კურორტ გოდერძიზე მაღალსართულიანი შენობების აგება დასაშვები გახდა

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით, კურორტზე დასაშვები იქნება 8-სართულიანი შენობის აშენება.

„ხულოს საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში დაშვებულია რვასართულიანი ნაგებობის მშენებლობა 6+2 ის პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ შენობა კი არ იქნება რვა სართულიანი, არამედ მეექვსე სართულის შემდეგ, ორი სართული იქნება მანსარდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამბულ ხოზრევანიძემ.

„საკრებულომ ყველასთვის კი არ დაადგინა, გარკვეულ ზონებში გარკვეული სიმაღლეები შეცვალა. ანუ დიდ ნაწილში,  რაც იყო ის დარჩა, ხოლო გარკვეულ ნაწილში, რომელიც ცენტრია, დაინტერესების შემთხვევაში  [მაღალსართულიანი შენობის აგების] შესაძლებლობა დაუშვა, საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კურორტ „გოდერძის“ ხელმძღვანელი ზურა ჭურკვეიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, პოტენციური ინვესტორის შესახებ, რომელიც კურორტზე მაღალსართულიან შენობას ააგებს, ინფორმაცია არ აქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი