მთავარი,სიახლეები

საია „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის

07.06.2017 • 2625
საია „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის

საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შპს „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის. შესაბამისი სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს საია უახლოეს დღეებში მიმართავს. სარჩელის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის მიღება იქნება, რაზეც „ბათუმის წყალმა“ უარი თქვა იმ მოტივით, რომ იგი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და არ ახორციელებს საჯარო სამართლის უფლებამოსილებას.

შპს „ბათუმის წყალი“ ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და 100 პროცენტიან წილს მერია ფლობს. საკუთარი შემოსავლების გარდა, „ბათუმის წყალი“ ფინანსდება ბიუჯეტიდანაც. 2017 წელს შპს „ბათუმის წყლისთვის“ ბათუმის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია 10 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.

„ჩვენი შეფასებით ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან „ბათუმის წყალი“ საჯარო დაწესებულებაა და იგი ზუსტად საჯარო მიზნების განსახორციელებლად არის დაფუძნებული,“ – ამბობს მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მირზა მამულაძეს მოლოდინი აქვს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა სხვა ორგანიზაციებშიც შეიცვლება, სადაც აქამდე უარს ამბობდნენ ინფორმაციის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ ისინი შპს-ს წარმოადგენენ და მათზე „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ არ ვრცელდება.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ ქნება პრეცედენტული ძალა, მაგრამ თუკი ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება, ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება სხვა ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც საჯარო უფლებამოსილებას ახორციელებენ და ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს,“ – განმარტავს მირზა მამულაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: