სიახლეები

სახელმძღვანელო ალტერნატიული ბათუმის შესაქმნელად

17.08.2014 • 1435
სახელმძღვანელო ალტერნატიული ბათუმის შესაქმნელად

 

 

„ვორქშოფმა კარგად ჩაიარა, მიუხედავად იმისა რომ თავიდან გვეგონა რთული იქნებოდა და ვერ ვიპოვიდით ალტერნატიულ ბათუმს, რომელსაც ვეძებდით. თუმცა როცა ჯგუფებად დავიყავით და ქუჩებში გავედით სხვა რეალობა დაგვხვდა. მე ძველი ბათუმის ჯგუფში მოვხვდი.  მივხვდით რომ ბევრი ადგილია რომელიც ტრადიციულ ტურისტულ რუკაზე არაა დატანილი. ასეთი კონცეფცია შევიმუშავეთ „ბათუმი შიგნიდან“ –  ანუ ეზოები, სახლები, სახელოსნოები, პატარა მაღაზიები შევა სახელმძღვანელოში,“ – ამბობს სემინარის მონაწილე ლიკა ჩხარტიშვილი.

 

„ამ ოთხ დღეში შევადგინეთ სახელმძღვანელოს სტრუქტურა. გვაქვს მონახაზი თუ როგორი იქნება ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელო და რა მასალები შევა  წიგნში,“  -ამბობს სემინარის კიდევ ერთი მონაწილე თაკო მასალკინი.

 

სემინარი ბათუმის ალტერნატიული რუკის შესაქმნელად „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცემ“ ჩაატარა. როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ მიზანი ტრადიციული რუკების გვერდით, ახალი, ალტერნატიული ბათუმის სახელმძღვანელოს გაჩენაა.

 

„უკვე მოვინიშნეთ ადგილები, რომელიც სახელმძღვანელოში შევა. აგრონომიული ბაზარი, „სტეკლიაშკა“, ბათუმის ლუდის ქარხანა, ფესტივალები რომელიც ბათუმში ტარდება. ეს სია კიდევ გაიზრდება და შეივსება მუშაობის პროცესში. მთავარი სამუშაო ჯერ კიდევ წინაა. გვინდა ადამიანებმა ნახონ ქალაქი, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩის მიღმა მდებარეობს. გვინდა წარმოვაჩინოთ ქალაქი, როგორც ერთიანი დიდი სახლი. ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელიც ისტორიულადაც მიმზიდველს ხდის ბათუმს,“ – ამბობს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ პიარ მენეჯერი ლაშა ფალავანდიშვილი.

 

 სემინარს კატერინა რადჩენკო უძღვებოდა, რომელმაც მსგავსი სახელმძღვანელო ოდესისთვის უკვე გააკეთა. ორგანიზატორები ამბობენ რომ პროდუქტი, რომელსაც შექმნიან იქნება ერთგვარი საინფორმაციო გიდი, ტრადიციულ რუკებზე დატანილი მუზეუმების, პარკების, კულტურული დაწესებულებების ირგვლივ ალტერნატიული სივრცეების აღმოსაჩენად.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი