უკვე ერთი თვე გავიდა, რაც ბათუმის მერიამ ქალაქში [გოგებაშვილის ქუჩაზე] სუვენირების გამყიდველთა ჯიხურები აიღო, თუმცა ახალი ჯიხურების ჩადგმას დღემდე ვერ ახერხებს. მერიის შენობასთან პერიოდულად აქციას მართავენ სუვენირებით მოვაჭრეები და აცხადებენ, რომ მათ მერია და უშუალოდ მერი, ატყუებს. მორიგი აქცია სუვენირებით მოვაჭრეებმა მერიასთან დღეს, 21 ივნისსაც გამართეს.
„ახალი ჯიხურების ლოკაციის ადგილები საკრებულოს მიერ იყო განსაზღვრული, თუმცა ბათუმის მერიას სუვენირებით მოვაჭრეებმა მიმართეს თხოვნით, რომ კორექტირება მოხდეს ამ ლოკაციების. საკითხი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იქნება გატანილი, შევა კორექტირება და ხელახლა დაამტკიცებს საკრებულო. შესაბამისად, შემდეგ მოხდება ჯიხურების განთავსება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.
საკრებულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სხდომა ჯერ-ჯერობით ჩანიშნული არ არის. ამ დროისთვის არც აღნიშნული ცვლილების შესახებ, საკითხია საკრებულოში შესული მერიისგან, თუმცა საკრებულოში ელოდებიან, რომ დღის ბოლომდე ჯიხურებთან დაკავშირებული საკითხი საკრებულოში შევა. ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მორიგი სხდომა შესაძლოა უახლოეს დღეებში დაინიშნოს. სხდომის დანიშვნა საკრებულოს ბიუროს პრეროგატივაა, რომელიც სავარაუდოდ 22 ივნისს შეიკრიბება.
ერთი კვირის წინ სუვენირებით მოვაჭრეები აცხადებდნენ, რომ მერია აუქციონის გამართვას აპირებდა და ახალ სავაჭრო ჯიხურებში მათ მუშაობის საშუალება აღარ მიეცემოდათ. ბათუმის მერიაში კი განმარტავდნენ, რომ აუქციონი არ იგეგმებოდა და უახლოეს დღეებში ახალი სავაჭრო ჯიხურები მოვაჭრეებს იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემოდათ. ერთი სავაჭრო ჯიხურის წლიური ღირებულება 250 ლარი იქნება.
ბათუმის მერიაში დღესაც აცხადებენ, რომ ეს პირობები ძალაშია.
ბათუმის მერიის ოფიციალური განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე სავაჭრო ჯიხურები უკანონოდ იყო განთავსებული და მერიამ ტერიტორია ამიტომ გაათავისუფლა.