მთავარი,სიახლეები

„ვებრძვი ცხოვრებას და სიცოცხლესაც“

15.06.2017 • 2573
„ვებრძვი ცხოვრებას და სიცოცხლესაც“

ორი პატარა ოთახი ირმა ტრაპაიძის ხელნაკეთი ნივთებით არის სავსე. ერთი ოთახი ბნელია და დღის სინათლე არ აღწევს, შემოსასვლელშიც ირმას ხელნაკეთი ნივთები აწყვია. ამ პატარა ოთახში ირმა ტრაპაიძე თავის შვილთან, მარიამთან ერთად ცხოვრობს. ის  შვიდი თუ რვა წლის იყო, როცა ირმა ავად გახდა და პატარა გოგოს თითქმის მარტოს უხდებოდა დედაზე ზრუნვა. ამის გამო მან ვერც სწავლის გაგრძელება შეძლო.  ირმა ამბობს, რომ მარიამს ბავშვობა, ფაქტობრივად, არ ჰქონია „ხასიათიც შეეცვალა და ფსიქოლოგიურადაც დაითრგუნა“.

ნაქირავებ ბინაში დედა-შვილი სამი თვეა ცხოვრობს. ოთახები ძველი და არაკომფორტულია, თუმცა მას ამ ოთახების დატოვებასაც თხოვენ. სახლის მეპატრონეს ოთახების დამსვენებლებზე გაქირავება სურს. დედა-შვილი ათი წელია ნაქირავებიდან ნაქირავებში გადადის. მას მძიმე ფორმის შაქრიანი დიაბეტი და გულის მანკი აქვს, რის გამოც აქტიური მუშაობა არ შეუძლია. ერთადერთი, რასაც ახერხებს, ხატვა და ხელსაქმეა.

ირმა ტრაპაიძის ნამუშევარი

ირმა ტრაპაიძის ნამუშევარი

„სულ სამი თვეა, რაც ამ ბინაში გადმოვედით და ახლა ისევ წასვლა რომ მოგვიწიოს, ალბათ ვეღარ გადავიტანთ. გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს, რაც ბავშვზეც ცუდად მოქმედებს.

მარიამი გონიერი გოგოა, თუმცა ჩემი მდგომარეობის და სოციალური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო, ექიმობა უნდა. ერთადერთი, რაც ამ პირობებში  მოვახერხეთ ის იყო, რომ ფარმაცევტული დაასრულა და ორი თვე „ავერსის“ აფთიაქში იმუშავა“.

სწორედ მარიამის ერთი თვის ხელფასი გახდა სოციალური შემწეობის, – 120 ლარის შეწყვეტის მიზეზი. ირმა ვერც პენსიას იღებს –  რამდენიმე თვის ავანსის გამოტანის გამო, დედა-შვილი საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ.

ხელნაკეთი ნივთები

ხელნაკეთი ნივთები

„ღმერთი რასაც გადმოგვიგდებს იმით ვართ“, – ამბობს ირმა. – სხვა არაფერი გვაქვს. ჩემი გოგონა ახლა შესრულდა 18 წლის, მაგრამ ბავშვობა არ უნახია. რვა წლიდან მე მივლიდა. ავადმყოფობას და უბინაობას, სოციალური პრობლემებიც დაემატა და უკვე ორივეს ძალიან გვიჭირს“, – გვეუბნება ის.

როგორც ირმა გვეუბნება, ბინის ქირას ორი თვეა ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი საკუთარი ჯიბიდან იხდის. „ვიცი არ არის ვალდებული ეს გააკეთოს, მაგრამ გამოსავალი არ არსებობდა, ვშიმშილობდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მერიამ საცხოვრებელი ბინა ან სახელოსნოსთვის მაინც გამომიყოს ფართობი, სადმე ვიმუშავებ და ვიცხოვრებთ კიდეც იქ“.

მისი აზრით, მერიას შეუძლია მათი პრობლემის მოგვარება, რადგან ის სამშენებლო კომპანიებიდან საბინაო ფართობს იღებს. „როდემდე იქნება ასე? ბოლოს ხომ ყველას მობეზრდება დახმარება. მირჩევნია ერთი ოთახი გვქონდეს,  დავხატავ, ნივთებს გავაკეთებ და როგორმე გავიტანთ თავს. მე ისეთი მძიმე ავადმყოფობა მაქვს, ალბათ დიდხანს ვერ გავძლებ… დავიღალეთ ხეტიალში“, – გვეუბნება ის.

მისთვის ტრაგიკულია გადასახადების დღეც: „რადგან მაშინ ყველაფერი თავიდან იწყება. იყიდება ჩანგალი, დანა, თეფში… ყველაფერი, რაც შეიძლება სახლში მოვიძიოთ. ჩემი შვილი თოვლში დადიოდა და ასე ყიდდა კოვზებს, რომ როგორმე გადასახადები დაგვეფარა.

ირმა ტრაპაიძის ნამუშევარი

ირმა ტრაპაიძის ნამუშევარი

… სძულს სიღარიბე, რადგან მან უახლოესი ადამიანებიც კი დამაკარგვინა. ისეთებიც კი, ვისთვისაც მეგონა რომ თავს გავწირავდი.

ვფიქრობ და მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც აქვს შესაძლებლობა და გაჭირვებულებისთვის არაფერს აკეთებს. ვოცნებობ იმაზეც, ნეტა შემეძლოს ვინმეს დახმარება“.

ირმა პროფესიით ლაბორანტია, თუმცა დაავადების შემდეგ პროფესიით ვეღარ მუშაობს. „მარიამს სამედიცინოზე უნდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ ახერხებს, ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. ახლახანს „პე ეს პე“-ში გაიარა გასაუბრება და აიყვანეს, მაგრამ ვერც იქ მიდის, რადგან სამუშაო თბილისშია“, – გვეუბნება ირმა.

ხელნაკეთი ნივთებისთვის მასალები შვილის მეგობრებს მოაქვთ. „ეს ხის ნაწერი პლაჟიდან მოიტანეს, ეს ტყავის ნაჭრები და ტილოებიც მაჩუქეს და ასე ვაგროვებ მასალებს. გამოფენა შარშან მქონდა, რამდენიმე ნახატი ტურისტებმა იყიდეს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – გვეუბნება ირმა.

ჩანჩქერი-ირმა ტრაპაიძე

ჩანჩქერი-ირმა ტრაპაიძე

საკუთარი ბინა და მიწის ნაკვეთი, როგორც ირმა გვეუბნება, ვალების  გამო დაკარგა. „მიწაც დავკარგე ბენზეში, თაღლითობის მსხვერპლი გავხვდი. გამოძიება დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეწყდა. მე ჯანმრთელობა არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ საქმეს ბოლომდე მივყვე“.

ირმა იმედოვნებს, რომ მისი და მარიამის ათწლიანი უსახლკარობა დასრულდება და სახელმწიფო მის არსებობასაც გაიხსენებს. „ეს წამება უნდა დასრულდეს“, – გვეუბნება ის.

1

 

DSCN6727

ირმა ტრაპაიძის ხელნაკეთი ნივთები

ირმა ტრაპაიძის ხელნაკეთი ნივთები

ხელნაკეთი ნივთი

ხელნაკეთი ნივთი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: