მთავარი,სიახლეები

შსს მღებრიშვილის და მისი მოადგილეების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ისევ მალავს

08.06.2017 • 3571
შსს მღებრიშვილის და მისი მოადგილეების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ისევ მალავს

რა ოდენობის პრემიებს იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები – ამ ინფორმაციას უწყება ისევ მალავს. ანალოგიური შინაარსის ინფორმაციის გაცემა შს სამინისტროს საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დაავალდებულა, თუმცა ეს სულაც არ უშლის უწყებას ხელს, კვლავაც დაარღვიოს კანონი.

2017 წლის 16 იანვარს „ბათუმელების“ მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციას, ნაცვლად კანონით განსაზღვრული 10 სამუშაო დღისა, შსს-მ 6-თვიანი დაგვიანებით უპასუხა, თანაც მხოლოდ ერთი ციფრი მოგვაწოდა და გვითხრა, რომ პრემიების რაოდენობა გასულ წელს ჯამში 12 მილიონ 161 236 ლარი იყო.

რატომ მალავს უწყება პრემიების შესახებ ინფორმაციას? – რა თქმა უნდა, უწყებაში ამ კითხვაზე პასუხი  არასდროს არ გაუციათ. სავარაუდო პასუხები შეიძლება ვიპოვოთ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ზურაბ გამეზარდაშვილის 2016 წლის შემოსავლების შესწავლის გზით. გიორგი მღებრიშვილის მოადგილეს, შარშან, ყოველთვიურად თვეში საშუალოდ 14026 ლარი აქვს აღებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონს არღვევს, რადგან პრემიების შესახებ ინფორმაცია თანამდებობის პირებზე არის საჯარო“, – მიიჩნევს ნინო ცუხიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი განმარტებით, უწყებას მხოლოდ იმ საჯარო მოხელეების პრემიებზე შეიძლება გასცეს დაჯამებული მონაცემი, ვინც თანამდებობას არ იკავებს.

იურისტის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ ის ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც ნებისმიერმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო ინფორმაცია დაინტერესებულ პირს მაქსიმუმ 10 დღეში უნდა მიაწოდოს.

ანალოგიურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ბათუმელები“ 2013 წელსაც ითხოვდა, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი. მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სამართლებრივი მხარდაჭერით „ბათუმელების“ სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ უზენაესმა სასამართლომაც დაავალდებულა შს სამინისტროს ინფორმაციის გაცემა.

მიუხედავად ამ გამოცდილებისა, შს სამინისტრო მაინც მალავს უწყებაში დასაქმებული თანამდებობის პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას.

shssssss

გადაბეჭდვის წესი


ასევე: