ბათუმელი მოსწავლე Giffoni-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე

წელს Giffoni-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე ბათუმიდან პირველი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ქეთევან გორდელაძე გაემგზავრება. ფესტივალი იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონში თოთხმეტ ივლისს დაიწყება და ოცდაორ ივლისამდე გაგრძელდება.

აჭარიდან Giffoni-ს ფესტივალზე წელს რიგით მეხუთე მოზარდი გაემგზავრება. საქართველოს მასშტაბით ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კონკურსში ას ოცმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, ამათგან ცხრა გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან ერთი-ერთი ქეთევანი იყო.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კინოჩვენებები და მათი ინგლისურ ენაზე გარჩევა-დისკუსიები, ასევე მონაწილეები საუკეთესო ფილმსაც აარჩევენ, რომელსაც ფესტვალი სპეციალურ პრიზებს გადასცემს.

ფესტივალი მიზნად მოზარდ კინოკრიტიკოსთა ახალი თაობის აღზრდასა და განვითარებას ისახავს. ის საგანმანათლებლო კომპონენტსაც შეიცავს – მისი მსვლელობისას მონაწილეებს ექნებათ საშუალება ტრენინგები და მასტერკლასები მსოფლიო დონის რეჟისორებთან, მსახიობებთან და მომღერლებთან გაიარონ.

წელს ფესტივალში ორმოცდაათამდე ქვეყნის სამი ათასამდე ახალგაზრდა კინოკრიტიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

კინოფესტივალის შესახებ ქეთევანმა Giffoni Georgia-ს ვებგვერდიდან გაიგო, სადაც მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აპლიკაცია შეავსო.  ფესტივალზე ქეთევანი ჟიურის წევრის სტატუსით მიდის. წელს ამ ფესტივალში მონაწილეობა მისთვის პირველი გამოცდილება იქნება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე ის ჟიურის წევრად თბილისში ჩატარებულ Giffoni-ს კინოფესტივალზეც იყო მიწვეული.

ქეთევანის თქმით, ფესტივალი მას დიდ გამოცდილებას მისცემს, ასევე, საინტერესო კონტაქტების დამყარებაშიც შეუწყობს ხელს: „ძალიან ბევრ რამეს ველი ამ ფესტივალიდან. დავიწყებ იქედან, რომ მსოფლიო მასშტაბისაა და ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იქნებიან ჟიურის წევრის სტატუსით, ამიტომ ველი ბევრი ახალი სახის გაცნობას და კომუნიკაციის დამყარებას, ასევე ველი ძალიან მაგარ მასტერკლასებს კინემატოგრაფიაზე.

ზოგადად, კინო ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩემ ცხოვრებაში. Giffoni-ს კინოფესტივალზე მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და ბუნებრივია, რომ მოლოდინებიც მრავალფეროვანია. ყველაზე მეტად, კი რაც გამიხარდა ამ კინოფესტივალზე მოხვედრასთან დაკავშირებით, იყო ის რომ შანსი მაქვს ვნახო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სერიალის, უსაყვარლესი მსახიობი Bryan Cranston, რომელთან შეხვედრაც ვერასდროს წარმომედგინა, უფრო მეტიც, ეს კინოფესტივალი ჟიურის თითოეულ წევრს აძლევს შანსს დაუსვას კითხვა მოწვეულ სტუმარს, ანუ ამ შემთხვევაში Bryan Cranston-ს. მიუხედავად იმისა, რომ 4000 ბავშვში ძნელია მოგეცეს შანსი შენს საყვარელ მსახიობს დაუსვა კითხვა, მაინც მაქსიმალურად შევეცდები ეს მოვახერხო. Giffoni ერთი დიდი ოჯახია, რომელიც კინემატოგრაფიაზე შეყვარებულ ბავშვებს აერთიანებს.“

ქეთევანი, როგორც თავად ამბობს, სკოლის კედლებს გარეთ უამრავ პროექტსა თუ ღონისძიებაშია ჩართული, მათ შორის გაეროსა თუ პარლამენტის მოდელირება, დებატების ჩემპიონატი, სხვადასხვა ტრენინგები დღევანდელი საქართველოს პრობლემებსა თუ მნიშვნელოვან საკითხებზე და სხვა.

საქართველო Giffoni-ს კინოფესტვალთან 2013 წლიდან თანამშრომლობს, ფესტივალში მონაწილეობის ხარჯებს მთლიანად Giffoni-ს ფესტივალი ფარავს, მონაწილეთა მხრიდან აუცილებელია მხოლოდ ავიაბილეთის ყიდვა. ბათუმელი მოსწავლისთვის ავიაბილეთს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ბილეთის საფასურს სამინისტრო პროგრამის „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში შეიძენს.

19239577_397287057338975_1762915436_n

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გულნარა კაკაბაძე არის "ბათუმელების" სტაჟიორი