IMG_20170619_121316

საპროტესტო აქცია სასამართლოსთან – „ბათუმის აქციის საქმე“

„შერჩევით სამართალზე“ საუბრობენ „11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებული პირების ახლობლები. ისინი ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები მასობრივ ძალადობასა და პოლიციისადმი თავდასხმაში ბრალდებულების უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ.

„ამ ბიჭებმა შეიძლება რაღაც მიზერული შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მარტო ამ 19-მა კაცმა გადაწვა ბათუმი?… პოლიციამ პოლიციის საქმე უნდა აკეთოს, ასეც არ დგას საკითხი, მაგრამ მაინცადამაინც იმ დღეს რატომ გაუჩნდა აგრესია ხალხს პოლიციის მიმართ, ეს შეკითხვა რატომ არ ისმება?“ – კითხულობს ლევან გორგილაძე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ზებურ მახარაძე ამბობს, რომ ისინი პროკურატურის შეთავაზებაზე, ანუ ბრალის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმების მიღებაზე, უარს ამბობენ:

„ეს მიუღებელია, რადგან ბრალდებულები უდანაშაულონი არიან და ეს დამტკიცდება. ამ დონეზე რატომ მიიყვანეს ახალგაზრდები, ეს თქვან. შეიძლება ვიღაცამ პროვოკაცია ჩააგდო, არ ვიცი… ჩვენ საპროტესტო აქციებს მოვაწყობთ, ვიდრე დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ,“ – გვითხრა ზებურ მახარაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 საათზე გაიმართება „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულების მორიგი პროცესი. ბრალდებული სულ 19 პირია.

ამავე საქმეზე ბრალდებულნი არიან მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკიაც. მათ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად.

IMG_20170619_121100

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი