მთავარი,სიახლეები

“ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

07.06.2017 • 1915
“ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ხეების გადარგვის დროს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონის და რევაზ ხარაზის დაუყონებლივ გათავისუფლებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს. ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია “ნაციონალური მოძრაობიდან”, რევაზ ხარაზი კი, ამავე პარტიის წევრი. ისინი ჩაქვში გუშინ ღამით დააკავეს.

“ელგუჯა არის უმაღლესი საბჭოს წევრი და მისი ვალდებულება სწორედ ის იყო, მოეთხოვა ნებართვა, რის საფუძველზე გადაჰქონდათ ხეები უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიიდან, იქ სხვა ხეებიც გაჩეხეს,” – ამბობს მირდატ ქამადაძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი.

მირდატ ქამადაძემ სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე სხვა მოთხოვნებიც გააჟღერა: გარემოსთვის ზიანის მიყენების შეწყვეტა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან ხეების გადატანის შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა.

“გარდა ამისა, მოვითხოვთ, იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც ელგუჯა ბაგრატიონი ასევე ხეების გადატანის დროს უკვე მესამედ დააკავა. გაითვალისწინეთ, რომ წინა დაკავების შემთხვევაში, ელგუჯა ბაგრატიონი სასამართლომ გაამართლა, ერთხელ – შენიშვნა მისცა,” – ამბობს მირდატ ქამადაძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე ელგუჯა ბაგრატიონისა და რევაზ ხარაზის სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევას დღეს, 7 ივნისს, განიხილავს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: