აჭარის ქონების მართვის წესში ცვლილებები შევიდა

პირს, რომელიც დაადასტურებს, რომ ის ათ წელზე მეტ ხანს ცხოვრობს მის მიერ დაკავებულ არასაცხოვრებელ ფართობში, აჭარის მთავრობა მას ამ ფართობს უსასყიდლოდ გადასცემს – აჭარის ქონების მართვის წესში ცვლილებები შევიდა.

ცვლილების მიხედვით, მთავრობას დაინტერესებულმა პირმა უნდა წარუდგინოს კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები და ორი მოწმე, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ მთავრობისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ. ინფორმაცია შეიძლება უბნის რწმუნებულთანაც გადამოწმდეს.

აჭარის მთავრობას უფლება ექნება, კერძო პირს ქონება არა სიმბოლურ ფასად, არამედ უსასყიდლოდ გადასცეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გელა ცინცაძის განმარტებით, ეს მოქალაქეს ისეთ ბიუროკრატიულ პროცესს აარიდებს, როგორციაა სიმბოლური თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, შემდეგ მისი რეესტრში რეგისტრაცია და სხვა პროცედურები.

პროექტის მიხედვით, ეს წესი გავრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ ფართობი.

წესის მოქმედება არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ:

ფართობთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა ფაქტობრივი მფლობელობის ან საკუთრების თაობაზე;

დადგენილი წესის შესაბამისად არ დგინდება პირის მიერ ფართობის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი;

კომისიისათვის ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შესაბამისი ფართობით სარგებლობის უფლება დაუდგინდა სხვა პირს.

პროექტის მიხედვით, ფაქტობრივ მფლობელებად არ ჩაითვლებიან და, შესაბამისად, ამ წესით განსაზღვრული უფლებები არ წარმოეშობათ იმ პირებს, რომლებიც ფართობს სარგებლობენ ფაქტობრივ მფლობელთან შეთანხმებით.

გარდა ამისა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ  პირველი მოსმენით მიიღო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“  კანონში ცვლილების კიდევ ერთი პროექტი.

კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია ქონება უსასყიდლოდ გადასცეს ფიზიკურ პირებს ხელისუფლების ორგანოების მიერ შექმნილი შესაბამისი კომისიების რეკომენდაციის საფუძველზე, სოციალური პირობების გაუმჯობესების ან ხელისუფლების ორგანოების მიერ მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ დღეს არსებული რედაქციით მოქალაქეებს ქონება გადაეცემათ სიმბოლურ ფასად ერთ ლარად, რაც ქმნის ბევრ ბიუროკრატიულ ბარიერს.

„უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, ერთი ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, რის გამოც მოქალაქეს უწევს ვალდებულების რეგისტრაციის საფასურის გადახდა 55 ლარის ოდენობით. ლარის გადახდის შემდეგ კი ქვითარი უნდა წარმოადგინოს სამინისტროში, ხოლო 4-5 სამუშაო დღის შემდეგ, სამინისტროს წერილობითი დასტური საჯარო რეესტრს უნდა წარუდგინოს.

ცვლილების მიღების შემდეგ მოქალაქეები აღარ იქნებიან ვალდებულნი გაიარონ ეს პროცესები და ისინი საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეძლებენ.“

მეცხრამეტე მუხლის ცალკეული პუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. მეორე პუნქტით განისაზღვრა, რომ ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საკითხის ინიციატორი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება ქონების მართვისა და განკარგვის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

„ ამ ნორმით კანონი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონთან და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით არსებულ სახელმწიფო პოლიტიკასთან. ჩვენი მიზანია მოქალაქეებმა ნაკლები დრო და ფინანსური რესურსი დახარჯონ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების რეგისტრაციისას და მინიმუმამდე შემცირდეს ბიუროკრატიული პროცესები,“-განმარტავს რამაზ ბოლქვაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი