მთავარი,სიახლეები

პატიმრები კვების პრობლემებზე ციხეებში და საიდუმლო შესყიდვა

22.06.2017 • 4111
პატიმრები კვების პრობლემებზე ციხეებში და საიდუმლო შესყიდვა

ციხიდან გამოგზავნილ წერილებში, თუ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, პატიმრები ხშირად საუბრობენ ციხეებში კვების პრობლემაზე.

„პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უმრავლესობა უკმაყოფილოა შეთავაზებული საკვების ოდენობით, ხარისხითა და გემოთი“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში სახალხო დამცველი კვების ხარისხის კონტროლის მექანიზმსაც არაეფექტურად აფასებს, რადგან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური კომისიის შესვლას პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს წინასწარ ინფორმირებას ითვალისწინებს.

„სწორედ ამიტომ არსებობს მაღალი ალბათობა, რომ სასადილოს თანამშრომლების შემოწმების დღეს ამზადებენ უკეთესი ხარისხის საკვებს, ვიდრე შემოწმებამდე, ან შემოწმების შემდეგ. ასეთი ალბათობა კი, სურსათის ეროვნული საგენტოს დასკვნის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

ომბუდსმენის რეკომენდაციით, ინსპექტირება კვების ბლოკზე უნდა განხორციელდეს მოულოდნელად და შემოწმების შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ციხეში კვების პრობლემაზე 20 ივნისს, სასამართლო სხდომაზე მიმართა მოსამართლეს მერაბ ღოღობერიძემ. ის „ბათუმის აქციის საქმეში“ მასობრივი ძალადობის ორგანიზებაშია ბრალდებული.

სასამართლო პროცესის შემდეგ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ ინფორმაცია სააგენტო „ინტეპრესნიუსის“ საშუალებით თქვა, რომ მერაბ ღოღობერიძე, ისევე როგორც სხვა პატიმრები, უზრუნველყოფილი არიან დღეში სამჯერადი კვებით. სამინისტროს განცხადებაში ასევე იყო აღნიშნული, რომ „მერაბ ღოღობერიძემ ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მიიღო ამანათი – ორი ხაჭაპურის და ორი კილოგრამი ვაშლის ოდენობით“.

„ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადება, რადგან მერაბს ყოველ კვირაში ვუგზავნით ამანათს. გარდა ამისა, მინდა გავასაჯაროო ქვითრები, რაც მერაბმა 16 ივნისს გამომიგზავნა. წერილზე გარედან ეწერა, რომ ქვითრები არ გადამეყარა და ეს მას დასჭირდებოდა. ამ ქვითრებიდან ჩანს, რომ მერაბი საკვებს, ძირითადად, ციხის მაღაზიაში ყიდულობს“, – ამბობს მალუსა ღომიძე, მერაბ ღოღობერიძის მეუღლე.

ქვითრებიდან ჩანს, რომ მერაბ ღოღობერიძე ქუთაისში სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში სხვადასხვა პროდუქტს ყიდულობს და ორი თვის განმავლობაში ციხის მაღაზიაში დაახლოებით 400 ლარი აქვს დახარჯული.

რატომ ხარჯავს ამდენს მერაბ ღოღობერიძე ციხის მაღაზიაში პროდუქტის შეძენაზე, თუკი ადმინისტრაცია თითოეულ პატიმარს სათანადოდ კვებავს? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე სასჯელაღსრულების სამინისტროში გვითხრეს, რომ არ გააკეთებენ იმაზე მეტ განმარტებას, რაც „ინტერპრესნიუსით“ გაავრცელეს. უწყების პრესსამსახურის თქმით, სამინისტრო თითოეული პატიმრის სტანდარტების შესაბამისად კვებას უზრუნველყოფს და ამ კუთხით პრეტენზია არავის აქვს.

პატიმრების კვების ხარისხზე პრეტენზია თავად სასჯელაღსრულების სამინისტროს აქვს: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე იპოვით სასჯელაღსულების სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 14 ივნისს გამოცხადებულ ტენდერს – სამინისტროს საიდუმლო შესყიდვა კვების მომსახურებაზე. „კვებითი მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე, საიდუმლო შესყიდვის ახალი, ელექტრონული პროცუდურებით“, – მითითებულია დოკუმენტაციაში.

„საიდუმლო შესყიდვის“ აუცილებლობას სამინისტრო იმით ასაბუთებს, რომ აქამდე ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ იხდიდა კომუნალურ, სარემონტო და სხვა ხარჯებს, რაც არარაციონალურ ხარჯებს იწვევდა. „სამინისტროსა და კომპანიას შორის ვალდებულებების ამგვარი გადანაწილება მუდმივად იწვევდა დავას, რაც უარყოფითად აისახებოდა კვებითი მომსახურების ხარისხზე“, – წერია სასჯელაღსრულების სამინისტროს სატენდერო დოკუმენტაციაში.

qvitari 1

qvitari 2

ფოტოებზე: ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის მიერ ციხიდან გამოგზავნილი ქვითრები.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: