აჭარის პოლიციის ავტომანქანები ტექნიკური მომსახურების გარეშე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი თავის ბალანსზე არსებულ SHKODA-ს, TOYOTA-ს, ასევე სხვადასხვა მარკის [HYUNDAI, MITSUBISHI, NISSAN] ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე დროებითი ხელშეკრულების გაფორმებას ტენდერის გარეშე ითხოვს.

„გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი მოძველებულია, ამასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგ შემთხვევაში გადაადგილება უხდებათ რთულ რელიეფურ მიდამოებში, რის გამოც აუცილებელია მათი სისტემატიური ტექნიკური მომსახურება. ამასთან, შპს „მათემოტორსის“ მიერ დაგვიანებით ხდებოდა ტექნიკური მომსახურების გაწევა, რამაც გამოიწვია მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაგროვება და საჭიროებს დაუყოვნებლივ რემონტს“, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2017 წლის 24 იანვარს შპს „მათემოტორსთან“ გაფორმდა სამი ხელშეკრულება შესაბამისი ელექტრონული ტენდერების საფუძველზე: „მიმწოდებლის არაერთი წერილობითი გაფრთხილებისა, არ ახორციელებდა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი, ხარისხიანი და კეთილსინდისიერი შესრულება, ასევე სისტემატიურად არღვევდა მომსახურების გაწევისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებს. ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, 2017 წლის 8 მაისს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეწყდა“.

რამდენიმე დღით ადრე, 2017 წლის 18 აპრილს, ავტომობილების ტექმომსახურებაზე „მათემოტორსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. ხელშეკრულებების შეწყვეტის მიზეზები, როგორც სამინისტროს, ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შემთხვევაში, იდენტურია.

ხელშეკრულებების შეწყვეტამდე, 2017 წლის 5 მარტს, სამართალდამცავებმა „მათემოტორსის“ მფლობელი ბიზნესმენი გელა ბარკალაია დააკავეს. მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი.

არის თუ არა ავტომანქანების საკმარისი რაოდენობა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, რამდენი ავტომანქანა იყო გასარემონტებელი და რატომ ვერ ხერხდებოდა დროულად შეკეთება? – ამ კითხვებზე შსს-დან ორი თვის წინ პასუხი ვერ მივიღეთ.

„მათემოტორსთან“ ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ შსს-მ კომპანიას ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დააკისრა ჯარიმა – 139 ათასი ლარი.

„მათემოტორსისგან“, ასევე ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის, ჯარიმის – 37 200 ლარის გადახდას ითხოვს აჭარის პოლიციის დეპარტამენტიც.

ტექმომსახურებაზე ხელახალი ტენდერის გამოცხადებამდე აჭარის პოლიციის დეპარტამენტი ითხოვს „კრიტიკულად აუცილებელი ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ხელშეკრულება გაფორმდეს გამარტივებული შესყიდვით. შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებები სატენდერო პროცედურების დასრულებისთანავე შეწყდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვითარების აღმოფხვრისთვის საჭირო ვადა შეადგენს 45 დღეს“.

შესყიდვების სააგენტომ პოლიციის დეპარტამენტს 9 ივნისამდე უნდა უპასუხოს.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მომსახურებაზე ტენდერის გარეშე გასაფორმებელ ხელშეკრულებაში „საჭირო თანხის წინასწარ განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ დროებითი ხელშეკრულების ფარგლებში მოხდება მხოლოდ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საჭიროებენ კრიტიკულად აუცილებელ ტექნიკურ მომსახურებას“.

„რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?“ – შესყიდვების გვერდზე ამ კითხვის გრაფაში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს პასუხად მითითებული აქვს, რომ „გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამო, რიგი ქვედანაყოფები და რაიონული სამმართველოები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებული მოვალეობას სრულყოფილად“.


„აჭარის პოლიციის დეპარტამენტზე მიყენებული ზიანის საერთო ოდენობა შეადგენს 67 ათას 261 ლარსა და 55 თეთრს,“ – ვკითხულობთ ქეთევან ემირიძის ჩვენებაში. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია და ბათუმში, 11-12 მარტის აქციაზე დამწვარი ავტომანქანების შესახებ აწვდის ინფორმაციას პროკურატურას. ჩვენებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი 4 ავტომანქანა დაიწვა და „მათი აღდგენა მიზანშეუწონელია“. ექსპერტიზის დასკვნის მიხევით, ამავე უწყების კიდევ 5 მანქანა დაზიანდა, თუმცა მათი აღდგენა შესაძლებელია.

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com