სიახლეები

პროკურატურას სასამართლოში უჩივიან

12.08.2014 • 1619
პროკურატურას სასამართლოში უჩივიან

 

ბრალდებისა და გირაოსთვის დაყადაღებული სახლები

 

ქეთევან ბ-ი ბათუმში ნოტარიუსად მუშაობდა 2004 წლიდან 2006 წლამდე. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ყოველწლიური შემოსავალი 38 ათას ლარს აღემატებოდა. 2007 წელს, პროკურორ დიმიტრი ფაღავას წარდგენილი ბრალდებით, ნოტარიუსი თაღლითობისთვის დააპატიმრეს.

 

პატიმრობიდან ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი ბრალი მის ქმარს, ბიძინა ღ.-ს წარუდგინეს, მასაც თაღლითობაში თანამონაწილეობას ედავებოდნენ. სწორედ ამ ბრალდების გამო ბრალდებულებმა ნათესავების ქონება, ორი ბინა ბათუმში იპოთეკით დატვირთეს. ისინი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

2013 წელს სასამართლომ ცოლ-ქმარი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა სწორედ ამ დროს კიდევ ახალი ბრალდება წარუდგინეს ნოტარიუსის ქმარს და ისევ დააპატიმრეს. პირველი ბრალდების დროს იპოთეკით დატვირთულ ორ უძრავ ქონებაზე ყადაღა დღემდე არ მოხსნილა. სააღსრულებო ბიურომ ის ყოველ დღე შეიძლება გაყიდოს. ახლა მოსარჩელეების მთავარი მოთხოვნა ამ სახლებზე ყადაღის მოხსნაა.

ვინ უნდა გადაიხადოს კომპენსაცია?

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ კომპენსაცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა გადაიხადოს, თუმცა, სარჩელში მოპასუხე მხარედ ფინანსთა სამინისტროც მიუთითეს. სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ უწყება მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციის გაცემაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც შეეხება ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას, პროკურორის განმარტებით, ეს მათი პრეროგატივა არ არის.
საქმეში მხარედ ქონების მართვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროც არიან ჩართულები. მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ საქართველოში სულ 11 საქმეა, როცა გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემდეგ ბრალდებული სახელმწიფოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას სასამართლოს გზით სთხოვს.

ზიანის ანაზღაურებისა და ქონების დაბრუნების მოთხოვნა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეაბილიტაციას, კომპენსაციის სახით თანხის ანაზღაურებასა და ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვს ქეთევანიც. „სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელ განაჩენთან ერთად უნდა მომხდარიყო ამ პირის მიმართ სრული რეაბილიტაცია, უნდა დაბრუნებოდა ყველა ის ქონება და ქონებრივი უფლება, რომელიც მას სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე ან შეუჩერდა, ან ჩამოერთვა. ჩვენ პირველი ინსტანციის დონეზე, აპელაციის დონეზეც ვცადეთ, რომ ეს კონკრეტული საკითხი ქონებასთან მიმართებაში სისხლის სამართლის საპროცესო წესით მოგვეგვარებინა, მაგრამ რადგანაც სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, არ განიხილა არც ერთმა ინსტანციამ ჩვენი საჩივარი ქონების ნაწილში. ამიტომ სასამართლოში წამოვედით ახლა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით“, _ ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

 

ქეთევან ბ-ი სახელმწიფოს მორალური და მატერიალური ზიანის სახით 200 ათასი ლარის გადახდას და გირაოსთვის დაყადაღებულ სახლებზე იპოთეკის მოხსნას სასამართლოს სთხოვს. მხარეებს მორიგებისთვის მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სამკვირიანი ვადა მისცა, თუ ამ პერიოდში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო საქმეს არსებითად განიხილავს. „მე ასი ათას ლარად მთავაზობდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, მერე პროკურატურა ორი ათას ლარზე ჩამოვიდა. ვერ ვაღიარებდი იმას, რაშიც უდანაშაულო ვიყავი“, _ თქვა სასამართლოზე მოსარჩელემ, რომელსაც 6 წლის განმავლობაში სამსახურებრივი უფლებამოსილებაც შეუჩერეს.
მთავარ პროკურატურაში პასუხს არ სცემენ კითხვას, სულ რამდენი ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი იმ პირების მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ვინც უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.

 

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დარღვეულია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) კი გამორიცხავს გამართლებული პირის მიერ საქმის გასაჩივრებას, ამიტომაც უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (546-ე მუხლი და 518-ე მუხლის პირველი ნაწილი) კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამოა. იმსჯელებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს წარდგენილ განცხადებაზე, ჯერ უცნობია. საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

გადაბეჭდვის წესი