სიახლეები

რატომ გაძვირდა ხორცი ბათუმში

19.08.2014 • 1720
რატომ გაძვირდა ხორცი ბათუმში


რეზო გორგაძე

ბატონო რეზო, ვინ გასცემს დოკუმენტს, რომელიც ბაზარში ხორცის შემოსატანად არის საჭირო?

– პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანებულების თანახმად, სასაკლაოდან წამოსულ ხორცს უნდა ჰქონდეს ფორმა #2 და დამღა. ამიტომ გასაყიდი საქონელი აუცილებლად ამ სასაკლაოზე უნდა დაიკლას. ფორმა #2-ს გასცემს სასაკლაო.  ასეთი სასაკლაოები მუნიციპალიტეტებში მოქმედებს.

–  რატომ მაინცადამაინც ამ კონკრეტულმა სასაკლაომ უნდა გასცეს მათთან ლაბორატორიულად ამოწმებენ ხორცს თუ რაიმე სხვა მიზეზებიც არსებობს?

– როცა ხორცი მოაქვთ, ფორმა #2 ახლავს, მაგრამ მას ჩვენც ვამოწმებთ ადგილზე ლაბორატორიულად. თუმცა მსგავსი დოკუმენტით და სპეციალური დამღით შემოსული ხორცი შეიძლება პირდაპირ გაიყიდოს, ის შემოწმებას აღარ საჭიროებს.

მართალია, რომ ამ წესის ამუშავებამ ბაზარში ხორცის დეფიციტი გამოიწვია?

– ხორცის დეფიციტი მართლაც გამოიწვია, რადგან ქედიდან ვეღარ ჩამოიტანა გლეხმა ხორცი. ხულოში მხოლოდ ღორჯომშია სასაკლაო. წარმოიდგინეთ ხიხაძირის ხეობიდან ღორჯომში სასაკლაოზე ვეღარ აიყვანა გლეხმა საქონელი, რადგან დამატებით თითქმის 40 კილომეტრი უნდა გაიაროს.

პრობლემა იმაშია, რომ მუნიციპალიტეტებში თითო სასაკლაო ფუნქციონირებს, რაც იწვევს პრობლემებს. არის ისეთი შემთხვევები, როცა საქონელი, მაგალითად, გადავარდა, დაგორდა და ხორცი ვარგისიანია, მაგრამ სასაკლაოზე რომ არ არის დაკლული და ფორმა #2 არ აქვს, ვერ მოაქვს ბაზარში. ან თუ მოაქვს, ჩვენ ვერ შევიტანთ, რადგან დეპარტამენტიდან ვართ სასტიკად გაფრთხილებულები.

არ  შეგიძლიათ გამონაკლის შემთხვევებში  ადგილზე შეამოწმოთ ვარგისიანია თუ არა პროდუქტი?

– რა თქმა უნდა, ბაზარში სერტიფიცირებული ექიმები ვმუშაობთ, ამ დრომდე ვამოწმებდით კიდეც, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ ფორმა #2-ის გარეშე ხორცი ბაზარში არ შეიტანოთო.

_ უკვე შემოტანილი ხორცის შენახვის პირობები ნორმებს აკმაყოფილებს?

– დახლ-მაცივრები გვაქვს, აახლებენ ძველებსაც. შეკვეთა გვაქვს მიცემული.

დეფიციტმა ხორცის ფასის გაზრდა გამოიწვიაო ამბობენ, რამდენით გაიზარდა კილოგრამი ხორცის ფასი?

_ დიახ, მართლა გაძვირდა. კილოგრამი რბილი ხორცის ფასი 15-16 ლარია, ძვლიანი ხორცის ფასი კი – 12-13 ლარი.

გადაბეჭდვის წესი