სიახლეები

ზღვა და ყურის ტკივილი

03.02.2015 • 1221
ზღვა და ყურის ტკივილი

 

– ყურის დაავადებებთან დაკავშირებით გაცილებით მეტი პაციენტი მოგვმართავს ექიმებს ზაფხულში. ყურის ტკივილის სიმპტომი  სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო მეტად აჭარაში ფიქსირდება. ეს ძირითადად გამოწვეულია ზღვის ფაქტორით. ყურში წყლის მოხვედრა, განსაკუთრებით კი ზღვის წყლის, ერთ-ერთი მაპროვოცირებელია ანთებითი პროცესის განვითარების. ზღვის წყალი არასოდეს არის ისე სუფთა, რომ მისი ყურში მოხვედრა არ იწვევდეს რაიმე გართულებას, ამიტომაც ზაფხულში, ზღვის სეზონზე, სხვა დაავადებებთან შედარებით პროცენტულად მეტია ყურის დაავადებების გამოვლენა.

 

 

თუკი ზამთარში ყურის მწვავე ანთება ხშირად ბავშვებს უვითარდება, ზაფხულში  ყველა ასაკის ადამიანი ერთნაირად ჩივის ყურის ტკივილის გამო. ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ ბანაობის დროს გამოიყენონ ე. წ. ყურის საცობები, რომლებიც არსებობს სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის განკუთვნილი  და იყიდება აფთიაქებში. ამით ავირიდებთ ზღვის წყლის მოხვედრას ყურში.

ასევე ყურის დაავადებები, ანთებითი პროცესის განვითარება შესაძლოა გამოიწვიოს ვენტილატორთან, კონდიციონერთან ჯდომამ და ორპირ ქარში მოხვედრამ.

 

 

ხშირია ასევე ყურის ე.წ. საწმენდი ჩხირების გამოყენების შედეგად განვითარებული ყურის ტკივილი. აღნიშნული ჩხირის გამოყენების შედეგად ღიზიანდება ყურის გარეთა აპკი, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს. მოსახლეობას ვურჩევ, ნუ გამოიყენებენ ყურის ჩხირებს, რადგან ამ დროს ხდება არასტერილური საშუალებით ყურის გამოწმენდა მაშინ, როცა მიკროსკოპული განაკაწრიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ინფექცია, მიკრობი ჩაჯდეს მასში და განვითარდეს ანთებითი პროცესი. და თუ მაინცადამაინც უნდა გამოვიყენოთ, შევარჩიოთ ისეთი ყურის ჩხირები, რომლის დიამეტრიც უფრო ფართო იქნება, ჩხირმა რომ ვერ შეაღწიოს ყურის შიგნით და მხოლოდ ყურის გარეთა ნაწილი ანუ ყურის შესავალი რომ გავწმინდოთ.

 

 

ყურს აქვს თვითგაწმენდის უნარი, იგი მოციმციმე წამწამების მეშვეობით გამოდევნის სიბინძურეს. ყურის ჩხირების გამოყენების შემთხვევაში კი, პირიქით ხდება _ ამ სიბინძურეს ვტენით შიგნით, რაც დაუშვებელია. მაგალითად, შესაძლებელია ყურში დაგროვილი იყოს გოგირდი, თუმცა არ იწვევდეს ყურის დაგუბებას, ჩხირების გამოყენების შემთხვევაში კი იგი შეგვაქვს უფრო ღრმად, რაც იწვევს როგორც დაგუბებას, ასევე ტკივილს.

 

 

თუმცა ყურის დაგუბების მიზეზი არამარტო ჩხირების ზემოქმედება იყოს, იგი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადების, მაგალითად, სასმენი მილების დახშობის,  გაციების დროს სუნთქვის გართულების შედეგად და ა.შ. ამდენად ყურის ტკივილი, ანუ ოტალგია შეიძლება არ იყოს საერთოდ ყურის დაავადებასთან კავშირში და გამოწვეული იყოს კბილების დაავადებით. პირის ღრუში წარმოშობილმა  ნებისმიერმა ტკივილმა შეიძლება მოგვცეს ასევე გადაცემული ტკივილი ყურში. ან შესაძლოა ყელის ტკივილი გადადიოდეს ყურში, ან სამწვერა ნერვის, ან თუნდაც ოსტეოქონდროზის გამო ხერხემლიდან გადაეცემოდეს ტკივილი.

 

 

ნებისმიერ შემთხვევაში ყურის ტკივილი არის საყურადღებო. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. თვითნებურად  ყურის რამე წვეთების მიღება არ არის რეკომენდებული. აფთიაქებში იყიდება ბევრი დასახელების ყურის წვეთები, რომლებიც უკუნაჩვენებია მაგალითად, ანთებითი პროცესის დროს, ამიტომ აუცილებლად უნდა შეფასდეს დაავადების მიმდინარეობა, სიმძიმე და ისე დაინიშნოს პრეპარატები.

 

 

ხშირია შემთხვევები, როდესაც, ვთქვათ, ბავშვებს ღამით შეაწუხებს ყურის ძლიერი ტკივილი, ამ შემთხვევაში მშობელმა ექიმთან მისვლამდე რაც შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ მისცეს ტკივილგამაყუჩებელი. შესაძლებელია ასევე თბილი საფენის დადებაც, რაც ტკივილის შეგრძნებას გარკვეულწილად მოხსნის. თუმცა ამით არ  აღმოიფხვრება ყურის ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზი. რაც შეიძლება მალე უნდა მივმართოთ ექიმს, რათა დავადგინოთ გამომწვევი მიზეზები და სწორად წარვმართოთ მკურნალობა. დაავადების მკურნალობა საწყის ეტაპზე გაცილებით იოლია და შედეგიც მალე დგება, დაგვიანების შემთხვევაში კი ხშირად რთულდება და შესაძლოა იქამდეც კი მივიდეთ, რომ საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

გადაბეჭდვის წესი