მთავარი,სიახლეები

მიწის კომისიის ახალი თავმჯდომარე, რომელმაც გონიოელებს 2010 წელს მიწები ჩამოართვა

14.06.2017 • 2478
მიწის კომისიის ახალი თავმჯდომარე, რომელმაც გონიოელებს 2010 წელს მიწები ჩამოართვა

ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე დავით ოქრაძე იქნება. ინფორმაცია „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. დავით ოქრაძე მიწის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო აქამდე. იგი ასევე არის მერიის ქალაქგეგმარების და ურბანული განყოფილების უფროსი.

დავით ოქრაძე 2010 წელს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის წევრი იყო და ხელი მოაწერა ასობით გონიოელისთვის მიწის საკუთრების ჩამორთმევას. 2017 წლის 11 აპრილს მან „ბათუმელებს“ უთხრა: „მე არ ვმუშაობდი ხელვაჩაურის კომისიაში მაშინ, როცა ამ ადამიანებს მისცეს მიწის ნაკვეთები. მიმაჩნია, რომ ჩამორთმევის აქტი იყო სამართლიანი,“- უთხრა მაშინ „ბათუმელებს“ დავით ოქრაძემ.

დავით ოქრაძემ მაშინ „ბათუმელებს“  ისიც უთხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემედგ, სადაც გონიოლებმა ბათუმის მერიას საქმე მოუგეს, ის გონიოსთან დაკავშირებულ დავებში მონაწილეობას არ მიიღებდა შემდეგი მოტივაციით: „მე აღარ ვაპირებ ამაში მონაწილეობას. არ მინდა, ისევ გაუგებრობაში მოვხვდე.“

დღემდე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ირაკლი ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა. მან დღეს საპროტესტო აქციაზე გონიოელებს უთხრა, რომ ის აღარ არის კომისიის თავმჯდომარე, თუმცა მოგვიანებით ის ბათუმის მერთან ერთად შეხვდა აქციის მონაწილეებს ჟურნალისტების გარეშე. ამ შეხვედრის შემდეგ მიიღო „ბათუმელებმა“ ინფორმაცია, რომ ირაკლი ბოლქვაძე დავით ოქრაძემ ჩაანაცვლა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: