მთავარი,სიახლეები,სპორტი

კლუბი „ნონა“ საჭადრაკო ფესტივალისთვის ემზადება

12.06.2017 • 3109
კლუბი „ნონა“ საჭადრაკო ფესტივალისთვის ემზადება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ემზადება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალისთვის –  „ბათუმის მერიის თასი -2017“  . ფესტივალი ბენზეს ჭადრაკის სასახლეში პირველ ივლისს გაიხსნება და თორმეტ ივლისამდე გაგრძელდება.

საჭადრაკო ტურნირი ბათუმში წელს მესამედ ჩატარდება და ცხრა ტურად გაიმართება. მასში 18  ქვეყნის  განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალში მონაწილე ყველა კატეგორიის გამარჯვებულს ბათუმის მერია თასებით, მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს.

ფულადი პრიზები გადაეცემათ 8, 10 და 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 1 -იდან მე-5 ადგილის ჩათვლით.  ფულად პრიზებს ტურნირში გამარჯვებული ბავშვების  მწვრთნელებიც მიიღებენ. ტურნირში მონაწილე  საუკეთესო ბათუმელ მოჭადრაკეებს, ასევე  ყველაზე პატარა ასაკის ჭაბუკებსა და გოგონებს  „კლუბი ნონა“  სპეციალურ საჩუქრებს  გადასცემს.

ფესტივალი ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“, ბათუმის მერიისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ფესტივალის ჯამური საპრიზო ფონდი 48 650 ლარს შეადგენს.

„პირველად ტურნირში რვა ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მეორედ – ათი, წელს კი თვრამეტი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა. მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით ხუთასი იქნება, ტურნირს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია შეაფასებს, კომისიის წევრები უმაღლესი დონის საერთაშორისო ჩემპიონები იქნებიან,“-ამბობს  საჭადრაკო კლუბ „ნონას” დირექტორი გიორგი ჭანტურია.

ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ სამას ორმოცდაათი წევრი და ექვსი მასწავლებელი ჰყავს, წევრებში ბავშვები დომინირებენ, უმეტესად – ბიჭები.  კლუბი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის გაცვლით პროგრამაში, საგანმანათლებლო ტრენინგებსა და საერთაშორისო შეჯიბრებებში.  იანვარში კლუბი ამხანაგური მატჩით ლიტვას ეწვია, ივლისსში აზერბაიჯანიდან სტუმრებს ელოდება, ზაფხულში კი, კლუბი პოლონელ სტუმრებს უმასპინძლებს.

კლუბის დირექტორი გიორგი ჭანტურია, კლუბის წევრებთან ერთად ფოტო: გულნარა კაკაბაძე

კლუბის დირექტორი გიორგი ჭანტურია კლუბის წევრებთან ერთად
ფოტო: გულნარა კაკაბაძე

საჭადრაკო კლუბის მენეჯერის, მარიკა ჯაფარიძის თქმით, გასულ წელს მომზადება-გადამზადებისა  და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, რამდენიმე გაცვლითი პროგრამა ამუშავდა. „გადამზადებაში ჩვენი მწვრთნელები ჩავსვით, სპეციალურად ვიწვევთ დიდოსტატ მწვრთნელებს თბილისიდან და უცხოეთიდან, ნიჭიერ  ბავშვებთან ერთად გადამზადებას მწვრთნელებიც გადიან.

გაცვლითი პროგრამების ფარგლებში რეგიონებში ჭადრაკის განვითარებისა და პროპაგანდა-აგიტაციის კუთხითაც დავიწყეთ მუშაობა. აქტიური კავშირი გვაქვს ჩოხატაურის, ქუთაისის, სენაკისა და შუახევის რაიონებთან. ასევე მინდა აღვნიშნო, პირველი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაც, რომელიც შპს განათლება სკოლა „იმედთან“ ერთობლივი ორგანიზებით ჩავატარეთ,“- ამბობს მენეჯერი.

სექტემბრიდან საჭადრაკო კლუბი ბაღებში შესვლას აპირებს, კლუბის დირექტორის თქმით, მერიისგან ნებართვა თითქმის მიღებულია.

საჭადრაკო კლუბი „ნონა“2013 წლის 20  აპრილს გაიხსნა. იმავე წელს კლუბმა ბულვარში საერთაშორისო ფესტივალი ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა შშმ პირებმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მიიღეს.

2014 და 2016 წელს კლუბი საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის, ხოლო 2014-2015  წლებში ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

კლუბს ბათუმის მერია აფინანსებს. წლიური ბიუჯეტი 300 ათასი ლარია.

კლუბ „ნონას“ აღსაზრდელები

კლუბ „ნონას“ აღსაზრდელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: