სამინისტრო: პატიმრების მონახულების ნებართვისთვის უმაღლესმა საბჭომ ხელახლა უნდა მოგვმართოს

რატომ ვერ მიიღო უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ  რამდენიმე თვის მანძილზე, პენიტენციალურ დაწესებულებაში შეცვლის ნებართვა? – ამის თაობაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტებას „ბათუმელებთან“ აკეთებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს კიდევ ერთხელ უნდა მიმართოს წერილობით, „რადგან წერილში არ იყო მხოლოდ ცოტნე ანანიძეზე საუბარი, უმაღლესი  საბჭოს სხვა წევრებზეც ითხოვდა ნებართვას. გამომდინარე იქედან, რომ ნებართვის მიღებას თავისი წესი აქვს, ამიტომ დავით გაბაიძემ წერილობითი მიმართვა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან დაკავშირებით უნდა გააკეთოს“- აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

სამინისტროს წერილობითი განმარტება კი ასეთია:

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ საქართველოს პრეზიდენტი; პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრები; პრემიერ-მინისტრი; პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები; სახალხო დამცველი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები; სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები არ შედიან იმ პირთა წრეში, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აქვთ.

პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, მინისტრი, გასულ წლებში, სპეციალური ნებართვის გარეშე პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის უფლებას გამონაკლისის სახით გასცემდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან ანალოგიური ნებართვის მიღების შესახებ მომართვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მიმდინარე წლის დასაწყისშიც შემოვიდა. საკითხის ირგვლივ შედგა კომუნიკაცია შესაბამის პირებთან და გაიმართა კონსულტაციები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ სიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, საბჭოს კიდევ რამდენიმე დეპუტატიც შედიოდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება შეიძლება მიენიჭოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ასევე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს შესაბამისი დასაბუთებისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე.

გამომდინარე იქიდან, რომ პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, უწყება გამონაკლისის სახით, კიდევ ერთხელ სთავაზობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს, წარუდგინოს სამინისტროს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის ნებართვის მიღების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის კანდიდატურა.

საკითხი განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ეცნობება“ – ნათქვამია წერილობით კომენტარში.

ცოტნე ანანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ პენიტეციალურ დაწესებულებაში შესვლის ნებართვის მისაღებად უმაღლესმა საბჭომ სამინისტროს გასულ წელს მიმართა, თუმცა ნებართვა ამ დრომდე არ მიუღია.

პატიმრები ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილით დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში არსებობს სამედიცინო მომსახურების, ასევე ბრალდებულების შემთხვევაში – თარჯიმნისა და უფასო იურიდიული დახმარების მიღების პრობლემები. წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ისინი ვერ ახერხებენ ცოტნე ანანიძესთან შეხვედრას.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com