ლარი 1

ფასის ლარით მითითების წესის დარღვევაზე ადმინისტრირებას შემოსვლების სამსახური განახორციელებს

2017 წლის პირველი ივლისიდან ფასის ლარით მითითება სავალდებულო ხდება. პირველი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს.

„15 ივნისიდან პირველ ივლისამდე, შემოსავლების სამსახური, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს. ამ ხნის განმავლობაში, მომხმარებელს ექნება საშუალება ისარგებლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი 2 299299, უბნის საგადასახადო ოფიცრებისა და საგადასახადო მრჩევლის „პრივეს“ მომსახურებით. მეწარმეებს გაეგზავნებათ როგორც სატელეფონო, ასევე ელექტრონული შეტყობინებები. დაგეგმილია ღია კარის დღეები თბილისსა და რეგიონებში. გრაფიკი გამოქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებ და facebook გვერდებზე“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის ლარით დადების წესის დარღვევაზე, ადმინისტრირებას სწორედ შემოსვლების სამსახური განახორციელებს.

სამსახურის ინფორმაციით, წინადადების მიმცემის ან რეკლამის დამკვეთის მიერ ცვლილებით გათვალისწინებული წესის დარღვევა, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს მეწარმის გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარით განისაზღვრა. ყოველი მომდევნო დარღვევისას კი, მეწარმე სუბიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

ლარით სავალდებულო ფასდადების მოთხოვნა მეწარმე სუბიექტებს შეეხება.

ამასთან, მზადდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტი იმ საგამონაკლისო შემთხვევებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მეწარმის მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვა, შესაძლებელი იქნება უცხოურ ვალუტაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი ტელ.: [0422] 27 45 12 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com