ყოფილი „მზიურის“ ტერიტორია / ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანი ხე / 2017 წლის აპრილი / თედო ჯორბენაძის ფოტო

კომპანია, რომელსაც აჭარის მთავრობამ „მზიური“ და „მახინჯაური“ პირდაპირ მიჰყიდა, ამ ქონებას ყიდის

ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაური“ კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად გასული წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ კი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, 2016 წლის 4 ოქტომბერს, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების [ან ქონების ნაწილის] იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას.

„აღნიშნული უძრავი ქონე[ბე]ბის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის საკითხზე გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის განხილვა, რის შემდგომაც გეცნობებათ დამატებით,“ – აღნიშნულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის მიერ კომპანიისთვის, გასული წლის 13 ოქტომბერს გაგზავნილ საპასუხო წერილში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საბოლოო პასუხი სამინისტროს კომპანიისთვის ამ დრომდე არ გაუცია. „ბათუმელები“ ამჯერად „სტატოტელს“ ვერ დაუკავშირდა, თუმცა, კომპანიას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, თავიდანვე ჰქონდა უფლება გაესხვისებინა ქონება, რაზედაც სამინისტრო, ფაქტობრივად, უარს ვერ ეტყოდა.

„საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ კომპანია უფლებამოსილია სამინისტროსთან შეთანხმებით ქონება გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებით. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი განაცხადოს უარი ქონების გასხვისებაზე, თუ გასხვისება ხდება იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით“- აღნიშნულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „სტატოტელს“ შორის გაფორმებულ პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებაში.

ხელშეკრულების მიხედვით, მახინჯაურში, „მზიურის“ ტერიტორიაზე, 100-ნომრიანი სასტუმრო 38 თვეში, ხოლო სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე [„გოგირდის აბანოები“] ექსპლუატაციაში 42 თვეში უნდა შევიდეს. მესაკუთრემ უნდა დაასაქმოს 120 მოქალაქე და ობიექტებს პროფილი 10 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. კომპანიამ 3370 კვ/მ-ზე, 42 თვეში უნდა მოაწყოს სარეკრეაციო ზონაც. ამ ყველაფერში კი „სტატოტელმა“ 10 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გასული წლის სექტემბრიდან დღემდე „მზიურისა“ და „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე სამუშაოები ფაქტობრივად არ დაწყებულა. ამ დრომდე „მზიურის“ ტერიტორიას კი ბიძინა ივანიშვილის პარკში მრავალწლოვანი ხეების გადასატანად იყენებდნენ.

რეესტრის ბოლო ამონაწერით „მზიური“ და „მახინჯაური“ შპს „სტატოტელის“ საკუთრებაშია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის საქმიანობა სახელმწიფო აუდიტმა შეისწავლა. ფინანსური აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „2016 წელს 11 შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზება განხორციელდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით. დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებული 7 მილიონ 88 ათას 200 ლარის ღირებულების ქონება, გასხვისებული იქნა 6 მილიონ 572 ათას 200 ლარად. ამასთან, 6 შემთხვევაში საპრივატიზაციო საფასურად 1 ლარი განისაზღვრა, ხოლო გადასახდელად განსაზღვრული თანხიდან 6 მილიონ 445 ათას 100 ლარზე დაწესდა გადახდის გრაფიკი“.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონი 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების ქონების პირდაპირი განკარგვის შემთხვევებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმირებას ითვალისწინებს, თუმცა აღნიშნულის დოკუმენტური დადასტურება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არსებულ საქმეებში არ მოიპოვება“ აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული კანონის მიზანი ისეთი ურთიერთობების უზრუნველყოფაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. ამავე დროს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანი, საკუთრების უფლების გადაცემაა იმ მყიდველზე, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობებს. მიუხედავად ამისა, აუდიტი ასკვნის, რომ

„2016 წელს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებული ობიექტების საქმეების მასალების ანალიზის მიხედვით, რიგ შემთხვევებში მიღებული გადაწყვეტილებები შეუსაბამოა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრულ მიზნებთან“.

აღნიშნულის ერთ-ერთ მაგალითად კი აუდიტს სამინისტროსა და შპს „სტატოტელს“ შორის, 2016 წლის 16 სექტემბერს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჰყავს:

„აუდიტის პერიოდისათვის, შპს „სტატოტელს“ ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულება არ აქვს გადახდილი. ამასთან, 2016 წლის 4 ოქტომბრისთვის სამინისტროდან ითხოვს ქონების იპოთეკით დატვირთვისა და გასხვისების ნებართვას. სამინისტროს, აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, ნებართვა არ გაუცია“.

აუდიტი ფინანსურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ „2008-2012 წლებში პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვისა და დაყადაღების გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად, კვლავ ვერ ხერხდება 160 ათასი აშშ დოლარისა და 2 მილიონ 476 ათას 800 ლარის ღირებულების ქონების ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში დაბრუნება“.

ამავე თემაზე:

ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად

რეკრეაციულ ზონაში ბიძინა ივანიშვილისთვის ხეებს ჭრიან და თხრიან

ყოფილი „მზიურის“ ტერიტორია / ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანი ხე / 2017 წლის აპრილი / თედო ჯორბენაძის ფოტო

ყოფილი „მზიურის“ ტერიტორია / ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანი ხე / 2017 წლის აპრილი / თედო ჯორბენაძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი ტელ.: [0422] 27 45 12 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com