მედეა გვენეტაძე

ჯეჯელავამ სკოლის არჩეული დირექტორი გაათავისუფლა – დირექტორი სასამართლოში ჩივის

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დღეს, 16 ივნისს, საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანება მიიღო თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. მინისტრის ბრძანების მიხედვით, დირექტორი სკოლიდან შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძველზე არის გათავისუფლებული. მედეა გვენეტაძე არჩეული დირექტორია, მას ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წელს ეწურებოდა.

მედეა გვენეტაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მინისტრ ჯეჯელავას, აჭარის განათლების სამინისტრომ მიმართა. მიმართვის საფუძველი ამ უკანასკნელის აუდიტის სამსახურის დასკვნები იყო, რის მიხედვითაც პირველ საჯარო სკოლაში გარკვეული ადმინისტრაციული დარღვევები გამოიკვეთა.

სკოლის სამეურვეო საბჭო არ დაეთანხმა აუდიტის დასკვნას –  მედეა გვენეტაძეს კვლავ გამოუცხადა ნდობა და თანამდებობაზე დატოვა. ამის მიუხედავად, აჭარის განათლების სამინისტრომ მაინც მიმართა ალექსანდრე ჯეჯელავას მედეა გვენეტაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით.

„პირველ ეტაპზე მინისტრმა არ მოაწერა ხელი ჩემი გათავისუფლების ბრძანებას. თუმცა, არ ვიცი შემდეგ რა გადაუგზავნეს აჭარის განათლების სამინისტროდან. ამის შემდეგ მომივიდა გათავისუფლების ბრძანება მინისტრისგან“, – ამბობს მედეა გვენეტაძე.

ის საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის სწავლობს დოკუმენტაციას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიცავს თუ არა მედეა გვენეტაძის უფლებებს სასამართლოში.

„ვაპირებს მივმართო სასამართლოს, მე დავა მაქვს აჭარის განათლების სამინისტროსთან და სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება, მანამდე არ შეუძლიათ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნონ“, – ამბობს მედეა გვენეტაძე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com