიებს, სადაც საუბარია ბავშვის მოთხოვნილებების პირამიდაზე.

„პირველ საფეხურზე ბავშვის ფიზიოლოგიური მოთხოვნები დგას. მეც ვცდილობ პირველი საფეხურიდან შევხედო პრობლემას. თუ ბავშვს შია, სტკივა, ან  რაიმე სხვა პრობლემა აწუხებს, ის ვერ მოგისმენს გაკვეთილზე, ამიტომ ვცდილობ მსგავსი მოთხოვნები გავითვალისწინო. თუ სკოლაში ამ მოთხოვნილებებს არ ითვალისწინებენ, ბავშვს სკოლის მიმართ ინტერესი ეკარგება“.

კვლევაში – „მიყვარს სკოლაში ყოფნა“ – უარყოფითად პასუხობს ირლანდიელი მოსწავლეების 10 პროცენტი, მსგავსი მაჩვენებელი აქვთ მალტის სკოლებში; ყატარის და საუდის არაბეთის შემთხვევაში 11 პროცენტი, ყველაზე მაღალი, – 17 პროცენტი კი სლოვენიაში დაფიქსირდა.

კვლევის შედეგები

კვლევის შედეგები

კვლევა

კვლევა

„სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი და პედაგოგი მუხრან გულიაშვილი ევროპული სკოლების სისტემას იკვლევდა. ამბობს, რომ ფინეთის სკოლებში ყველაზე მეტად უხარიათ მოსწავლეებს სკოლაში ყოფნა. მისი თქმით, ფინეთის სკოლებში მოსწავლეების მოტივაციას არა მარტო შემოქმედებითი სასწავლო გარემო, ინფრასტრუქტურაც განაპირობებს.

„ფინეთის სკოლებში ბავშვებს დღის განმავლობაში მხოლოდ ოთხი გაკვეთილი უტარდებათ. ისინი საღამოს 6 საათამდე სკოლაში არიან, თუმცა არცერთ მოსწავლეს არ უჩნდება სურვილი, რომ სკოლა უფრო ადრე დატოვოს.

ბავშვები არ არიან გაკვეთილებზე გადაღლილები, კვება უფასო აქვთ, სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფილი, ინფრასტრუქტურა მთლიანად ბავშვზეა ორიენტირებული. თუ ბავშვი გაკვეთილზე დაიღლება, მას უფლება აქვს წამოწვეს. დასვენების დრო არის დიდი და მოსწავლეებს სოციალური ურთიერთობებისთვისაც მეტი დრო რჩებათ“.

მუხრან გულიაშვილის თქმით, ფინეთის სკოლებში ზამთარში ცოტათი ცივა, თუმცა, არცერთ ბავშვს არ მოსდის აზრად, რომ სახლში წავიდეს. „გაკვეთილების სტრუქტურამოსწავლეებს აძლევს მოტივაციას და არ უქმნის სტრესულ გარემოს“.

მუხრან გულიაშვილის აზრით, ქართველი ბავშვების მიერ სკოლის მიმართ ინტერესის უქონლობას სისტემა განაპირობს, რომელიც მასწავლებელს და მოსწავლესაც ჩარჩოებში აქცევს.

„სისტემა არ აძლევს მასწავლებელს უფლებას შეცვალოს პროგრამა. თუ ასე მოიქცევა, წლის ბოლოს პრობლემები შეექმნება, რადგან გამოცდები სწორედ ამ ჩარჩოებზეა აგებული.

ფინეთის სკოლების წარმატებას ისიც განაპირობებს, რომ კლასში მაქსიმუმ 20 ბავშვი ზის, სკოლები ინტეგრირებულია და მე-9 კლასის შემდეგ პროფესიული განათლება სისტემის ნაწილია.  მოსწავლეს შეუძლია არ წავიდეს სკოლიდან და ისე მიიღოს პროფესიული განათლება. ამისთვის სკოლა ძალიან მაღალ დონეზეა აღჭურვილი“.

მუხრან გულიაშვილის თქმით, კანადას და ფინეთს ერთნაირი მიდგომები აქვთ, ქართული მოდელი კი უფრო აზიურ სისტემას ჰგავს, სადაც სკოლა უფრო სტრესულია. „კორეაში, მაგალითად, ძალიან ძლიერია რეპეტიტორის ინსტიტუტი, ბავშვები 16 საათი მეცადინეობენ დღეში, რადგან ისინიც ჩვენსავით გამოცდებზე არიან ორიენტირებულნი“.

მისი აზრით, სკოლას უფრო მეტი ავტონომია უნდა მიეცეს,რომ შემოქმედებითი გახდეს.„სხვა შემთხვევაში, აზრი არ აქვს, საგნებს დაამატებ თუ მოაკლებ. უხარისხოდ რამდენ საგანს ასწავლი, მნიშვნელობა არ აქვს“, -გვეუბნება ის.

სპეციალისტების შეფასებით, ქართული საგანმანათლებლო სისტემა რადიკალურად უნდა შეიცვალოს, განათლებაში დახარჯული თანხები შედეგის ადეკვატური რომ იყოს.  ამასთან, სკოლა უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან და მასწავლებელი აღარ უნდა განიხილებოდეს მმართველი ძალის პოტენციურ ამომრჩევლად, მაშინ სახელმწიფოს მიდგომები იქნება უფრო რადიკალური და შეიმუშავებენ ერთიან პოლიტიკას“.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2016 წლებში სწავლის მიტოვების სტატისტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გაიზარდა.  2017 წლის მაისის თვის მონაცემებით, მოსწავლეთა რიცხოვნობა, რომლებმაც შეწყვიტეს და არ გააგრძელეს სწავლა ზოგადი ან პროფესიული განათლების დაწესებულებებში ასეთია:

მაჩვენებელი 2014 2015 2016
ირიცხებოდა მე-8 კლასში სწავლის მიტოვების დროს 386 275 299
მიატოვა სწავლა მე-9 კლასში სასწავლო წლის განმავლობაში 577 392 423
დაასრულა მე-9 კლასი, მიიღო საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და არ გააგრძელა სწავლა მე-10 კლასში 1496 1145 1079
მიატოვა სწავლა მე-10 კლასში სასწავლო წლის განმავლობაში 2371 2170 2025
ირიცხებოდა მე-11 კლასში სწავლის მიტოვების დროს 1418 1244 1007
გაკვეთილზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გაკვეთილზე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: