მთავარი,სიახლეები

რა უნდა ჩაითვალოს პორნოგრაფიად, რომლის გავრცელებაც დასჯადია

11.06.2017 • 3105
რა უნდა ჩაითვალოს პორნოგრაფიად, რომლის გავრცელებაც დასჯადია

მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ იმ სამართლებრივი ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც პორნოგრაფიის დამზადებასა და გავრცელებას კრძალავს.

გასული წლის აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სწორედ პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით დაიწყო ცნობილი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმის – „სიყვარულის“ წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მხატვრული ფილმი პორნოგრაფია იყო, შესაბამისად, მისი ინტერნეტსაიტებზე გავრცელება დანაშაულია.

გიორგი ლოგუას და გიორგი ფუტკარაძეს პორნოგრაფიის გავრცელებისთვის 2015 წლის 28 აპრილს წაუყენეს ბრალი და გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. გამოძიების ვერსიით, სხვადასხვა საიტიდან გადმოტვირთულ პორნომასალას ისინი თავიანთ ინტერნეტგვერდზე ათავსებდნენ.

პორნოგრაფიის გავრცელებისთვის საქმის განხილვა ამ დრომდე გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კანონის შეცვლის მოთხოვნით, თავდაპირველად სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი ფუტკარაძემ შეიტანა. საქმის განხილვა რამდენიმე დღის წინ შეწყდა, რადგან მოსარჩელე ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. გიორგი ლოგუას სარჩელის არსებით განხილვას კი საკონსტიტუციო სასამართლოში 27 ივნისს დაიწყებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა განიხილოს მხოლოდ პორნოგრაფიული მასალის გავრცელების ნაწილზე და არა მის დამზადებაზე, ასევე კანონით გათვალისწინებულ სასჯელზე. მოსარჩელის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი გოცირიძე იცავს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ჩანაწერი ამ სახით: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით”, – არის ბუნდოვანი და შეუძლებელი ხდება იმის დადგენა, რა უნდა ჩაითვალოს პორნოგრაფიად და რა – არა.

გარდა ამისა, გიორგი ლოგუას აზრით, საკანონმდებლო ჩანაწერი პორნოგრაფიაზე ნორმის დისკრიმინაციული გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შესაძლოა, ცალკეული პირის მიერ კონკრეტული მასალის გავრცელება პორნოგრაფიად შეფასდეს და პირი პასუხისგებაში მიეცეს. სარჩელში ასევე წერია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი გაფრთხილების სტანდარტს არ ითვალისწინებს, რაც ასევე გამოხატვის უფლების რისკის ქვეშ დაყენების გარდა, ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ 42-ე მუხლს: „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“.

სარჩელში ხაზგასმულია ისიც, რომ სისხლის სამართლის კოდექსის გარდა, ტერმინს – „პორნოგრაფია“ იყენებს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, თუმცა არც აქაა განმარტებული, კონკრეტულად რა უნდა ჩაითვალოს პორნოგრაფიად.

„მაუწყებლობის შესახებ” კანონის 56-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას”. რას ნიშნავს პორნოგრაფია, არც ამ კანონით არ არის განსაზღვრული.

რაც ნათლად ჩანს, ამ კანონიდან არის ის, რომ პორნოგრაფია გათანაბრებულია უხამსობასთან, თუმცა ტერმინი ,,აგრეთვე”-ს გამოყენება მიგვანიშნებს იმაზე, რომ პორნოგრაფიასა და უხამსობას შორის ტოლობის ნიშანი არ უნდა დავსვათ. შესაძლოა ამ ორ  ფენომენს რაიმე საერთო, მსგავსება ჰქონდეს, მაგრამ პორნოგრაფია და უხამსობა ერთი და იმავე არ იქნება. სხვაგვარად აზრს მოკლებულია პორნოგრაფიის აკრძალვასთან ერთად, კანონმდებელმა ცალკე რატომ მიუთითა აგრეთვე უხამსობაზე,“ – ვკითხულობთ გიორგი ლოგუას სარჩელში.

სარჩელში რამდენიმე მაგალითია მოყვანილი, თუ რა გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული დასავლური ქვეყნების სასამართლოებს პორნოგრაფიის დამზადების და გავრცელების საქმეებზე. ამ პრაქტიკის მიხედვით, მთავარია, არასრუწლოვნის დაცვის მექანიზმების შექმნა და იმის განსაზღვრა, პორნოგრაფიულ მასალას აქვს თუ არა ხელონებითი, ან სამეცნიერო დანიშნულება. სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასევე ჩანს, რომ ძირითადი მოთხოვნა არის საჯარო სივრცის დაცვა პორნოგრაფიული მასალის გავრცელებისგან.

გიორგი ლოგუას სარჩელში მოყვანილია, მაგალითად აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მილერი კალიფორნიის წინააღმდეგ“, რაც უხამსობის სტანდარტების დადგენას ეხებოდა. ამ საქმეში სასამართლომ განაცხადა შემდეგი:

,,თუკი სახელმწიფო უუნაროა სრულად, დეტალურად განსაზღვროს აკრძალული უხამსი მასალის შინაარსი, მაშინ ხელისუფლებას ერთმევა უხამსობის სისხლისსამართლებრივი დევნის უფლება. თუკი აკრძალული ქმედება ზუსტად არ არის განსაზღვრული, ძლიერი (Hard-core) პორნოგრაფია შეზღუდვის გარეშე ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასრულწლოვნებისათვის, ქუჩაში შემთხვევით გამვლელებისათვის და ამ მასალის მიღების მსურველი პირებისათვის ერთნაირად.”

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: