მთავარი,სიახლეები

უმაღლესმა საბჭომ მაისში ტონანახევრით მეტი საწვავი დახარჯა, ვიდრე თებერვალში

08.06.2017 • 2125
უმაღლესმა საბჭომ მაისში ტონანახევრით მეტი საწვავი დახარჯა, ვიდრე თებერვალში

აჭარის უმაღლესმა საბჭომ წელს ყველაზე მეტი საწვავი მაისის თვეში გახარჯა – 6013,48 ლიტრი [შედარებისთვის: თებერვლის თვის ხარჯი იყო 4580,07 ლიტრი, აპრილის თვის კი – 5624,48 ლიტრი]. მიუხედავად იმისა, რომ 11-12 მარტის აქციის დროს ბათუმში უმაღლესი საბჭოს ერთი ავტომანქანა დაიწვა, საწვავის ხარჯზე ეს არ ასახულა.

უმაღლეს საბჭოს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ზაზა ოქუაშვილმა BMW X1-ის მარკის ავტომობილი გადასცა. როგორც მან განმარტა, ავტომობილი კონკრეტულად დეპუტატ ცოტნე ანანიძის საჩუქარი იყო.

ავტომანქანა, რომელიც მარტის აქციის დროს დაიწვა ცოტნე ანანიძეს ემსახურებოდა. მიუხედავად ამისა, ცოტნე ანაიძეს ავტომანქანა მაინც ემსახურებოდა [სახ/ნომ: MAL 977]. შესაბამისად, დეპუტატი მისთვის გამოყოფილი საწევავის ლიმიტითაც სარგებლობდა, საიდანაც მარტის თვეში გახარჯა – 247 ლიტრი საწვავი, აპრილში – 282,98 ლიტრი, ხოლო მაისში – 218 ლიტრი.

მაისის თვის მონაცემებით ყველაზე მეტ საწვავს კვლავ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ხარჯავს. თავმჯდომარეს 2 ავტომანქანა ემსახურება და მათზე გაცემულმა საწვავის რაოდენობამ მაისში 799,98 ლიტრი შეადგინა.

თავმჯდომარის შემდეგ ყველაზე მეტი საწვავი მაისის თვეში გახარჯული აქვს ვლადიმერ მგალობლიშვილს – 400 ლიტრი. თითქმის ამდენივე საწვავი აქვთ გახარჯული: ელგუჯა ბაგრატიონს – 399,99 ლიტრი, დავით ბაციკაძეს და ილია ვერძაძეს – თითოეულს 399,98 ლიტრი, ვახტანგ წულაძეს – 399,87 ლიტრი.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი საწვავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის გახარჯული ჰქონდა დავით ბაციკაძეს, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ ხელმძღვანელს.

„გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – გვითხრა გასულ თვეში დეპუტატმა. მისი განმარტებით, ავტომანქანას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რაც გვიან დაფიქსირდა და შემდეგ თვეებში ამ რაოდენობის საწვავს აღარ დახარჯავდა: „სულ ვამბობდი, რატომ იხარჯება ამდენი-მეთქი და მპასუხობდნენ, რომ ძველია მანქანა და ამიტომ ხდებაო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ გასდიოდა.“

მიუხედავად დეპუტატის ამ განცხადებისა, იგივე ავტომანქანამ, რომელიც დავით ბაციკაძეს ემსახურება, მაისის თვეში არათუ ნაკლები, პირიქით ოდნავ მეტიც კი დახარჯა: 399.93 ლიტრი აპრილის თვეში, 399,98 ლიტრი მაისის თვეში.

„ბათუმელები“ დავით ბაციკაძეს ამჯერადაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ავტომანქანა, რომელიც მას ემსახურება შეკეთდა, თუმცა მაისში საწვავის ხარჯის ოდენობას დეპუტატი იმით ხსნის, რომ იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში:  „ქუთაისში ვიყავი ოთხჯერ, ხოლო თბილისში სამჯერ…  მიმდინარე თვის ბოლოს მოიკითხეთ და ნახეთ რამდენი იქნება ხარჯი“.

გარდა იმ ავტომანქანებისა, რომლებიც დეპუტატებს პერსონალურად ემსახურება, უმაღლეს საბჭოში 4 მორიგე ავტომანქანაზე მაისის თვეში გაცემულია 1355,99 ლიტრი საწვავი.

sawvavi

გადაბეჭდვის წესი


ასევე: