სარფის საბაჟო.  თორნიკე თავაძის ფოტო

333 გრამი ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სარფში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, სარფის საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით, 333 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულებამ 24 197 ლარი შეადგინა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 – დან 5 წლამდე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი