ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

კურორტი ბეშუმი ოფიციალურად 15 ივლისს გაიხსნება

09.06.2017 • 7480
კურორტი ბეშუმი ოფიციალურად 15 ივლისს გაიხსნება

როგორ ემზადება ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტი ბეშუმი დამსვენელების მისაღებად, შეექმნებათ თუ არა სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე პრობლემა დამსვენებლებს? – „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს კურორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვაჟა ზოიძე პასუხობს:

ვაჟა ზოიძე

ვაჟა ზოიძე

კურორტის შიგა პერიმეტრზე ხვალიდან ასფალტის მეორე ფენის დაგებას ვიწყებთ,  600-მდე მეტრი გზა მოასფალტდება. მთავარი გზის გარდა, სეზონის გახსნამდე მოასფალტდება კურორტის შიგა ქუჩებიც, დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი ტერიტორია. გზაზე მოეწყობა სანიღვრე არხები, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 500 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

 

წლების განმავლობაში პრობლემები იყო სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაში. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს დამსვენებელს წელს? 

წყლის სისტემა სრულიად შეიცვალა, დამატებითი ავზები გაკეთდა, ამიტომ წყლის პრობლემას გამოვრიცხავთ. რაც შეეხება ელექტროგაყვანილობას, მცირე ტერიტორიის გარდა გაყვანილობა სრულიად გამოიცვალა.

რა იქნება ელექტროენერგიის ტარიფი?

ელექტროენერგიის გადასახადი გასული წლის მსგავსად წელსაც 70 ლარი იქნება აბონენტისთვის [კოტეჯის მესაკუთრისთვის] სეზონზე. არ აქვს მნიშვნელობა სამი თვით ჩართვას შუქს თუ ერთი კვირით, ტარიფი ყველასთვის ერთნაირი იქნება.

მობილიზებული იქნება თუ არა სახანძრო და სამაშველო სამსახურები ადგილზე?

სახანძრო-სამაშველო სამსახური მიმდინარე თვის 14-ში კურორტზე ავა და ადგილზე იმუშავებს, საჭიროების შემთხვევაში ხულოდან ბრიგადის გამოძახება აღარ იქნება საჭირო. ანალოგიურად, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იმუშავებს ადგილზე, 24 საათის განმავლობაში, ასევე, იმუშავებს ამბულატორიაც.

ამ დროისთვის თუ არის განსაზღვრული კოტეჯებში დასვენების ღირებულება?

კოტეჯების ნაწილი გაერთიანებული პროფკავშირების, ნაწილი კერძო საკუთრებაა. კერძო საკუთრებაში არსებულ კოტეჯებში, სადაც თითოეულში 4-5 ადამიანი თავსდება ერთდროულად,  ერთი ადამიანისთვის ღირებულება, ერთი დღის განმავლობაში სამჯერადი კვებით, 25 ლარი იქნება.

რას ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა არის მოსაწესრიგებელი კურორტზე, პრობლემებს რაში ხედავთ?

ჭაობების დაშრობა უნდა მოხდეს. კურორტის  განაშენიანების გეგმა შემუშავდეს და კურორტის ადმინისტრაციის გარე პერიმეტრზე არსებული თავისუფალი ტერიტორიები კურორტის ადმინისტრაციის საზღვრებში შევიდეს, განაშენიანდეს. პრობლემურია ქუჩებზე მანიშნებელი აბრების არარსებობა და სახლებზე რამდენიმე ნუმერაცია, ამ საკითხებთან დაკავშირებით ვმუშაობთ. სურვილი გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ, რომ წელს კურორტზე ქუჩების სახელდება და სახლების ხელახალი გადანომვრა მოხდეს.

კურორტი ბეშუმი

კურორტი ბეშუმი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: