მთავარი,სიახლეები

ახალგაზრდა მუსიკოსების კონკურსი ბათუმში

19.06.2017 • 1826
ახალგაზრდა მუსიკოსების კონკურსი ბათუმში

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში რიგით მეხუთე აჭარის რეგიონალური ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი გაიმართება.

კონკურსი 19  ივნისს დაიწყება და 25 ივნისს  გალა კონცერტით დასრულდება. კონკურსში აჭარის სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების ასამდე სხვადასხვა კატეგორიის მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. სულ წარმოდგენილი იქნება ოთხი სამუსიკო განყოფილება:  საფორტეპიანო, საორკესტრო, საგუნდო და ვოკალური.

კონკურსის მსვლელობისას სხვადასხვა სახის ვიქტორინა და მასტერკლასები ჩატარდება.ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის, ნინო ჩაიძის თქმით, მონაწილეებს ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროგრამა ელოდება.  „ეს არ იქნება მხოლოდ კონკურსი, არამედ შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებაც. სასიხარულოა,  რომ კონკურსმა აქტიურობა და დინამიკა დღემდე შეინარჩუნა, მონაწილეების შესაძლებლობები, მათი ზრდა-განვითარება ყოველწლიურად კონკურსის მრავალფეროვნებასა და სიახლეს ქმნის, ჩვენი მხრიდან კი მათი წახალისება და მოტივაციაა საჭირო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დაინტერესებას, პედაგოგების ჩართულობას, კლასიკური მუსიკის განვითარებას,“ – გვეუბნება ის.

კონკურსს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან და თბილისის ნიჭიერთა ათწლედიდან მოწვეული ჟიურის წევრები დაესწრებიან. გამარჯვებულ მონაწილეებს ფულადი პრემიები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ, ასევე დაჯილდოვდებიან პედაგოგებიც.

კონკურსი სამუსიკო სასწავლებელმა დააფუძნა და მისივე ბიუჯეტით ფინანსდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: