მთავარი,სიახლეები

ახალი უკანონო მშენებლობა ბათუმის პლაჟზე

14.06.2017 • 4531
ახალი უკანონო მშენებლობა ბათუმის პლაჟზე

ბათუმის ბულვარში,  ანბანის კოშკის წინ, პლაჟზე ახალი კონსტრუქციის აგება მიმდინარეობს. „ბათუმის ბულვარის“  ინფორმაციით, 1 381 კვ/მეტრზე კვების ობიექტი აიგება, რომელიც შპს „რესტას“  ეკუთვნის. მფლობელს  ხელშეკრულება  2019 წლამდე აქვს გაფორმებული. მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, პროექტზე ნებართვა გაცემული არ არის.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  „რესტას“  პლაჟის ნაწილი აუქციონის წესით გადაეცა. ტერიტორიაზე  ბეტონის სვეტების ჩამოსხმა მიმდინარეობს, თუმცა ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ „რესტას“ კაპიტალური მშენებლობის განხორციელების უფლება არ აქვს.

„პროექტით გათვალისწინებულია ხის კონსტრუქცია, უბრალოდ წერტილოვან ჩასხმებს აკეთებენ, რაზეც უნდა აეწყოს ხის კონსტრუქცია“-გვეუბნება საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, მაგდა ჯაიანი.

ახალი ობიექტის ესკიზი

ახალი ობიექტის ესკიზი

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოიჯარემ წლის განმავლობაში 55 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. კვების ობიექტში კი დახალოებით 60 პირი დასაქმდება.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ირაკლი ახალაძის განცხადებით, ობიექტის მშენებლობის პროექტი მის სამსახურთან არ არის შეთანხმებული. „უნდა შეეთანხმებინა ჩვენთან პროექტი და უნდა გაგვეცა ნებართვა, მაგრამ სამწუხაროდ არ აქვთ ეს ნებართვა და როგორც ვიცი ზედამხედვბელობის სამსახურის მიერ შეჩერებულია სამუშაოების წარმოება“-ამბობს ირაკლი ახალაძე.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის თქმით, ობიექტის მშენებლობა გუშინწინ შეაჩერეს.

კომპანია „რესტა“ პლაჟზე კვების ობიექტის მშენებლობას აწარმოებს

კომპანია „რესტა“ პლაჟზე კვების ობიექტის მშენებლობას აწარმოებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: