სიახლეები

შუა აზიიდან ბათუმამდე მატარებლის კიბეზე

02.09.2014 • 2259
შუა აზიიდან ბათუმამდე მატარებლის კიბეზე

 

მამაჩემი იყო პროფესორი, ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ასწავლიდა. დედა ხარკოვში გააგზავნეს სასწავლებლად. 7 წლის რომ ვიყავი, 1937 წელი იყო, მამა მაშინ დააპატიმრეს, დედაჩემიც. როცა მშობლები დააპატიმრეს, ჩვენ 72 წლის ბებიასთან დავრჩით, მარტო გვზრდიდა, მე კიდევ ორი და მყავდა.

 

ჩვენთან ერთად იზრდებოდა ჩემი ბიძაშვილის გოგოც, ბიძაჩემი თურმე 29 წელში (მე დაბადებულიც არ ვიყავი) დააპატიმრეს და დახვრიტეს როგორც “შპიონი”. მამამ, დედამ და ბიძამ აზერბაიჯანული სკოლა გახსნეს ბათუმში, მაშინდელი ქალაქის მერის ხელშეწყობით, ეს სკოლა რუსთაველისა და მარქსის ქუჩების კვეთაში იყო…

მე გადმოცემით ვიცი, რომ 20-იან წლებში დედა იყო აჭარის თუ ბათუმის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ასეთი ორგანიზაცია იყო თურმე. ახლა ბათუმში რომ თეატრია, იმის მიმდებარედ დედას ორგანიზებით პირველად ქალებმა აქცია გამართეს, კოცონი დაანთეს და ჩადრები დაწვეს. ასე ამტკიცებდნენ, რომ ქალები თავისუფლები იყვნენ და შეზღუდვებს ანგრევდნენ. მებრძოლი ქალი ყოფილა დედა… ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო მემედ აბაშიძე. ის იყო ჩვენი ოჯახის წევრი, მემედ აბაშიძე მე არ მახსოვს და მისი შვილი იბრაიმი კარგად მახსოვს, მოდიოდა ჩვენთან სახლში, ხელში ამწევდა და მეთამაშებოდა…

 

დრო გადიოდა, ჩვენ გვიჭირდა… 1941 წელში ომი დაიწყო, მე 11 წლის ვიყავი. მაშინ კკბ-ს ეშინოდა ყველას, მეზობლებიც ჩუმად შემოუტანდნენ საჩუქარად ბებიას პურს… 1944 წელს 14 წლის ასაკში ბებია და მე გადაგვასახლეს, ღამე მოვიდნენ, მივდივართო. თქვეს “ვეში” რაც გინდა აიღეთო. ჩემი დები დატოვეს. ჩვენ წაგვიყვანეს, სატვირთო მატარებელი გაავსეს. ვაგონში მე, ბებია და დეიდაჩემის პატარა ბავშვი ვიყავით. 18 თუ 20 დღე მატარებელში გავატარეთ. ჩამოგვიყვანეს ყირგიზეთში, იქ მატარებელი არ დადიოდა, სატვირთო მანქანებზე დაგვსვეს. არც საჭმელი, არც წყალი. დაგვტოვეს, რომ იქ მომკვდარიყავით. გათოვდა, მე ძალიან დავსუსტდი, სიარულიც მიჭირდა. ბებია მოკვდა შიმშილისგან… მარტის თვე იყო. თოვდა. 7 დღე საერთოდ არაფერი მიჭამია, ბებია თოვლში დავმარხე… მერე ხორბალი მოგვცეს და სამი თვე ვჭამდით ხორბალს…

 

თემურ კაკაბაძე

ჩემი და ხულოში მასწავლებელი იყო. ისიც გადაასახლეს ყირგიზეთში. მან ის მოახერხა, რომ სადაც თითონ იყო, იქ გადამიყვანა. ჩემი და ყირგიზეთის სკოლაში რუსულს ასწავლიდა, ხელფასსაც უხდიდნენ და მშიერი არ ვიყავი.
ჩვენს ოჯახში მუსიკა უყვარდათ, სახლში პიანინო გვქონდა, იმ დროს ბათუმში სულ სამი თუ ოთხი ოჯახი, იყო ვისაც პიანინო ჰქონდა. მე “სკრიპკას” ვსწავლობდი 6 წლის ასაკში. ჩემს დასთან რომ გადავედი საცხოვრელბლად, სწავლის გაგრძელება მოვინდომე. გავიგე, რომ ჩვენგან 24 კილომეტრში სახელოსნო იყო, წავედი სახელოსნოში და მიმიღეს კიდეც. მათემატიკაში დამისვა რამდენიმე კითხვა მასწავლებელმა და რომ ვუპასუხე, შემაქო. მივხვდი, რომ იქ ვერ ვძლებდი და ბათუმში გამოპარვა გადავწყვიტე.

 

ფული არ მქონდა. ჩემთან სკოლაში ყირგიზი ბიჭი იყო, ვმეგობრობდით. რომ გაიგო ბათუმში მოვდიოდი, ჩემთან ერთად გადაწყვიტა წამოსვლა, ჩემმა დამ მომცა საჭმლის ფული. ხან ფეხით, ხან მატარებლით, ხან გემით, ბათუმამდე ჩამოვედით. მატარებლის ბილეთს ვერ ვიყიდდით, ამიტომ თითქმის 20 დღე მატარებლის კიბეებზე ვიდექით, ასე ვმგზავრობდით, მეშინოდა არ ჩაგვძინებოდა. შუა აზიიდან ბათუმამდე კიბეზე დამდგარი ვიმგზავრეთ.
ბათუმში სახელოსნოში დავიწყე მუშაობა, ჩემი ყირგიზელი მეგობარი ვერ მიიღეს სახელოსნოში და ის უკან დაბრუნდა. გზის ფული ჩემმა დამ მისცა.

 

აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეები

1948 წელს სახელოსნოში სწავლა დავამთავრე. მუსიკალურ ინსტრუმენტზეც ვუკრავდი და ჩვენ, ორკესტრი, ცალკე ვცხოვრობდით. მოვიდა ლეიტენანტი და მითხრა „მარიახოდკის“ უფროსი გეძახისო. უფროსი პოლონელი იამბოლსკი იყო, შევედი მასთან და კკბ-ს მაიორი დამხვდა.
„დავაი რასკაჟი ატკუდა სავერშილ პაბეგ?“ – მითხრა… მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე; ია პაბეგ ნე სავერშალა, ია სბაბუშკოი ბილ კირგიზი, ბაბუშკა ს გოლოდიუ უმერლა ტამ ია ასტალსა ადინ; ია პრიეხალ სვაევო როდინუ. მერე მობრუნდა და თქვა, ამას წავიყვანთო.

ქობულეთში წამიყვანეს. სადგურთან 2 თუ 3-სართულიანი სახლია და იქ ვიღაც სალდათმა გააღო კარი… ხალხს იქ აგროვებდნენ. 22 დღე ვიყავით გზაში. მატარებლით წაგვიყვანეს და ისევ სატვირთო მანქანაზე გადაგვსვეს, მე ისევ გამოვიპარე.

 

რიხმეთ კაკაბაძე {თემურის მამა} სტალინური რეპრესიების დროს დახვრიტეს

ჩემთან ერთად წამოვიდა ასლანი, ისიც აქაური ბიჭი იყო. რამდენიმე დღე ფეხით და მატარებლით, ისევ უფულოდ ვიარეთ, მერე ისევ ჩემს დასთან დავბრუნდი და დავიწყე მუშაობა, მაგრამ ვიცოდი, რომ ბათუმში უნდა დავბრუნებულიყავი. 100 მანეთი მომცა ჩემმა დამ, ისევ იმ გზის გავლას ვაპირებდი, რაც პირველად გავიარე. ჩავედი ბაქოში, ბაქოდან თბილისში ჩემს მეორე დასთან, რომელიც ტექნიკუმში სწავლობდა.

 

მოვძებნე ჩემი და ჟენია. რომ დამინახა, ტირილი დაიწყო. შარვალი, საროჩკა მომცეს, ნოემბრის ბოლო იყო. ბევრი სტუდენტი იყო ბათუმელი. მეორე დღეს საღამოს წამოვედი ბათუმში.
9 დღეს ვიყავი ბათუმში, 9 დეკემბერს წასვლას ვაპირებდი თბილისში. დილას ჯერ ამდგარი არ ვიყავი, კარებზე დააკაკუნეს, გავაღე და მილიციონერი ოფიცერი მეკითხება – სახელი, გვარი. ვუთხარი და დამიჭირეს. 1948 წელი იყო. სარდაფში ჩამაგდეს, ციხე იყო მაშინ რუსთაველის ქუჩაზე, აი ახლა უნივერსიტეტი რომაა, იქვე ახლოს. სამი თვე გავატარე ბათუმის ციხეში, მერე წამიყვანეს თბილისში, მერე როსტოვში, როსტოვმა არ მიგვიღო, მერე უკან მოგვაბრუნეს. 2 თვე ბაქოში, მერე ისევ როსტოვში… 20 წელი მომისაჯეს გაქცევის გამო.

 

გერმანელებთან ერთად ვიყავი. 26 კაცი, გერმანელი ოფიცრები და მე ჩაგვიყვანეს ბორკუტაში _ ჩრდილოეთის ქალაქია, სადაც მიწა ზაფხულშიც და ზამთარშიც გაყინულია. იქ ერთი კაცი იხდიდა სასჯელს 1500 კაცის დახვრეტის გამო, მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი, მე – 20.

6 წელში გამათავისუფლეს. სტალინმა და ბერიამ წამართვა ყველაფერი, მარტო მე არა, მილიონობით ადამიანს. გავიგე, მამა დახვრიტეს, დედამ შიმშილობა გამოაცხადა – აპროტესტებდა პატიმრობას და შიმშლისგან მოკვდა. დედა 1901 წელს დაიბადა. ჩემი და, რომელიც გადასახლებაში იყო, უკან დაბრუნდა. 94 წლისაა ახლა, მას ფაზილეთი ჰქვია. პატარა და ჟენია გარდაიცვალა.

მარცხნიდან: თემურ კაკაბაძის ბებია მინირე. მის გვერდით გოგონა ფაზილე კაკაბაძე. მარცხნიდან მესამე თემურ კაკაბაძის დედა ნაიმე კაკაბაძე

 

ბათუმში 1956 წელს დავბრუნდი, მუშაობა დავიწყე. დეკემბრის თვე იყო. მერე კარგი მუშაობისთვის ჯერ მანქანა “ვოლგა”, მოგვიანებით კი ბინა მაჩუქეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: