სიახლეები

ვინ ქმნის პოლიტიკურ ამინდს აჭარაში

27.08.2014 • 3658
ვინ ქმნის პოლიტიკურ ამინდს აჭარაში

კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების რეგიონული ლიდერები ასე გამოიყურებიან: უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სულხან ღლონტი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერია. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ასევე დეპუტატი გია მასალკინია; კიდევ ერთი დეპუტატი დავით ბაციკაძე „კონსერვატორების“ ლიდერია; „ქართული ოცნების“ ლიდერად მოიაზრება როგორც არჩილ ხაბაძე, ისე მურმან დუმბაძე.

გენო გელაძე

„თუკი 2012 წლის არჩევნებამდე ერთპოლუსიანი გავლენიანი ჯგუფი იყო ხელისუფლებაში და აშკარად ეტყობოდა რეგიონს მურმან დუმბაძის სიძლიერე, ახლა საქმე ცოტა სხვაგვარად არის. შეიძლება ითქვას, რომ ერთპოლუსიანი იერარქია აღარ გვაქვს. მოქმედებს მთავრობის თავმჯდომარის ფაქტორი, მან თავისი სიძლიერე მეტ-ნაკლებად მოიპოვა. ასევე არის უმაღლესი საბჭოს ფაქტორი, რომელსაც თავისი გავლენები აქვს  და მურმან დუმბაძის დასაყდენია. ამას არც მოქმედი თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე მალავს. მნიშვნელოვანია ქალაქის მერიც, რომელიც, ჯერჯერობით, დამოუკიდებელ პიროვნებად გამოიყურება“, _ ასე აფასებს აჭარის რეგიონში სახელისუფლო კოალიციის წევრი პარტიების გავლენას გენო გელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე.

გენო გელაძის შეფასებით, მსგავსი ბალანსი მხოლოდ ადგილობრვი პოლიტიკოსების ურთიერთობაში ვლინდება, მაგრამ როგორც კი პროცესში, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ჩნდება, ადგილობრივ ძალთა გადანაწილება ეგრევე კარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას: `რაღაც საკითხის გადაწყვეტას საჭიროდ ასე მიიჩნევს პრემიერი, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ აქვს ადგილობრივ გადანაწილებას. ამის მიუხედავად ის, რომ ძალები გადანაწილებულია, ჩემი აზრით, დემოკრატიისთვის კარგია. თუ ვინ უფრო ძლიერია, დაახლოებით ექვს თვეში გამოჩნდება, რადგან თვითმმართველობის არჩევნებმა გავლენების გადანაწილება ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ვნახოთ, ესენი როგორ მოიქცევიან. შეინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, თუ მიეტმასნებიან რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს. ფაქტია, რომ არსებობს რამდენიმე ჯგუფი, რომლებმაც გადაინაწილეს ხელისუფლება“.

არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა კოალიციიდან „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ჩაიბარა. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის აპარატს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ირაკლი ჭეიშვილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო, არჩევნების შემდეგ `ქართულ ოცნებაში~ გადავიდა. „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი კი, რომელიც ორგზის საკრებულოს წევრი და წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო და ამავე თანამდებობაზე პრეტენზიას ისევ აცხადებდა, ამჯერად მოადგილეობას დასჯერდა.

თანამდებობები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადანაწილდა მუნიციპალიტეტებშიც. გამონაკლისი მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია, სადაც საკრებულოს თავმჯდომრის თანამდებობა ირაკლი ალასანიას პარტიის `თავისუფალი დემოკრატების~ წარმომადგენელმა ასლან კახიძემ ჩაიბარა. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე – სულხან ოქროპირიძე კი ქართულ ოცნებაში გაწევრიანებამდე  „კონსერვატორების“ წევრი იყო.

„ქართული ოცნების“ წარდგენილია ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგებელი.

როგორ და რომელი პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ გადაანაწილა კოალიციამ თანამდებობები, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელისთვის. ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომელიც არჩეულმა პარტიამ აიღო და რომლის შესრულებასაც ამომრჩეველი ელის.

ასლან ჭანიძე

ასლან ჭანიძე

„ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ხელისუფლება ცდილობს მისთვის სანდო პირები წარადგინოს ამა თუ იმ თანამდებობაზე, თუნდაც ეს არჩევითი თანამდებობა იყოს. პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რომელი პარტია უფრო გაძლიერდა? – ამ თემაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის კოალიცია და თუ ის ჯანსაღია, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება, წარადგინოს თავისი კანდიდატი არჩევნებზე. მითუმეტეს, რომ სიის საკითხი ადგილზე არ წყდება. როდესაც ამბობენ, რომ ვიღაცამ ადგილობრივ დონეზე რაღაც გადაწყვიტა, ეს ჩემთვის ნაკლებად დამაჯერებელია. ჩემი აზრით, ისიც კი შეთანხმებული იყო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თუ ვინ გახდებოდა ამა თუ იმ კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში. მაგალითად ის, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა უმაღლესი საბჭოს წევრის, თემურ კახიძის ძმა, არ მგონია თემურ კახიძის დამსახურება იყოს. არ მგონია, თემურ კახიძეს შეეძლო ამხელა ლობირების გაწევა. არც მერის საკითხი იყო ადგილობრივი გადაწყვეტილება. თუ ვინმეს რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, ესეც ნდობის საკითხია.

მნიშვნელოვანია ის, რომ როცა რომელიმე თანამდებობის პირი იქცევა ცუდად, უკმაყოფილება გადადის პოლიტიკურ პარტიაზე. ადამიანებს არ აიტერესებთ ვისი რეკომენდაციით იყო ის დანიშნული. ადამიანები ყოველთვის ფიქრობენ, რომ პარტიას უნდა გაეკეთებინა სწორი არჩევანი. ამიტომ უკურეაქცია მოდის იმ ადამიანზე, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია.

როდესაც ერთი ადამიანი რეკომენდაციას უწევს ათ ადამიანს და ათივე არ ამართლებს, ბუნებრივია, იმ ადამიანის მიმართ პარტიის შიგნით ნდობის ხარისხი იკლებს. მაგალითად, თუ მურმან დუმბაძის რეკომენდაციით დაკომპლექტდა უმაღლესი საბჭო და ეს უმაღლესი საბჭო არ ვარგა, მაშინ საზოგადოება პასუხისმგებლობას მურმან დუმბაძეზე მეტად მმართველ კოალიციას დააკისრებს, რადგან ისინი “ქართული ოცნების” წევრები არიან და პარტიას უნდა ჰქონდეს რეაქცია მათ ქცევებზე“.

გია ქარცივაძე

რეგიონის ხელისუფლებაში ერთ კონკრეტულ ძლიერ შტოს ვერ ხედავს საიას თავმდომარე გიორგი ქარცივაძეც. მისი თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მკაფიო იყო მურმან დუმბაძის კადრების გაძლიერება. თვითმმართველობის არჩევნებზე კი ვითარება შეიცვალა, თუმცა ერთი კონკრეტული ძლიერი ჯგუფი მაინც არ ჩანს:

„საზოგადოებაშიც მუსირებდა აზრი, რომ თუ სადმე რაიმე ვაკანსია გაჩნდებოდა, ბატონ მურმანთან კონსულტაცია აუცილებელი იყო. შემდეგ, როდესაც აჭარაში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი გადააყენეს, ითქვა, რომ ისინი მთავრობის თავმჯდომარის კადრებით ჩაანაცვლეს.

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ზოგადად, „ქართული ოცნების“ კადრები მოვიდნენ. ვერ იტყვი, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის ან კონკრეტული სუბიექტების გაძლიერება ჩანს ამ ეტაპზე.

თვითმმართველობის კოდექსი იძლევა დროს, შესაბამისად, სადღაც სექტემბერში ან ოქტომბერში დაიწყება საკადრო ცვლილებები და მაშინ გახდება აშკარა, თუ კოალიციის რომელი პარტია ძლიერდება და რა მიმართულებით ვითარდება საკადრო პილიტიკა აჭარაში.

ვფიქრობ, მერის კანდიდატურა იყო არჩილ ხაბაძესთან შეთანხმებული. მოქმედი კანონმდებლობით ის არის რეგიონის დონეზე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი. სამართლებრივად მასთან შეთანხმება აუცილებელი არ არის, მაგრამ საზოგადოება ინფორმირებულია ამის შესახებ და დოკუმენტურადაც შეიძლება დადასტურდეს, რომ ერმაკოვის კანდიდატურა იყო ხაბაძესთან შეთანხმებული.

იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის თავმჯდომარე არის `ქართული ოცნების~ ლიდერი აჭარაში, რა თქმა უნდა, მასთან შეთანხმების გარეშე გამორიცხული იქნებოდა `ქართული ოცნების~ კანდიდატების წარდგენა მუნიციპალიტეტების გამგებლების თანამდებობაზე. ან თუნდაც სიების პირველი ნომრების წარდგენა. ვფიქრობ, კოალიციაში გაერთიანებული ვერც ერთი სუბიექტი დამოუკიდებლად პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის. მათ არ აქვთ არც საკრებულოში, არც პარლამენტში იმხელა ძალაუფლება, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. და ეს არის დემოკრატიის საფუძველი. ჩემი სუბიეტური აზრია, რომ გადაწყვეტილების მიმღები აჭარაში დღეს მაინც არჩილ ხაბაძეა~.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” ხელმძღვანელის, ნათია აფხაზავას შეფასებით კი, ის, რომ ბოლო წუთამდე არ დაიდო “ქართული ოცნების” საარჩევნო სია ბათუმში, შიდა პარტიების სიძლიერის მანიშნებელია.

ნათია აფხაზავა

ნათია აფხაზავა

„ვფიქრობ, ეს იმის მანიშნებელია, რომ შიდა განხილვებისას პოლიტიკური სუბიექტები კარგად იცავდნენ თავიანთ კანდიდატებს. ბოლოდროინდელმა სურათმა აჩვენა ისიც, რომ მურმან დუმბაძის როლი საკმაოდ შემცირებულია. ეს, ალბათ, დადებითი ტენდენციაა, რადგან უკვე მთავრობასაც აქვს თავისი გამოკვეთილი პოზიცია გარკვეულ საკითხებზე. რა შედეგებიც მოაქვს ლობირებას, ეს ყველამ კარგად დაინახა უმაღლესი საბჭოს მაგალითზე.

მე მიმაჩნია, რომ გავლენებს როგორც ცენტრალურ, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე ახორციელებდნენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ პრემიერ-მინისტრის გავლენები უფრო ჩანს ბათუმის მაგალითზე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: