როდის დასრულდება ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს 16 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ანგისის დასახლებაში საწვრთნელი სპორტული ბაზის მშენებლობას დაათვალიერებს. ამ ბაზას ბათუმის მერია აშენებს, თანხა კი ქალაქის ბიუჯეტიდან იხარჯება.

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა შპს „ენერგოსექტორმშენმა“ დაიწყო, რომელთანაც ბათუმის მერიამ ხელშეკრულება, აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ქალაქის მერიას 2 მილიონი ლარი ავანსად ჰქონდა ჩარიცხული კომპანიისთვის. ამ ხელშეკრულების მიხედვით, სპორტული ბაზა 2016 წლის 17 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მერიამ, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, ხელახალი ტენდერი გამოაცხადა საწყისი თანხით –  4 მილიონ 116 ათას 170 ლარი, რაც წინა შესყიდვის ბიუჯეტზე 800 ათასი ლარით ნაკლები იყო. ბათუმის მერიაში მაშინ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „ენერგოსექტორმშენმა“ მილიონ 600 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, რაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. შეუსრულებელი ვალდებულებისთვის კი კომპანია 240 ათასი ლარით დაჯარიმდა, რაც მერიამ გარანტორი ბანკისგან ამოიღო.

თებერვლის თვეში გამოცხადებული ტენდერი არ შედგა [არავინ მიიღო მონაწილეობა]; შემდეგ ტენდერი გამოცხადდა მარტში, თუმცა დასრულდა უარყოფითი შედეგით [მხოლოდ შპს „მონოლითი 2005“ მონაწილეობდა, რომელსაც დისკვალიფიკაცია მიეცა]; მესამედ კი, მიმდინარე წელს, ტენდერი – ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე – ისევ მარტის თვეში გამოცხადდა და შპს „მონოლითი 2005“-მა გაიმარჯვა, რომელიც ამ ტენდერშიც ერთადერთი პრეტენდენტი იყო.

ხელშეკრულება „მონოლითი 2005“-თან ბათუმის მერიამ 2017 წლის 29 მარტს გააფორმა. ხელშეკრულების თანხა იგივეა რაც სატენდერო თანხა – 4 116 170 ლარი. ამ ხელშეკრულების მიხედვით სპორტული ბაზის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

„მონოლითი 2005“ უკვე წლებია რაც მერიის მიერ გამოცხადებულ არაერთ ტენდერს იგებს.

ანგისის სპორტული კომპლექსი მოიცავს ორ მოედანს და მშვილდოსნების არენას. ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მოეწყობა დარბაზი მოჭიდავეებისთვის. სატენდერო პირობებით შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული უნდა იყოს.

cms-image-000050971-e1486456719133

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com