მთავარი,სიახლეები

ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი ევროთი დააფინანსებს

13.06.2017 • 13273
ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი ევროთი დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.

პროექტის მიხედვით, დაფინანსდება როგორც ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა, ასევე 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება 315,2 მლნ აშშ დოლარია. აქედან, აზიის განვითარების ბანკი 108,19 მლნ. ევროს დააფინანსებს. პროექტი 2017 წელს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროექტის თანადაფინანსება მოხდება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან, რომლის მიერ გამოყოფილი იქნება 114 მლნ აშშ დოლარი: „შედეგად, მნიშვნელოვანი საგზაო მაგისტრალი, რომელიც გვჭირდება, რათა გვერდი ავუაროთ ტურისტულად დატვირთულ ბათუმს, შემდგომ წლებში აშენდება“.

ბათუმის შემოვლითი გზის [ახალი ავტობანის] მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფინანსური წინადადება 22-მა კომპანიამ წარმოადგინა, მათგან შეირჩა 10 კომპანია და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება. ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება.

ამ ეტაპზე სამუშაოები მიდის ჩაქვის ტერიტორიაზე [ქობულეთის შემოვლითი გზა]. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 2018 წლის გაზაფხულიდან, ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს, ქობულეთსა და ჩოლოქს.

მახინჯაურის გვირაბიდან ხელვაჩაურამდე [ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე] კი აშენდება ბათუმის ასაქცევი გზა, რომელიც გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიაც კი არ არის შერჩეული, რომელიც ამ გზას დააპროექტებს. შესაბამისად, დეპარტამენტში ვერ ამბობენ, თუ სად გაივლის ახალი მაგისტრალი გონიო-კვარიათი-სარფის მონაკვეთში.

დეპარტამენტში ვერც იმას აკონკრეტებენ, თუ სად აშენდება მდინარე ჭოროხზე ახალი საავტომობილო ხიდი, რომელიც, ასევე სავარაუდოდ, ბათუმის შემოვლით და ჭოროხი-სარფის ახალ გზებს ერთმანეთთან დააკავშირებს. დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობა განიხილება.

სად გაივლის ახალი საავტომობილო მაგისტრალი და ემუქრება თუ არა საფრთხე პლაჟებს კვარიათსა და სარფში? – მიუხედავად იმისა, რომ ახალი გზის მარშრუტი გარკვეული არ არის, საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პლაჟებს საფრთხე არ ემუქრება.

ახალი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე დაახლოებით ასე გაივლის [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ახალი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე დაახლოებით ასე გაივლის [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: