მთავრობა სოფელ კობალთაში მცხოვრები ოჯახების განსახლების გეგმას განიხილავს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში, საბძელათის უბანში მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლება განსახლების გეგმას განიხილავს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის თქმით, საუბნო გზა, რომლითაც 10 ოჯახი გარე სამყაროს უკავშირდება, მაღალი რისკის შემცველია, ალტერნატიული გზის გაყვანის შანსი კი, თითქმის არ არსებობს.

„მართალია, გზის აღდგენა მოხერხდა, მაგრამ ეს დროებითია, ისეთი ეროზირებული ადგილია, ხიდიც რომ გავაკეთოთ, დიდია ხიდის წაღების შანსიც. რაც შეეხება ამ 10 ოჯახმადე ალტერნატიული გზის გაყვანის იდეას, ესეც უპერსპექტივოა. ვიდრე დაზამთრდება და მოსახლეობა მთიდან დაბრუნდება, ჩვენ ამ გზის პრობლემა უნდა გადავუწყვიტოთ მოსახლეობას, გეოლოგებმა, სამთავრობო კომისიამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ პრობლემის გადაჭრის გზებზე. მართალია საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ გზა, სადაც მთა იშლება, ამ ოჯახებისთვის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალებაა. გზაზე მუდმივად გადაადგილდება მოსახლეობა და ფატალური შემთხვევა თავიდან რომ ავიცილოთ, არ გამოვრიცხავთ ამ ოჯახების განხილვას სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში, რომლითაც მათი განსახლება მოხდება,“ – ამბობს გამგებელი.

სოფელ კობალთაში მეწყერი 29 მაისს განვითარდა, მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ საუბნო გზა ჩაკეტა. მეწყერი განმეორებით 31 მაისს განვითარდა, რამაც საუბნო გზასთან ერთად შუბნის თემთან დამაკავშირებელი გზაც ჩაკეტა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი