მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა „ჯარას“ დახურულ ჩვენებაზე

17.06.2017 • 2780
აჭარის მთავრობა „ჯარას“ დახურულ ჩვენებაზე

დოკუმენტური ფილმის „ჯარას“ პრემიერა გუშინ ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ შედგა. პრემიერას, ძირითადად, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ  რადგან  ადგილების რაოდენობა შეზღუდული იყო, ამიტომ დახურეს ჩვენება. „კინოთეატრ „აპოლოში“ 154 ადგილია  და ვინც მოვიწვიეთ მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ დარბაზში“ – გვეუბნება სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თეა ვადაჭკორია.

მისივე ინფორმაციით, პრემიერაზე  მოსაწვევ პირთა სია სამინისტრომ განსაზღვრა: „მოვიწვიეთ მუნიციპალიტეტები, სადაც ეს ფილმი იყო გადაღებული, 35 კაცი ფილმის  გადამღები ჯგუფი იყო.  მთავრობიდან იყვნენ მინისტრები და მოადგილეები, გამგებლები, 35 ადგილი მივეცით იმ სოფელს, სადაც მოხდა ფილმის გადაღება, ამას დაემატა ჩვენი თანამშრომლები – ჯამში 40-მდე. ესენი იყვნენ  სამინისტროს ის თანამშრომლები, ვინც ამ ფილმისთვის დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღო. ბუნებრივია, დასწრების სურვილი უფრო მეტს ჰქონდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ იყო“, – გვეუბნება თეა ვადაჭკორია.

გარდა ჩამოთვლილი პირებისა, პრემიერას ესწრებოდა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. შეზღუდული იყო ჟურნალისტთა რაოდენობაც.

„ჯარას“ გადაღებები მაჭახლის ხეობაში, ჩირუხის მთაზე, მერისსა და სხვა სოფლებში მიმდინარეობდა. ფილმის მთავარი მოქმედი გმირი მერისის მცხოვრები გივი თურმანიძეა, რომელიც ველურ ბუნებაში თაფლს ამზადებს.

ჯარა ორად გაყოფილი ხის მორისგან დამზადებული სკაა, სადაც ფუტკრის ოჯახია ჩასმული. ფილმის პრემიერას მთავარი გმირი, გივი თურმანიძეც ესწრებოდა.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „ჯარა“ 15 000 ლარით დააფინანსა. ფილმს სხვა დამფინანსებლებიც ჰყავს.

„ჯარას“ პირველი პრემიერა თბილისში გაიმართა, მეორე ჩვენება კი ბათუმში.

c

გადაბეჭდვის წესი


ასევე: