ვაჟა-ფშაველას 13-ში დანგრეული ძეგლი კომპანიამ არ აღადგინა – ორი სასამართლო დავა

„თუ ძეგლის სტატუსი აღარ ექნება ვაჟა-ფშაველას 13-ს, მაშინ ეს დავაც აბსურდული გახდება,“ – მიმართა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს კომპანია „სლავა 2015“-ის იურისტმა, თამარ კახიძემ. აჭარის კულტურული მემკვდრეობის დაცვის სააგენტო ამჯერად კომპანიის დაჯარიმებას 10 ათასი ლარით  იმის გამო ითხოვს, რომ უნებართვოდ დანგრეული ძეგლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ მომხდარა. თბილისის საქალაქო სასამართლო კი მსჯელობს, კანონიერად მიანიჭეს თუ არა ისტორიულ სახლს ძეგლის სტატუსი. საუბარია ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებულ სახლზე, რომელიც კომპანია „სლავა 2015-“მა 2015 წლის ბოლოს უნებართვოდ დაანგრია.

სასამართლო სხდომას ესწრებოდა კომპანიის ხელმძღვანელი მურმან ჯინჭარაძეც. მისი თქმით, ბათუმის სასამართლომ ეს დავა მას შემდეგ უნდა განიხილოს, როცა თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტს – კანონიერად მიანიჭეს თუ არა ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი 2015 წლის 7 ივლისს. სტატუსის მინიჭებას ამხანაგობა ასაჩივრებს, ის ოჯახები, რომლებიც ვაჟა-ფშაველას 13-ში ცხოვრობდნენ.

კომპანია „სლავა 2015“-ის დირექტორმა, მურმან ჯინჭარაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ამ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო 30 ივნისს გადაწყვეტს [სტატუსის მინიჭების კანონიერებას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, რადგან სახლს ძეგლის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მიანიჭა, რომლის იურიდიული მისამართია თბილისშია].

„მაშინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ სასამართლო განხილვის შესახებ, რაც სტატუსს შეეხება,“ – უთხრა კომპანიის ხელმძღვანელს მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა. მან დასაშვებ მტკიცებულებად მიიღო ფოტომასალა, რაც კომპანიამ დღევანდელ პროცესზე წარმოადგინა ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით.

„მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. უბრალოდ კომპანია ვადაში ვერ ჩაეტია… თან მოგეხსნებათ, ხანგრძლივი ზამთარი იყო,“ – თქვა კომპანია „სლავა 2015“-ის იურისტმა თამარ კახიძემ. ნათქვამის საილუსტრაციოდ მან ფოტოები აჩვენა მოსამართლეს, რომელიც ვაჟა-ფშაველას და კლდიაშვილის დაზიანებული ქუჩების აღდგენას ასახავს და არა – შენობის.

„ჩვენ გასული წლის 23 მაისს მივმართეთ კომპანიას გაფრთხილების წერილით და მოვთხოვეთ ძეგლის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ამისთვის გონივრული ვადა განისაზღვრა – 8 თვე. კომპანიას უნდა წარმოედგინა პროექტი აღდგენაზე, მაგრამ არ წარმოუდგენია. ამის შემდეგ შედგა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათ ოქმი და მოვითხოვეთ მისი დაჯარიმება. თუ კომპანია ისევ არ აღადგენს ძეგლს,  6 თვის გავლის შემდეგ იგი ჯარიმის  სამმაგი ოდენობით დაჯარიმდება,“ – განმარტავს მირზა ცეცხლაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი.

კომპანია „სლავა 2015“ ერთხელ უკვე დაჯარიმდა 10 ათასი ლარით უნებართვოდ შენობის დანგრევის გამო.

სააგენტოს წარმომადგენელს ასევე ვკითხეთ, რა ბედი ელის ვაჟა-ფშაველას 13-ს, თუკი მუდმივად კომპანია ჯარიმებს გადაიხდის და არ აღადგენს ძეგლს პირვანდელი მდგომარეობაში? – მირზა ცეცხლაძე არ გამორიცხავს, რომ მსგავს სიტუაციაში, ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ აღადგინოს ძეგლი, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს საკითხი არ განიხილება.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი თბილისის საქალაქო სასამართლო ვაჟა-ფშაველას 13-ს ძეგლის სტატუსს გაუუქმებს? – „ამ შემთხვევაში ძეგლის სამართლებრივი დაცვის რეჟიმი აღარ იარსებებს და ჩვენი უფლებამოსილება აქ დამთავრდება,“ – გვიპასუხა მირზა ცეცხლაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა.

ვაჟა-ფშაველას 13-ში ძეგლის უკანონო დანგრევაზე დაწყებულია გამოძიებაც, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

 

IMG_20170605_150616

IMG_20170605_150558

 

ამავე თემაზე:

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი