მთავარი,სიახლეები

კვების რაციონი ბათუმის დელფინარიუმში და გაყიდული ზღვის ლომები

08.06.2017 • 4612
კვების რაციონი ბათუმის დელფინარიუმში და გაყიდული ზღვის ლომები

შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ ზღვის ძუძუმწოვარი ბინადრებისთვის 3,5 ტონა გაყინული თევზის შეძენას გეგმავს ტენდერის გარეშე. ცენტრის ინფორმაციით, ეს აუცილებელია, რათა მარაგის ამოწურვის შედეგად დელფინებისა და სამხრეთ-ამერიკული ზღვის ლომების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს ვითარება გამოიწვია იმან, რომ გაყინული თევზის შესყიდვაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. ტენდერებს თევზის შესყიდვაზე ორგანიზაცია ეტაპობრივად აცხადებს. დელფინებისა და ზღვის ლომების საკვებად ორგანიზაცია გაყინულ თევზს ყიდულობს [მოივა; სტავრიდა; ქაშაყი; შპროტი; ხეკი; სკუმბრია]. „ყველა დასახელებული თევზი არის ურთიერთშემცვლელი და გამოსადეგია შემსყიდველი ორგანიზაციის ზღვის ძუძუმწოვართა საკვებად“, – აცხადებენ „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში“.

შესყიდვების სააგენტომ  პასუხი კვლევით ცენტრს 13 ივნისამდე უნდა გასცეს.

3500 კგ გაყინული თევზი, ორგანიზაციის ინფორმაციით, 17 დღის საკვები მარაგია. ეს ის მინიმალური რაოდენობაა, რომელიც საჭიროა ბათუმის დელფინარიუმის ბინადარი დელფინებისა და ზღვის ლომების გამოსაკვებად, მიმდინარე 2 ტენდერიდან ერთ-ერთის დასრულებამდე.

„შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს“ ამ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებული აქვს 10 ტონა გაყინული სელდის შეძენაზე [სატენდერო თანხა 48 ათასი ლარი] და ასევე 10 ტონა გაყინულ მოივას შეძენაზე – საწყისი ღირებულება 29 ათასი ლარი.

ბათუმის დელფინარიუმში დელფინებსა და ზღვის ლომებს საკვებად დღეში 205 კგ გაყინული თევზი სჭირდებათ.

დელფინებისა და ზღვის ლომების სახელები და მათთვის თევზის დღიური ნორმა

დელფინარიუმში დღეს 4 ზღვის ლომია. მათი დღიური კვების [თევზის] რაციონი კი ჯამში 49 კგ-ია. რაც შეეხება დელფინებს, 17 დელფინის კვების დღიური რაციონი 156 კგ-ია.

racionn 1

2017 წლის 14 აპრილის მდგომარეობით / წყარო: შპს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

„შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ინფორმაციით, 2017 წლის მაისის თვიდან რაციონში შევიდა ცვლილებები, რაც გამოწვეულია სამხრეთ აფრიკული ზღვის ლომის 5 ნაშიერის გაყიდვით. შესაბამისად, ზღვის ლომების დღიური რაციონი შემცირდა 49 კილოგრამამდე.

აუქციონზე გაყიდული ზღვის ლომები

„შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა“ მის საკუთრებაში არსებული, ადგილზე დაბადებული 5 სული ზღვის ლომი [OTARIA FLAVESCENS] აუქციონზე 101 ათას ევროდ [292 ათას 304 ლარი და 10 თეთრი] გაყიდა. აუქციონი მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა.

აუქციონზე გაიყიდა:

[crosslist]

  • ზღვის ლომი „პელე“- სქესი მამრობითი; დაბადების თარიღი:22.07.2015 წელი; წონა  39 კილოგრამი;
  • ზღვის ლომი „გიგი“ -სქესი მამრობითი; დაბადების თარიღი:11.07.2013  წელი; წონა  80 კილოგრამი;
  • ზღვის ლომი „ჯონი“ -სქესი მამრობითი; დაბადების თარიღი:21.07.2015  წელი; წონა  30 კილოგრამი;
  • ზღვის ლომი „გუდუ“– სქესი მამრობითი; დაბადების თარიღი:19.07.2012  წელი; წონა  110 კილოგრამი;
  • ზღვის ლომი „სოსო“– სქესი მამრობითი; დაბადების თარიღი: 28.07.2014  წელი; წონა  64,9 კილოგრამი.

[/crosslist]

download (1)ზღვის ლომები, როგორც ბათუმის დელფინარიუმში გვითხრეს, რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხარეში მდებარე გელენჯიკის დელფინარიუმმა შეიძინა. დელფინარიუმში ისიც გვითხრეს, რომ სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომი წითელ წიგნში არ არის შეტანილი და ამასთან 5 და მეტი მამალი ზღვის ლომის ერთად გაჩერება უკვე საშიში იყო. დელფინარიუმში ამბობენ, რომ ზღვის ლომები კიდევ გამრავლდებიან.

რაც შეეხება დელფინებს, მათი არც გაყიდვა შეიძლება და არც გამრავლება შექმნის პრობლემას – ამბობენ ბათუმის დელფინარიუმში.

ბათუმის დელფინარიუმში დელფინების შოუ – ყოველდღე [ორშაბათის გარდა] 16:00 საათზე იმართება და ბილეთის ფასი – 15 ლარია.

შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ 100%-წილის მფლობელი, შესაბამისად, ბათუმის დელფინარიუმის მესაკუთრე ქალაქ ბათუმის მერიაა.

45255

ბათუმის დელფინარიუმი / ფოტო დელფინარიუმის ფეისბუქგვერდიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: