მთავარი,სიახლეები

„რეალ მშენმა“ ზუბალაშვილის #39-ში, ძეგლზე მშენებლობის ნებართვა ითხოვა

21.06.2017 • 3667
„რეალ მშენმა“ ზუბალაშვილის #39-ში, ძეგლზე მშენებლობის ნებართვა ითხოვა

კომპანია „რეალ მშენს“ ბათუმში, ზუბალაშვილის #39-ში მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა სურს. შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. წინა წლებში ამ ადგილზე მშენებლობას კომპანია „ნიუ ჰაუსი“ ცდილობდა, თუმცა მაშინ კომპანიის მფლობელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ თავისივე გაცემული მშენებლობის ნებართვა გააუქმა. მოგვიანებით, „ნიუ ჰაუსის“ დამფუძვნებელმა პროექტით სუსის მაღალჩინოსნის დაინტერესებაზე განაცხადა. გარდა ამისა, თავის დროზე ბიზნესმენმა თემელ ლომაძემ ამის შესახებ აჭარის ხელისუფლების პირველ პირს, არჩილ ხაბაძესა და სუს-ის პირველ პირს აჭარაში, ირაკლი ერისთავს წერილობით აცნობა.

გასული წლის მარტში თემელ ლომაძე „ბათუმელებთან“  ამბობდა, რომ მის ჩანაცვლებას გეგმავდა კომპანია „რეალ მშენი“, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელს წილები ასევე აქვს იმ კომპანიაში, რომელსაც არჩილ ხაბაძემ ორი წლის წინ 60-მილიონიანი „ანბანის კოშკი“, 20 წლის ვადით, ერთ ლარად სამართავად გადასცა.

ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ „რეალ მშენს“ ზუბალაშვილის #39-ში მშენებლობის ნებართვის მიღება სურს და პროექტის შესათანხმებლად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც მიმართა. სააგენტომ კი ის დოკუმენტებში ხარვეზის გამო უკან დააბრუნა. განმეორებით კომპანიას სააგენტოსთვის, ჯერჯერობით, არ მიუმართავს.

კომპანია „რეალ მშენი“ 2015 წელსაა დაფუძნებული და მას ნუგზარ ჭაღალიძე ფლობს, კომპანიის დირექტორად კი რამაზ დიასამიძე ფიქსირდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: